Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ აფრთხილებენ ექსპერტები დროებით ხელისუფლებას?


ცნობილი ექსპერტები დროებით ხელისუფლებას სპეციალური განცხადებით მიმარავენ და შეახსენებენ, რომ მმართველი კადრების შერჩევისას მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს.

საგულისხმოა, რომ ამგვარი ქმედების აუცილებლობას განცხადებაზე ხელმომწერები საკადრო პოლიტიკაში უკვე გამომჟღავნებული არასასურველი სიმპტომებით ხსნიან.

"მივმართავთ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და მოვუწოდებთ: განუხრელად უერთგულონ მათ მიერ გაცხადებული საკადრო პოლიტიკის ძირეულ პრინციპებს და მმართველი კადრები შეარჩიონ არა პიროვნული ერთგულებისა და ახლობლობის, არამედ მაღალი პროფესიონალიზმისა და წესიერების ნიშნით. ქვეყნისთვის დამღუპველად და, შესაბამისად, კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია საქართველოს ეკონომიკის მართვის სადავეების იმ პირებისთვის მინდობა, ვისმა არაკომპეტენტურმა მმართველობამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა არსებული უმძიმესი კრიზისული ვითარება" - აი, რა წერია განცხადებაში, რომელსაც არამხოლოდ ეკონომიკური დარგის ექსპერტები აწერენ ხელს.

ჯერჯერობით აქცენტი ახლადდანიშნულ ფინანსთა მინისტრზე ზურაბ ნოღაიდელზე კეთდება, რომელიც ერთხელ უკვე იყო ამ პოსტზე. რა დასამალია და, არაეკონომისტი ნოღაიდელის სახელი საქართველოს აყვავებასთან ნამდვილად არ ასოცირდება. როგორც ჩანს, ექსპერტები მისთვის ფიზიკოსობის პატიებას არც ამჯერად აპირებენ.

მაგალითად, ეკონომისტი ნიკო ორველაშვილი (რომელიც ხელისუფალთა გამაფრთხილებელ განცხადებას აწერს ხელს) ნოღაიდელის პროფესიას მის სამართავ დართან შეუთავსებლად მიიჩნევს და პასუხის შემცველ შეკითხვას სვამს:

(ორველაშვილის ხმა) "თქვენ რა გირჩევნიათ, - ქირურგიული ოპერაცია ქირურგმა ჩაგიტაროთ, თუ ყასაბმა?! რატომ გგონიათ ეკონომიკა უფრო ამტანი?! ეკონომიკა ნამდვილად არ არის სათამაშო".

ორველაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს წარსული ხელისუფლება ეკონომიკას სწორედ სათამაშოდ აღიქვამდა და დამღუპველი იქნება, თუკი მას აწმყო ხელისუფლებაც სათამაშოდ ჩათვლის. ნოღაიდელის გარშემო ძლიერი ეკონომიკური გუნდის შექმნა ორველაშვილს ვერ წარმოუდგენია და ყველაზე მეტად სწორედ ამაზე წყდება გული. ის დარწმუნებულია, რომ მთელი უბედურება, რაც აქამდე დავიწიეთ, მმართველი ეკონომიკური გუნდის არარსებობის ბრალია.

სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი ნიკო მელიქაძე ასევე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს არაპროფესიონალიზმი ღუპავს და გამაფრთხილებელ განცხადებაზეც სწორედ ამიტომ აწერს ხელს. სხვათა შორის, მელიქაძე პროფესიონალიზმისადმი გულგრილობას აწ გადამდგარი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს შეცდომად მიიჩნევს და შიშობს, რომ ამჟამინდელსაც იგივე სიმპტომებს ატყობს:

(მელიქაძის ხმა) "მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ მგრძნობიარობას პროფესიონალიზმის მიმართ. მე ვერ ვხედავ ტერმინოლოგიაში, საკითხის დაყენებაში, პრობლემის დახასიათებაში. ვერ ვხედავ იმ ნიშნებს, აქცენტებს, რომლებიც მე მაფიქრებინებდა, რომ ესენი მგრძნობიარეები არიან ამ პრობლემის მიმართ და ფიქრობენ ამაზე".

მართალია, ნიკო მელიქაძე ამ ეტაპზე კონკრეტული გვარების დასახელებას ერიდება, თუმცა ფიზიკოსი ფინანსთა მინისტრი მასაც ერთობ ძნელად წარმოუდგენია. გამაფრთხილებელი განცხადების ავტორი ექსპერტები იმედოვნებენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება მათ მოუსმენს და საკადრო პოლიტიკას "ჩემიანობის" პრინციპს ჩამოაშორებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG