Accessibility links

logo-print

ახალ ხელისუფლებას "გაფხეკილი" ხაზინით უწევს ქვეყნის მართვა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი „ვარდების რევოლუციად" შეფასებული მოვლენების შემდეგ ფაქტობრივი ხელისუფლება ეკონომიკაში შექმნილ მდგომარეობას კოლაფსად აფასებს,

რაც სრულიად ადეკვატურია იმ სიტუაციისა, რაც ქვეყნის მეურნეობაში ნოემბრის აქციებამდე და მას შემდეგ არსებობს. გასულ კვირას 1999 წლის მოწვევის პარლამენტმა რამდენიმე მნიშვნელოვან თანამდებობაზე კანდიდატურები დაამტკიცა. მათ შორის იყო „ახალი ძველი სახე" ზურაბ ნოღაიდელი, რომელმაც პრეზიდენტის მოვალების შემსრულებლისაგან ქვეყნის ნომერ პირველი ფინანსისტის პორტფელი მიიღო.

საკანონმდებლო ხელისუფლებაში, დამოუკიდებელ ექსპერტებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ნოღაიდელის, ისევე როგორც სხვა შემოთავაზებული კანდიდატურების, დამტკიცება უპრობლემოდ და შესაშური ერთსულოვნებით მოხდა და, უფრო მეტიც, ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრის წარსული მოღვაწეობის მიმართ კანონმდებლებს ქათინაურები არ დაუშურებიათ. მიუხედავად იმისა, რომ ნოღაიდელის მინისტრობის დროს საქართველოს ბიუჯეტი არ ყოფილა უდეფიციტო და ფისკალური პრობლემები მაშინაც თავზესაყრელი ჰქონდა ნომერ პირველ ფინანსისტს, ამჟამად არსებული სიტუაცია ქვეყნის ხაზინაში რადიკალურად განსხვავებული და საგრძნობლად დამძიმებულია. ამასთან, ნოღაიდელი მაშინდელი მინისტრობის პერიოდში, ძირითადად, ხარჯების განმკარგველ უწყებას ედგა სათავეში, დღევანდელი ფინანსთა სამინისტრო კი უფრო მრავალმხრივი ფუნქციებით აღჭურვილი სტრუქტურაა, რომლის მენეჯმენტი, შესაბამისად, განსხვავებულია.

ახლად დანიშნული ფინანსთა მინისტრის პირველი ნაბიჯი ფისკალური წესრიგის დამყარება და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის აღდგენა იქნება, - ყოველ შემთხვევაში, ამას აცხადებს ნოღაიდელი თავის მრავალრიცხოვან ინტერვიუებში. საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ პარლამენტში დამტკიცებამდე ზურაბ ნოღაიდელი გაურკვეველი სტატუსით ესწრებოდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას. საზოგადოებამ ეს დეტალი საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან ამ პერსონის მხარდაჭერის აქტად აღიქვა და, მართლაც, დონორი ორგანიზაციებისათვის არსებულ მდგომარეობაში, ალბათ, გაცილებით მისაღები იქნებოდა კადრი, რომელთანაც მათ ადრე ჰქონდათ ურთიერთობა და რომლის ქმედებები მაშინ, მეტ-ნაკლებად, ადეკვატური იყო.

ალბათ, იგივე მოტივაცია აძლევს ახლად დანიშნულ მინისტრს იმის უფლებას, პირობა დადოს, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა უკვე აღდგენილი იქნება. თუმცა მეტისმეტი გულუბრყვილობა იქნება იმის დაჯერება, რომ ამას მხოლოდ ცალკეული პერსონალიები განსაზღვრავენ.
ნოღაიდელი აფიქსირებს, რომ დღეს ქვეყანაში საკმაოდ რთული ვითარებაა, ბიუჯეტი გარღვეულია 250-260 მილიონი ლარით და პირველი, რასაც ის გააკეთებს, ხარჯები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. ანუ ხელისუფლებას, უკეთ კი მოსახლეობას, ისედაც უკიდურესად შემოჭერილი ქამრების კიდევ უფრო შემოჭერა მოუწევს.

ნოღაიდელის თქმით, როდესაც ახალი ხელისუფლებისგან მას ჰქონდა შემოთავაზება, უარი ვერ თქვა იმის გამო, რომ იგი კარგად ერკვეოდა ამ სიტუაციაში და ჰქონდა გარკვეული გამოცდილებაც. ახლად დანიშნული "ძველი მინისტრის" მხარდამჭერები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ნოღაიდელს, წინამორბედისაგან განსხვავებით, მუშაობის პროცესში არ მოუწევს "მინისტრობის სწავლა", ანუ მას ეს ეტაპი ორი წლის წინ უკვე გავლილი აქვს.

