Accessibility links

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


515-ე გამოშვება

დღეს "მეათე სტუდიაშიც" განვაგრძობთ საუბარს "ვარდების რევოლუციაზე". რადიოჟურნალის პირველი თემაა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემები რუსეთში გამოთქმული მოსაზრებების ფონზე. რუსეთთან ურთიერთობას შეეხება ინტერვიუ "მეათე სტუდიის" დღევანედლ სტუმართანაც - პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელთან. შემდეგ ვიმსჯელებთ ბოლოდროინდელ მოვლენებში ქართველი ინტელექტუალების როლზე და შევეცდებით გავარკვიოთ, რა მსგავსება არსებობს საქართველოსა და იუგოსლავიას შორის. ბოლოს კი შორეულ შეერთებულ შტატებს მივაშურებთ, რათა გიამბოთ, რატომ და როგორ აღნიშნავენ ამერიკელები მადლიერების დღეს...
[მუსიკა]

წამყვანი:
წინა კვირის გადაცემაში აღვნიშნავდით, რომ თბილისში და მთელი ქვეყნის მასშტაბით განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების კვალდაკვალ, რუსეთში გააქტიურდნენ ის ძალები, რომლებსაც კრემლის გავლენის ქვეშ საქართველოს მყარად მოქცევის იმედი ჯერაც არ დაუკარგავთ. 22 ნოემბრის "ხავერდოვანმა რევოლუციამ" კი ამ ძალებს ერთი არახალი ვარაუდი, სანუკვარ ოცნებად რომ ქცევიათ, კიდევ ერთხელ მოამარჯვებინა. ამ ვარაუდით, უახლოეს მომავალში საქართველოს რეგიონალური მასშტაბის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დაქუცმაცება ელის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთი ოსეთის პრობლემებზე რომ არაფერი ითქვას.
ამგვარი საფრთხე სავსებით არარეალურია, თუ მაინც აქვს გარკვეული საფუძველი?
ამ საკითხის გასარკვევად გიორგი კაკაბაძე ექსპერტებს ესაუბრა.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი არჩილ გეგეშიძე აღნიშნავს, რომ დრო და დრო რუსეთის მასმედიასა და სახელმწიფო დუმაშიც გაიგონებთ მოსაზრებას, რომ საქართველოს ფრაგმენტაცია გარდაუვალია. მაგრამ მისი თქმით, ეს ვარაუდი ელემენტარული ნონსენსი და სასურველის რეალობად მიჩნევის მცდელობაა მხოლოდ.

[გეგეშიძის ხმა]"აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის პრობლემების გამო არსებულზე უარესი მდგომარეობა არ შეიძლება რომ გვქონდეს. მაგრამ პერსპექტივაში არსებობს ამ რეგიონების დაბრუნების შანსი. სხვა რეგიონების გამოყოფისა და დამოუკიდებლობის მიღების პერსპექტიავას კი ვერ ვხედავ".

ზემოთ მოყვანილ ვარაუდთან დაკავშირებით, კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლება სერიოზულად არ უნდა განიხილავდეს ამგვარ მოსაზრებას, რადგან, მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში თვით რუსეთი შეიძლება დადგეს დაშლის საფრთხის წინაშე.

მაგრამ ხომ არ ემუქრება რაიმე საფრთხე საქართველოს სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით?

[ხუციშვილის ხმა]"მე ეჭვი არ მეპარება, რომ აჭარაში გარკვეული გეგმები არსებობს, თუ როგორ იმოქმედონ კოორდინირებულად აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად იმისათვის, რომ გარკვეული ერთიანი ფრონტი შექმნან. თავისთავად, ეს არის წინდაუხედავი ნაბიჯი, რადგან აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილია და არ შეიძლება, რომ სეპარატისტული გეგემები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და მისი დასუსტებისთვისაა გამიზნული, აჭარაში მუშავდებოდეს."

გიორგი ხუციშვილის თქმით, აჭარის ავტონომიის მეთაურმა უნდა გაიაზროს, რომ საქართველოში ახალი ეროვნული ხელისუფლება მოვიდა და რომ მასთან თანამშრომლობაა აუცილებელი და არა რაღაც დესტრუქციული გეგემების დასახვა.

