Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააჩქარებს თუ არა "ხავერდოვანი რევოლუცია" შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესს?


მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ძირითად პოსტებს უკვე თითქმის მთლიანად "ხავერდოვანი რევოლუციის" შემოქმედები აკონტროლებენ,

გარდამავალ ხელისუფლებას არ ასვენებს მღელვარების საშიშროება, რასაც პერმანენტულად უქმნის არარეფორმირებული სამხედრო ძალები ქვეყნის სტაბილურობას. ამ თვალსაზრისით, ყველაზე არასაიმედოა შეიარაღებული ძალები, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ძველი, საველე მეთაურების ინსტიტუტისთვის დამახასიათებელი ურთიერთობები და საზოგადოებისგან იზოლირების ინსტინქტი.

23 ნოემბრის შემდეგ საქართველოს სამხედრო ძალებში მცირე ხნით ორხელისუფლებიანობა დამყარდა. რამდენიმე სამხედრო ნაწილის მეთაური, რომელიც "ხავერდოვანი რევოლუციის" დღეებში ოპოზიციას მიემხრო, ინერციით უარს ამბობდა შეესრულებინა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება. მეთაურების ნაწილი კი უარს ამბობდა დამორჩილებოდა გარდამავალ ხელისუფლებას, თუ იგი გენერალ-ლეიტენანტ დავით თევზაძეს მინისტრის პოსტიდან გადააყენებდა. ნიშანდობლივია, რომ ახალ რეალობასთან შეგუება სრულიად უმტკივნეულოდ მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იმისდა მიუხედავად, რომ ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი გამოკვეთილად უპირისპირდებოდა სააკაშვილ-ბურჯანაძე-ჟვანიას ტრიუმვირატს. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ "ხავერდოვანი რევოლუციის" წინააღმდეგობის ციტადელად სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო იქცეოდა. ასეთ პარადოქსულ ვითარებას სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, სამხედრო ექსპერტი ნიკა ჯანჯღავა იმით ხსნის, რომ სამხედრო დისციპლინაზე აგებული სუბორდინაციის ფუნქციას არმიაში პარტიზანულ-კლანური ურთიერთობები ცვლის.

[ნიკოლოზ ჯანჯღავას ხმა] "ჩვენი ჯარი ჯერჯერობით შექმნილია პარტიზანულ-ფეოდალური პრინციპით. ანუ მეთაური არის ლოკალური ფეოდალი, რომელსაც აქვს რეალურად ძალა, ხელისუფლება და რომელიც არ ემორჩილება ცენტრალურ ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში, გენერალურ შტაბს, თავისი არაპროფესიონალობიდან და კორუმპირებულობიდან გამომდინარე. ამ კორუფციულმა ჯაჭვებმა შექმნეს ის, რომ თავდაცვის სამინისტრო, ფაქტობრივად, არის დაქუცმაცებული."

მაგრამ ეს პარტიზანულ-ფეოდალური ურთიერთობები სამხედრო ძალებში, სულ მცირე, 40 დღე, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე, არ შეიცვლება. თუმცა, პოლიტოლოგ დავით დარჩიაშვილის თქმით, ამთავითვე საჭიროა იმ გეგმის შემუშავება, რომლის მიხედვითაც შეიარაღებულ ძალებში გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ უნდა განხორციელდეს რეფორმები.

[დავით დარჩიაშვილის ხმა] "თავდაცვის სამინისტროში, მართლაც, სამოქალაქო მინისტრია დასანიშნი. იქ უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, უნდა დალაგდეს საბიუჯეტო საკითხები. გასაგებია, რომ ობიექტური სირთულე ბიუჯეტის სიმწირეა, მაგრამ ასევე გასაგებია, რომ სუბიექტური სირთულეა იმ ბიუჯეტის არაგამჭვირვალედ და ქაოტურად ხარჯვა. ასევე კადრების საკითხია გასარკვევი - ვინ არის მეთაური, ვინ არის ოფიცერი და რატომ არის გენერლების ასეთი რაოდენობა."

და არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. ხავერდოვანი ორი კვირის წინ საქართველოში სამხედრო გაწვევის კამპანია დაიწყო. თუმცა "ხავერდოვან რევოლუციას" სამხედრო გაწვევაზე ჯერჯერობით სასიკეთო გავლენა არ მოუხდენია: წვევამდელები გასაწვევ უბნებზე მისვლას კვლავინდებურად თავს არიდებენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG