Accessibility links

logo-print

მესამე სექტორი და ახალი რეალობა


დავით პაიჭაძე, თბილისი მართალია, ხელისუფლება საქართველოში სულ ხუთიოდე დღის წინ შეიცვალა, მაგრამ ქართული საზოგადოების წარმომადგენლები უკვე ხედავენ სახიფათო ტენდენციებს ახალ რეალობაში.

პარასკევს, 28 ნოემბერს საქართველოში ცნობილი 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მსჯელობდნენ, რა სტრატეგიით უნდა იმოქმედოს ამიერიდან ქვეყანაში მესამე სექტორმა, თან იმთავითვე შეთანხმდნენ, რომ არასამთავრობო სექტორი სწორედ სწორედ პლურალიზმის გარემოა და აქ რაიმე ერთი, შეთანხმებული პოზიციის ქონა შეუძლებელია. დავით პაიჭაძე ესწრებოდა ამ შეკრებას და მონაწილეთა კრიტიკულ მიდგომებს გაგაცნობთ.

[დავით დარჩიაშვილის ხმა] "მე არ მინდა, რომ პირველივე დღეებში ბოიკოტი და ობსტრუქცია გამოეცხადოს ხელისუფლებაში მოსულ ახალ პიროვნებებს, რომელთაგან ზოგიერთი სულაც არ არის ახალი. მაგრამ უკვე არსებობს იმის ნიშნები, რომ ახალ ხელისუფლებას და არასამთავრობო სექტორს შორის ბევრი წყალგამყოფი ხაზი იქნება. რაც უნივერსიტეტის ირგვლივ ხდება, საფუძველს მაძლევს, ვიფიქრო, რომ დასაპირისპირებელი და საკამათო ნამდვილად გვექნება. უნივერსიტეტში სუფევს კონფორმიზმი, იქ არის ხალხი, რომელიც ყველა ხელისუფლებას მოერგო. რაც იქ ხდება, რა ხალხიც იკრიბება - ძალიან მაგონებს რევანშიზმსა და კონტრრევოლუციას".

ეს განმიცხადა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თანამშრომელმა დავით დარჩიაშვილმა.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ახლა ჩნდება უნიკლაური შანსი, არასამთავრობო სექტორმა გააძლიეროს კონტროლი ხელისუფლებაზე.

[ზაქარეიშვილის ხმა] "თუ დღეს ამას საფუძველი არ ჩავუყარეთ, ისევ მოხდება ის, რაც დაიწყო 1999 წელს, როცა ჩვენ ვაპატიეთ დემოკრატიულ ფრთას გაყალბება დემოკრატიის გამო".

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ 1999 წლის არჩევნებში გაყალბების შეგუებამ დაანგრია დემოკრატიული ინსტიტუტები. ის მონიშნავს ორ სფეროს, სადაც სახიფათო ტენდენციებს ამჩნევს:

[ზაქარეიშვილის ხმა] "უკვე გამოჩნდა ნიშნები, რომელთა გამო ფრთხილად უნდა ვიყოთ: მაგალითად, როგორ აპირებენ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას. მე იმედი მქონდა, რომ პარტიული წარმომადგენლებით დაკომპლექტებას წერტილს დაუსვამდნენ და ხელისუფლება იტყოდა, პროფესიული ნიშნით დავაკომპლექტოთო. ამის კარგი შანსი აქვთ. მაგრამ არა! მაინც ძველი მეთოდით ხდება. მეორე მომენტია, თუ როგორ ხდება ხელისუფლებაში დანიშვნები: ნათესაური, ნაცნობური ურთიერთობების ძალით და არა პროფესიონალიზმის გათვალისწინებით. ჩემთვის ეს შემაშფოთებელია. ვალდებული ვართ, ხმა ამოვიღოთ".

სულ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბურჯანაძე-დემოკრატების ცნობილი სახის, მიხეილ მაჭავარიანის სიმამრი, რამაზ ჟღენტი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ჟღენტი ორი დღის წინ დანიშნეს თბილისის პროკურორის პოსტზე. დანიშვნის დღესვე მიხეილ სააკაშვილმა კატეგორიული პროტესტი გამოთქვა კადრების ნათესაური ნიშნით შერჩევის გამო.

კიდევ ერთი გამაფრთხილებელი სიგნალი წამოვიდა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, ლევან ბერძენიშვილისაგან.

[ბერძენიშვიილს ხმა] "ჩვენი მთავარი იდეა უნდა იყოს: შევინარჩუნოთ სექტორი, ნუ მივეცემით ეიფორიას, ეს რა ვქენით და რა მაგრები ვართ, მაგრამ ნურავის მივცემთ საშალებას, თქვას, რომ წლების მანძილზე რაც აკეთა სამოქალაქო სექტორმა - ეს ყველაფერი 5 კაცის გაკეთებულია. არ დაგვემართოს უბედურება და ახალი პრეზიდენტი 90%-მა არ აგვირჩიოს".

თუმცა, ლევან ბერძენიშვილი იქვე განმარტავს, რომ ფიგურებს შორის პარალელებს არ ავლებს.
XS
SM
MD
LG