"ამიტომ დღეს მთავარია, რომ თბილისსა და ბათუმს შორის დიალოგი დაიწყოს და მაშინ რაიმე დაესტაბილიზაციაზე საუბარი ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნება", - ამბობს იგი.

რაც შეეხება არჩილ გეგეშიძის მოსაზრებას:

[გეგეშიძის ხმა]"შეუძლებელია, რომ აჭარის ლიდერმა ზურგზე მოიკიდოს აჭარა და სადმე წაიღოს, - ეს გამორიცხულია. უბრალოდ, გარკვეული პრობლემები ახალ ხელისუფლებასა და აჭარის ხელმძღვანელობას შორის გარკვეული ვადით შეიძლება დარჩეს და არა მგონია, რომ იმაზე ცუდი იყოს, ვიდრე ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის დროს".

და კიდევ. საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსეთში პოპულარული გახდა მოსაზრება, რომ ხელისუფლებაში მოსულ ყოფილ ოპოზიციონერებს არ აქვთ საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების გეგმა. რას ფიქრობენ ამის თაობაზე ჩვენი რესპონდენტები. როგორც არჩილ გეგეშიძე აღნიშნავს:

[გეგეშიძის ხმა]"ჯერ, ასე ვთქვათ, ბურთს დავუბრუნებდი რუსეთს და ვიტყოდი, რომ რუსეთს, როგორც განსაკუთრებული სტატუსის მქონე შუამავალს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში, ასევე არ გააჩნია კონფლიქტების მოგვარების კონკრეტული გეგმა. მეტიც, მას გააჩნია კონფლიქტების გაყინვის გეგმა და ამას წარმატებით ახერხებს".

რაც შეეხება საქართველოს ახალ ხელისუფლებას, ექსპერტი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება შეძლებს კონფლიქტებთან დაკავშირებული კარგად მოფიქრებული პროგრამისა და სტრატეგიის შემუშავებას, რისი ინტელექტუალური შესაძლებლობები ნამდვილად არსებობს საქართველოში.
გიორგი ხუციშვილის თქმით, განვლილი ათწლეული განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი შეცდომა დაუშვა კონფლიქტების მოგვარების გზაზე, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც მიზნები ადვილად მისაღწევი იყო და ეს არ განხორციელდა.

[ხუციშვილის ხმა]"ახალი ხელისუფლების წინაშეც რთული ამოცანა დგას. იმედი მაქვს, რომ ის ამ ამოცანას გაართმევს თავს და შედეგებსაც დავინახავთ. მაგრამ ნუ მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ მაინცდამაინც ერთ თვეში წარმოადგინოს გამოყოფილი რეგიონების დაბრუნების ნათელი პროგრამა".
[მუსიკა]

ინტერვიუ პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელთან

წამყვანი:
როგორც საქართველოში, ისე უცხოეთშიც, მიმომხილველები ბევრს ლაპარაკობენ იმ როლზე, რომელსაც საქართველოს ახალ პოლიტიკურ ლანდშაფტში შეასრულებს მისი ჩრდილოელი მეზობელი - რუსეთი. ზოგიერთის აზრით, ის გარემოება, რომ დაპირისპირების ყველაზე დაძაბულ ფაზაში ედუარდ შევარდნაძესა და მის მოწინააღმდეგეებს შუამავლად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოევლინათ, მოსკოვის პრეტენზიების სრულიად დაუფარავი გამოხატულება იყო. სხვები ფიქრობენ, რომ ამ პრეტენზიების მიუხედავად, საქართველოს ახალი ხელისუფლება პროდასავლური კურსიდან არ გადაუხვევს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ერთ-ერთი ძირითადი თემა გახლავთ ინტერვიუსა, რომელიც ტელეფონით ჩამოვართვით ამჟამად ტოკიოში მყოფ პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელს. თუმცა, დავით კაკაბაძემ თავის რესპონდენტს სთხოვა, მსმენელისთვის ჯერ იაპონიაში სტუმრობის მიზეზებზე მოეთხრო.

