Accessibility links

logo-print

როგორც "ლოს ანჯელეს ტაიმსი" აღნიშნავს, საქართველოს სისხლიანი დაპირისპირებებისა და სამოქალაქო


როგორც "ლოს ანჯელეს ტაიმსი" აღნიშნავს, საქართველოს სისხლიანი დაპირისპირებებისა და სამოქალაქო ომების ხანგრძლივი ისტორია აქვს.

მაგრამ არაპოპულარული მმართველის მშვიდობიანი ჩამოგდება, გაზეთის აზრით, "იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქვეყანა ახლა უფრო იმედისმომცემ გზას ადგას." შემდეგ სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"მართალია, ედუარდ შევარდნაძემ საკმარისი დიპლომატიური უნარი გამოიჩინა საიმისოდ, რათა - საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში - თავისუფლება და დემოკრატია მოეტანა უცხოეთისთვის, მაგრამ მასვე საკმარისი პოლიტიკური უნარი არ აღმოაჩნდა იმისთვის, რომ ეს ფასეულობები შინაც დაემკვიდრებინა." ... "დღეს საქართველო გაკოტრებული ქვეყანაა, რომელშიც კორუფცია ბატონობსო", აღნიშნავს "ლოს ანჯელეს ტაიმსი" და დასძენს: "რაც უფრო მყარად მოიკიდებს საქართველოში ფეხს დემოკრატია, მით უფრო შთამბეჭდავი მაგალითი იქნება ეს მისი მეზობლებისთვის. საპროტესტო აქციების თაოსნებმა, რომლებმაც პარლამენტის შენობაში თაიგულების შეტანით წერტილი დაუსვეს შევარდნაძის რეჟიმს, ახლა საქართველოში დემოკრატიის აყვავება უნდა შეძლონ."

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს დიდ ადგილს უთმობს ყოველკვირეული "ეკონომისტიც", რომლის აზრით, საქართველოს მომავალი განვითარება მნიშვნელოვანი იქნება მისი მეზობლებისთვის - სომხეთისა და აზერბაიჯანისთვისაც. ბრიტანეთის ყოველკვირეული არ გამორიცხავს, რომ სამივე ქვეყანა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გავლენის სფეროებისთვის ბრძოლის ველად შეიძლება გადაიქცეს. სტატიის ავტორის აზრით, რეგიონისთვის არსებობს ოპტიმისტური სცენარები:

"რუსეთმა შეიძლება უარი თქვას საქართველოს სეპარატისტული რეგიონების საქმეებში ჩარევაზე და მათს ლიდერებს თბილისთან თანამშრომლობისკენ უბიძგოს. დემოკრატიის განმტკიცება ხელს შეუწყობს მთავრობის მოღონიერებას, ხოლო უცხოეთის მზარდი დახმარება ქვეყანას წინსვლაში დაეხმარება.

აზერბაიჯანში ილჰამ ალიევმა თავი, შესაძლოა, რეფორმატორად გამოავლინოს. იქნებ მამამისის ძველი მეგობრებიც დაითხოვოს და კორუფციასაც შეებრძოლოს, არჩევნები გამჭვირვალე გახადოს და ნავთობის ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები მრეწველობის სხვა სფეროებში დააბანდოს.

მაგრამ ძნელი სათქმელია, მართლაც ოპტიმისტური სცენარებით განვითარება თუ არა მოვლენები. ბევრი იქნება დამოკიდებული რეგიონის ლიდერთა საღ გონებასა და მიზანდასახულობაზე, აგრეთვე, რუსეთისა და ამერიკის მზადყოფნაზე, ერთმანეთთან ითანამშრომლონ. თუ კავკასიაში უკეთესმა მომავალმა წარსულზე უნდა გაიმარჯვოს, ახლა საამისოდ საუკეთესო შესაძლებლობა არსებობს."
საქართველოსა და მის მეზობლებს შორის პარალელებს ავლებს ბრიტანეთის გაზეთ "გარდიანის" მიმომხილველი მარტინ ვულაკოტიც. მისი აზრით, საქართველოს მაგალითმა შესაძლოა, გამომაფხიზლებლად იმოქმედოს მეზობელ ქვეყნებზე.

"ჯერ ერთი იმიტომ, რომ სწორედ საქართველოა ქვეყანა, სადაც ილუზიები რეალობამაც კი ვერ დაამსხვრია. მეორეც, ოპოზიციამ ყველას უჩვენა, როგორ შეიძლება ცვლილებების მიღწევა - საკმაოდ თავისუფალი მედიის, კარგად ორგანიზებული ოპოზიციისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით. ცხადია, არც ერთი ეს ფაქტორი არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში საქართველო წარმატებულ დემოკრატიად მოგვევლინება (რადგან ახალი ლიდერების წინაშე არსებული სირთულეები მართლაც უზარმაზარია), და არც იმას, რომ სახალხო ძალაუფლების ქართულ მოდელს სადმე სხვაგან გადაიღებენ (რადგან პირობები მეტად განსვავებულია); მაგრამ ეს ყველაფერი იმას მაინც ნიშნავს, რომ შანსი ერთისაც და მეორისაც არსებობს."

გერმანიის "ფრანკფურტერ ალგემაინე" აქვეყნებს ინტერვიუს ახალ სახელმწიფო მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან, რომელსაც გაზეთის სპეციალური კორესპონდენტი მარკუს ვენერი "ყოფილ კრონპრინცად" და "ერთ დროს შევარდნაძის ყველაზე რეალურ მემკვიდრედ" მოიხსენიებს.

"ცხადია, სამივეს გვინდოდა პრეზიდენტობაო, - გვეუბნება ჟვანია. - მაგრამ იმისთვის, რათა საქართველოს ხელიდან არ გაეშვა ახალი დასაწყისის ეს უნიკალური შანსი, ოპოზიციის საერთო კანდიდატად სააკაშვილი ავირჩიეთო. ... ჟვანიას სურვილი იყო, საქართველოში - გერმანიის მაგალითით - საპარლამენტო დემოკრატია დამკვიდრებულიყო. მაგრამ ეს იდეა საქართველოში დიდად პოპულარული არ არის. უწინარესად მას სააკაშვილი ეწინააღმდეგება, რადგან მისი განხორციელების შემთხვევაში თავად ის - ძლიერი ჟვანიას ხელში - სიმბოლურ ფიგურად იქცეოდა. ამიტომ მიღწეულ იქნა კომპრომისი: საქართველო აირჩევს ფრანგულ მოდელს ძლიერი პრეზიდენტითა და ძლიერი მთავრობით. ხოლო ის, რომ 4 იანვრის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჯერ კიდევ მოსაგებია, ჟვანიას ფორმალობად მიაჩნია."
XS
SM
MD
LG