Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოუტანა "ხავერდოვანმა რევოლუციამ" გამარჯვებულ ოპოზიციას?


სამი წლის განმავლობაში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისგან თავისივე გუნდი დაჟინებით ითხოვდა აღმასრულებელი ბერკეტების გადაცემას.

მოთხოვნა დაიწყო პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას გამოსვლით საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე, 1998 წელს და დასრულდა მისივე ღია წერილით პრეზიდენტის მიმართ, რომელიც 2001 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა. ედუარდ შევარდნაძემ ძალაუფლების გადანაწილება არ ისურვა, რითიც საკუთარი გუნდი აიძულა, ხელისუფლებიდან წასულიყო და ოპოზიციურ ბანაკად ჩამოყალიბებულიყო.

მოთხოვნა, რომლითაც წელიწადში ერთხელ მაინც ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი მიმართავდნენ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, საკონსტიტუციო ცვლილებები იყო. მინისტრთა კაბინეტის შექმნით ქართულ პოლიტიკაში გუნდური პასუხისმგებლობა დამკვიდრდებოდა, ხოლო პრემიერმინისტრის პოსტის შემოღებით პრეზიდენტის ძალაუფლება ქვეყნის მეორე პირზე გადანაწილდებოდა - ასეთი იყო ახალგაზრდა ლიდერების გეგმა.

როდესაც 2 ნოემბრის არჩევნების წინ ნაციონალურმა მოძრაობამ და გაერთიანებულმა დემოკრატებმა ვერ შეძლეს ერთიანი საარჩევნო სუბიექტის შექმნა, ამით მათ უარი თქვეს საზოგადოებრივი დაკვეთის შესრულებაზე. ჟვანიამ და სააკაშვილმა, შეუთანხმებელი ქმედებებით, ეჭვის ქვეშ დააყენეს ის ერთადერთი პოლიტიკური მოდელი, რომელსაც წლების განმავლობაში თავადვე სთავაზობდნენ საზოგადოებას: გუნდური პასუხისმგებლობა და ძალაუფლების გადანაწილება. და, რაგინდ უცნაურად გამოიყურებოდეს, "ხავერდოვანი რევოლუციის" უმთავრესი შედეგი სწორედ ის აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნებამ პოლიტიკური ლიდერები იძულებით დააბრუნა მათ მიერვე არჩეულ მოდელთან: თანამშრომლობასთან და პასუხისმგებლობასთან, არსებით საკონსტიტუციო რეფორმასთან.

ზოგადი ტენდენციის გათვალისწინებით, საეჭვოა, რომ "ხავერდოვან რევოლუციად" წოდებული მოვლენის გარეშე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია თუნდაც 2005 წელს მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. და სრულიად უეჭველია, რომ ისინი ვერასოდეს მოიპოვებდნენ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ბერკეტებზე სრულ კონტროლს, რისი საშუალებაც მათ ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესმა მისცა. იმის გამო, რომ არჩევნების შემდგომ დღეებში ბევრი პარტია და ლიდერი პოლიტიკურად გაკოტრდა, გამარჯვებულ ოპოზიციას მოქმედებისთვის წარმოუდგენლად დიდი სივრცე გაუთავისუფლდა. ასეთი სასტარტო პირობები თავის დროზე არჩევნებში გამარჯვებულ ზვიად გამსახურდიას პარტიასაც კი არ ჰქონია. იმისათვის, რომ ქვეყანამ წარსულ შეცდომებს თავი ამჯერად მაინც დააღწიოს, აუცილებელია არა გამარჯვებული პოლიტიკოსების ნდობა, არამედ მუდმივი საზოგადოებრივი კონტროლი. პოლიტიკოსებმა ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ერთხმად დაამტკიცეს, რომ განსაკუთრებულ ნდობას არ იმსახურებენ. საზოგადოებამ უნდა შეასრულოს ხელისუფლების ოპონირების ფუნქცია და რევოლუციის შედეგი საკუთარ ინტერესებს დაუქვემდებაროს. სხვა შემთხვევაში, რევოლუცია, რომელიც, ჯერჯერობით, პრეცედენტია, დამღუპველ ტრადიციად გადაიქცევა.
XS
SM
MD
LG