[იხ. აუდიო ვერსია]

ქართული რევოლუცია და ქართველი ინტელექტუალები

წამყვანი:
საქართველოში რამდენიმე დღის წინ დასრულებულ მოვლენათა აღძვრასა და განვითარებაში თავისი წვლილის დაჩემება, ალბათ, ბევრს შეუძლია: უწინარესად, ეს მაინც ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომელთა კრიტიკულმა მასამ გადამწყვეტი როლი შეასრულა პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომაში. ვერავინ უარყოფს პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, არასამთავრობო სექტორის წვლილსაც. დავით პაიჭაძე შეეცადა, გაეაზრებინა ახალი თაობის ქართველ ინტელექტუალთა წვლილიც - სწორედ ეს ადამიანები განასახიერებდნენ იმას, რასაც ედუარდ შევარდნაძე, თავის დროზე, ახალ აზროვნებას ეძახდა. რა იდეები, რა ღირებულებები აღმოჩნდა აქტუალური ქართული საზოგადოებისათვის, რომელიც 3 ნოემბრიდან ქუჩაში გამოვიდა და სამ კვირაში წინააღმდეგობის მოძრაობის ყველაზე მნიშვენლოვანი ეტაპი დაასრულა? ამ საკითხებზე დავით პაიჭაძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს ელაპარაკა.

დავით პაიჭაძე:
ზაზა შათირიშვილი ინტელექტუალებს მიაკუთვნებს იმ პოლიტიკურ ლიდერებსაც, რომლებიც სათავეში ედგნენ ნოემბრის დასაწყისიდან განვითარებულ პროცესებს. ისინი ლაპარაკობენ ენაზე, რომელიც გასაგები და მისაღებია დასავლეთისათვის, ანუ აპელირებენ კონსტიტუციაზე, არჩევნებსა და ხალხის ნებაზე, მითხრა ზაზა შათირიშვილმა. ნოემბრის მოვლენებე ის ეროვნული მოძრაობის დროინდელ პროცესებს ადარებს და აღნიშნავს, რომ მაშინდელი ლიდერები და ინტელექტუალები ლაპრაკობდნენ ეროვნული კულტურის ენაზე. ეს გარკვეულ დაძაბულობას იწვევდა საქართველოში, სადაც სხვა ერების წარმომადგენლებიც ცხოვრობდნენ. ზაზა შათირიშვილის აზრით, 89 წლის აპრილის მოვლენებიც გარკვეული დაპირისპირება იყო ქართულ ეროვნულ შეგნებასა და აფხაზურ ეროვნულ შეგნებას შორის. გასაკვირი არ არის, რომ მაშინდელ ეროვნულ მოძრაობას დასავლეთში მხარდამჭერები არ ჰყოლია.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ინტელექტუალებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, ზაზა შათირიშვილი აღნიშნავს:

[შათირიშვილის ხმა] "10 წელიწადი საკმარისი დრო აღმოჩნდა თაობის ჩამოსაყალიბებლად. ინტელექტუალთა დიდი ნაწილი ჩამოყალიბდა დასავლეთში, ამერიკელებისა და ევროპელების მონაწილეობით შეიქმნა გარკვეული ინსტიტუციები - ვგულისხმობ სამოქაალქო სექტორს. ამ ინსტიტუციებისა და დასავლეთის უნივერსიტეტების მეშვეობით ჩვენი ლიდერებისა და ინტელექტუალების ახალმა თაობამ აითვისა ენა, რომელიც სავსებით გამჭვირვალე და გასაგებია დასავლეთისათვის. ეს იყო წარმატებისა და დასავლეთის უპირობო მხარდაჭერის პირობა".

23 ნოემბრის შემდეგ არაერთხელ ითქვა, რომ ეს ევროპული ყაიდის ხავერდოვანი რევოლუცია იყო. ზაზა შათირიშვილიც ეთანხმება ამ აზრს და ევროპულობის ერთ მახასიათებლად რევოლუციის რიტუალურ ასპექტებს მიიჩნევს: ვარდებს, იარაღის არქონის ნიშნად აწეულ ხელებს, ხელჩაკიდებულ მოქალაქეთა ვრცელ რიგებს ქუჩაში და ა.შ. ზაზა შათირიშვილის აზრით, ეს სწორედ ევროპაზე გათვლილი ქმედებები იყო. მაგრამ რა იყო ევროპელობის ის ნიშანი, რასაც ფორმალური, რიტუალური გამოხატულება არ ჰქონია? სხვაგვარად, რომელმა ევროპულმა ღირებულებამ ან იდეამ გამოიყვანა მოქალაქეები ქუჩაში?

[შათირიშვილის ხმა] "ვფიქრობ, ერთი მესიჯი ძალიან გასაგები და მისაღები იყო: ქართველი ერის გამოყვანა მოხდა არა სოცილაური იდეებით (როგორიცაა პროტესტი უშუქობის ანუ უგაზობის წინააღმდეგ), არამედ ისეთი მაღალი იდეალებით, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება, არჩევნები და ა.შ. ანუ ძირეული ლიბერალური ღირებულებებით. მე ვფიქრობ, ეს მომენტი, ეს იდეა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინტელექტუუალებსა და მასებს შორის, რამაც თავისებური "მოკლე ჩართვა" გამოიწვია".

რევოლუცია პროგნოზირებადია, ამბობს ზაზა შათირიშვილი, მას გეგმავენ და შეიძლება გათვალო, რა მოჰყვება რევოლუციას. ბალხი უკეთ აითვისებს დემოკრატიულ, ლიბერალური ღირებულებებსა და ენას ფიქრობს ზაზა შათირიშვილი და დასძენს, რომ უფრო მკაფიო გახდება მიჯნა ნაციონალისტურ და ლიბერალურ იდეოლოგიებს შორის. ეს მოვლენა განსაზღვრავს სამომავლო ვითარებას აზროვნებისა და ინტელექტუალურ სფეროში.

[შათირიშვილის ხმა] "მგონია, რომ აქ ძალიან დიდ როლს შეასრულებს მართლმადიდებლობა, როგორც ქართველი ერის გენეტიკური თვისება. ეს ისტორიის თვალსაზრისით არის ქრისტიანობის რევიზია, ხოლო ქრისტიანობის თვალსაზრისით არის სრული ერესი. აქ მოხდება გარკვეული დაპირისპირება ლიბერალიზმსა და ნაციონალურ კულტურას შორის. ახალ ეს კარგად არ ჩანს, მაგრამ მომავალში გამოჩნდება".
[მუსიკა]

იუგოსლავია და საქართველო

წამყვანი:
გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" 25 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება, სტატიის ავტორი, პიტერ ბეიკერი ქართულ "ხავერდოვან რევოლუციას" სლობოდან მილოშევიჩის დამხობას ადარებს და აღნიშნავს, რომ "ხავერდოვანი რევოლუციის" გამარჯვება განაპირობა ერთი-ერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ეთერში იუგოსლავიის მოვლენებისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენებამაც. ამერიკელი რეჟისორისა და პროდიუსერის, სტივ იორკის ამ ფილმზე "დიქტატორის ჩამოგდება", რომელმაც მითქმა-მოთქმა გამოიწვია საქართველოშიც, ჩვენი თბილისელი თანამშრომელი გიორგი გვახარია გვიამბობს.

გიორგი გვახარია
სტივ იორკი, შესაძლებელია, საქართველოში ჩამოვიდეს და ახლა უკვე ქართულ "ვარდების რევოლუციაზე" გადაიღოს ფილმი. საქმე ისაა, რომ ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი რამდენიმე წელია ანხორციელებს პროექტს სახელწოდებით "ძალა, რომელიც უფრო მძლავრია" - დოკუმენტური ფილმების სერიას ამბოხებაზე, ძალადობის გარეშე. ამ პროექტში ჩართული 30 წუთიანი ფილმები ეძღვნება 60-იან წლებში ამერიკაში, შავკანიანი მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლებს, პოლონურ "სოლიდარობას", პინოჩეტის გადაყენებას. სტივ იორკი გვიამბობს აგრეთვე, როგორც დაუპირისპირდა დანიის მოსახლეობა 40-იან წლებში ნაცისტების ოკუპაციას. მაგრამ პროექტის ყველაზე შთამბეჭდავ ნაწილად ითვლება ერთსაათიანი ფილმი "დიქტატორის ჩამოგდება", რომელშიც მილოშევიჩის რეჟიმის დამხობაა აღწერილი. "ვაშინგტონ პოსტის" კორესპონდენტი პიტერ ბეიკერი ვარაუდობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის", "ბურჯანაძე-დემოკრატების" და განსაკუთრებით "კმარას" ლიდერებს ეს ფილმი ნანახი ექნებოდათ. ისიც ცნობილია, რომ ახლა უკვე ყოფილი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ზაფხულში ბელგრადში ჩავიდა და მილოშევიჩის დამხობის დეტალებს გაეცნო.


ახლა უკვე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ "მივლინებებს ბელგრადში" და სტივ იორკის ფილმის ჩვენებასაც ლამის კრიმინალად აღიქვამენ. ლამის კრიმინალად ცხადდება აგრეთვე მილოშევიჩისა და შევარდნაძის შედარება. ჩვენთან საუბარში ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე აღნიშნავს:

[ლაშა ბაქრაძის ხმა]: "ნებისმიერი ქვეყნის გზა ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც თითოეული ადამიანის ბედი, ამიტომ ზედმეტი პარალელის გავლება შეიძლება არ იყოს კარგი, მაგრამ ნებისმიერი ქვეყნის გამოცდილება შეიძლება გავითვალისწინოთ"

სოციოლოგ სალომე ასათიანს ასეთი შედარება აღიზიანებს. იგი ამბობს, რომ ედუარდ შევარდნაძე არ იმსახურებს ამ ანალოგიას და რომ მილოშევიჩის სახელს საქართველოში დღეს ხშირად ახსენებს ისიც, ვისაც არა აქვს წარმოდგენა რეალურად რა მოხდა იუგოსლავიაში

[სალომე ასათიანის ხმა]: "მილიშევიჩის წინააღმდეგ იყო მოძრაობა იმიტომ, რომ ამ ადამიანმა პრინციპში დააბრუნა ის, რაც ხდებოდა 40-იან წლებში ევროპაში - დააბრუნა საკონცენტრაციო ბანაკები, ეთნიკური წმენდა, ომი, სისხლისღვრა მოუტანა თავის ქვეყანას..."

მაგრამ ქართულ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც დასაშვებად მიიჩნევენ ასეთ შედარებას. ჩვენთან საუბარში "თავისუფლების ინსტიტუტის" დირექტორი, სოზარ სუბელიანი აღნიშნავს:

[სოზარ სუბელიანის ხმა] "მან ხელი შეუწყო, რომ პატარა ჩაუშესკუ გაჩენილიყო აჭარაში... რაც შეეხება თავად შევარდნაძეს, მილოშევიჩმა წამოიწყო უამრავი ომი, რასაც შედეგად მოჰყვა ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, სერბეთმა დაკარგა თავისი ძირძველი პოზიციები, იგივე მოხდა შევარდნაძის მმართველობის დროს...1.30 როცა მიუშვეს სიტყვის თავისუფლება, მან დაიწყო შევიწროვება. იგივე "რუსთავის2" -ის მაგალითი კმარა. რამდენჯერ დახურეს, ისევ როგორც იუგოსლავიაში დამოუკიდებელი რადიო"

თუმცა ის ადამიანები, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, ერთ საკითხში თანხმდებიან. სტივ იორკის ფილმმა ქართველ მაყურებელზე იმოქმედა იმიტომ, რომ ბოლო წლებში ჩვენი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა ჩაეკლა ხალხში გრძნობა. სალომე ასათიანის თქმით:

[სალომე ასათიანის ხმა]: "წლების მანძილზე გაგრძელებულმა აზრის ჩაწვეთებამ, რომ ხალხი ყველაფერს მოითმენს და არ გამოვა ქუჩაში, ბოლოს და ბოლოს მოგვიტანა პოზიტიური შედეგი - ხალხის მობილიზაცია, რაც იყო ჩილეში, ფილიპინებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში"

"ჩვენ იმიტომ გავიმარჯვეთ, რომ სიცოცხლე სიკვდილზე მეტად გვიყვარდა. მათი ხალხი კი, როგორც წესი, სიკვდილს ქადაგებდა. მათი სიძულვილი, მათი პროპაგანდა - ყველაფერს სიკვდილის სუნი ასდიოდა" - ამბობს სტივ იორკის ფილმის ფინალში "ოტპორის" წევრი, სრდია პოპოვიჩი. უახლოეს მომავალში გაირკვევა, რას იქადაგებს - სიკვდილს თუ სიცოცხლეს, ხელისუფლებაში მოსული ქართული ოპოზიცია.
[მუსიკა]

27 ნოემბერს ამერიკელებმა "მადლიერების დღე" აღნიშნეს

ამერიკელები - სადაც უნდა იყვნენ და რა რელიგიურ მოძღვრებასაც უნდა მისდევდნენ, რა პოლიტიკური შეხედულებებიც უნდა ჰქონდეთ და რა სფეროშიც უნდა მოღვაწეობდნენ, ყოველ წელს - ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს "მადლიერების დღეს" ზეიმობენ. ეს დღე წელს 27 ნოემბერი იყო და ახლა გიამბობთ, რატომ და როგორ აღინიშნება "მადლიერების დღე"...
[მუსიკა]

მადლიერების დღეს რამდენიმე საუკუნის ისტორია აქვს და, ალბათ, ამიტომაც სხვადასხვა ვერსია, გნებავთ ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ აღინიშნა პირველად. მაგრამ სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს, დღეს მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ ვერსიაზე გიამბობთ...

ის გვამცნობს, რომ ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა 1621 წელს იქ, სადაც დღეს მასაჩუსეტსის შტატი მდებარეობს. ინგლისიდან ემიგრირებულმა ახალმოსახლეებმა ახალ სამშობლოში იმ წელს პირველად მოიწიეს რიგიანი მოსავალი, რაშიც მათ უამპანოაგის ტომის ინდიელი სახელად სკუანტო დაეხმარა. თუ როგორ, შეიტყობთ პრაღის საერთაშორისო სკოლის ბიბლიოთეკარის, ლინდა მარტისაგან, რომელიც კითხულობს ციტატას წიგნიდან "მადლიერების პირველი დღე": [ლინდა მარტის ხმა] "სკუანტო ახალმოსახლეებს ასწავლიდა, როგორ გადაერჩინათ თავი ტყე-ღრეში, როგორ ენადირათ ირემზე და სად მოეძებნათ კენკრა. ასწავლიდა, როგორც დაეთესათ სიმინდი ისე, როგორც ამას ინდიელები აკეთებენ."

სკუანტო კარგი მასწავლებელი აღმოჩნდა და ახალმოსახლეებმა იმდენი მოსავალი მოიწიეს, რომ მადლიერების ნიშნად დიდი ზეიმი მოაწყეს - დაპატიჟეს, რასაკვირველია, სკუანტო და მისი ოჯახის წევრებიც! [მუსიკა]

1863 წელს, როცა ამერიკაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, დიდმა პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლმა დღესასწაულად გამოაცხადა ნოემბრის ბოლო ხუთშაბათი. მოგვიანებით თარიღი უკვე კონგრესის მიერ იქნა დამტკიცებული.

"მადლიერების დღე" საოჯახო დღესასწაულია - საერთო ტრადიცია ერისათვის, რომელიც ყველა ეთნიკური წარმოშობის, ყველა რელიგიური მოძღვრების ადამიანებს აერთიანებს. ხშირად ნათესავები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში ცხოვრობენ, წელიწადში ერთხელ მადლიერების დღეს იკრიბებიან - მიირთმევენ ტრადიციულ კერძებს: შემწვარ ინდაურს, შაშხს, კარტოფილის პიურეს, გოგრის ღვეზელს...

რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკელებისათვის "მადლიერების დღე", კარგად გამოჩნდა წელს, 27 ნოემბერს, როცა ბაღდადიდან გავრცელდა ცნობა იქ, ყველასათვის მოულოდნელად, აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტის შესახებ. ბაღდადის აეროპორტში, დღესასწაულის აღსანიშნავად შეკრებილი 600-მდე ამერიკელი ჯარისკაცი აღტაცებული მიესალმა პრეზიდენტს, რომელმაც მათ ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო... [ჯორჯ ბუშის ხმა] "ეს ეს არის რიგიან ვახშამზე ვოცნებობდი - დიდი მადლობა დაპატიჟებისათვის", უთხრა პრეზიდენტმა მისი გამოჩენით განცვიფრებულ ჯარისკაცებს...

მიმომხილველები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს იყო მეტად ეფექტური ჟესტი რთულ დროს, როცა დღე არ გადის ერაყში ამერიკელებსა და მათ მოკავშირეებზე თავდასხმის შესახებ ცნობის გარეშე.

"მადლიერების დღეს", ყველაზე ამერიკულ დღესასწაულზე, ჯარისკაცებს მხარში პრეზიდენტი ედგათ.
[მუსიკა]

წამყვანი:
თქვენ მოისმინეთ ყოველკვირეული რადიოჟურნალი"მეათე სტუდია", რომელიც პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და მარიამ ჭიაურელმა. რადიო "თავისუფლების" თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.
XS
SM
MD
LG