ამჟამინდელი მინისტრის გამოცდილების შეფასებისას, ექსპერტები, ძირითადად, მის სიჯიუტეს გამოყოფენ, რაც მისი წინამორბედების ან შემდგომი მინისტრისათვის ნაკლებად იყო დამახასიათებელი. თუმცა მხოლოდ სიჯიუტე ნამდვილად არ არის ის თვისება, რითაც ამ ვაკანსიაზე შესარჩევი კანდიდატები ფასდებიან ხოლმე. მაშინ, როდესაც ქვეყნის ხაზინა ლამის „გამოფხეკილია", უწყების ხელმძღვანელს არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. ამასთან, სასიცოცხლოდ აუცილებელი ხარჯების, მაგალითად, ძალოვნების სახელფასო დავალიანების, პენსიებისა და შემწეობების ოპერატიული გასტუმრება არსებული რესურსებით გამორიცხულია. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი არსებულ სიტუაციაში ისევ დასავლეთის მყისიერი დახმარებაა, რომლის აუცილებლობის შესახებ უკვე გაკეთდა განცხადებები და რისთვისაც მზადყოფნის იმპულსები წამოვიდა კიდეც იმავე დასავლეთისაგან.

თუმცა ამ დახმარებას ერთგვარი "ხანძრის ჩაქრობის" ეფექტი ექნება და მომავალში მხოლოდ ამ დახმარებების იმედად ყოფნა, ფუჭი ოცნების გარდა, ელემენტარული პარაზიტობა იქნებოდა. ამგვარი მენტალობით ცხოვრების გამოცდილება ჩვენ უკვე გვქონდა და არა მგონია, მსგავსი ტრადიციის გაგრძელება კარგ რამეს გვიქადდეს.

იმ სიტუაციაში, როდესაც ბიუჯეტი 250 მილიონი ლარითაა გარღვეული და სასიცოცხლო ხარჯების გაწევის საშუალებაც არა არის, ალბათ, პირველ რიგში, ფისკალური სფეროს ამუშავება გახდება საჭირო. საგადასახადო ადმინისტრირების ისედაც დაბალი დონე ბოლო თვის განმავლობაში საერთოდ კატასტროფული გახდა. ამ მდგომარეობაში დიდი მნიშვნელობა ექნება ხარჯების პრიორიტეტულობას, რასაც გვპირდება კიდეც ახლად დანიშნული მინისტრი. სხვათა შორის, სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ სახარჯო პოლიტიკის პრიორიტეტულობა ის სფეროა, რომელშიც ნოღაიდელმა თავის დროზე გარკვეული წესრიგი დაამყარა. ერთია შედარებით ორდინალური და მეტ-ნაკლებად სტაბილური სიტუაცია, ასე თუ ისე აწყობილი ინფრასტრუქტურით, და მეორე პოსტრევოლუციური და საკმაოდ დეზორიენტირებული მდგომარეობა, რომელიც, უდავოდ, არაორდინალურ და ზედმიწევნით აწონ-დაწონილ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. შეცდომის დაშვება ამ მდგომარეობაში ადვილი, მაგრამ ქვეყნისათვის დამღუპველია.

მეორე, ასევე ტრადიციული პრობლემა, რომელიც უახლოეს პერიოდში შეგვახსენებს თავს, ენერგეტიკასთანაა დაკავშირებული. ენერგეტიკულად ისედაც დაძაბულ ზამთრის სეზონს ზედიზედ გამართული მაღალი დონის არჩევნები კიდევ უფრო გაუსაძლისს გახდის. ენერგეტიკოსები თავს იზღვევენ და აცხადებენ, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში არჩევნების პერმანენტული ჩატარება ენერგოსექტორისათვის ძალიან რთული იქნება.

ამჟამად არსებული ხელისუფლება ენერგეტიკოსებთან თათბირს მართავს და დამაიმედებელ პერსპექტივას ნამდვილად ვერ გვისახავს.

ენერგეტიკის მინისტრი მამუკა ნიკოლაიშვილი კი გვპირდება, რომ თბილისი ელექტროენერგიას 24 საათის განმავლობაში მიიღებს, ხოლო რეგიონები - გადახდის შესაბამისად.

"მომხმარებელმა უნდა იცოდეს, თუ ელექტროენერგიას როდის და რამდენი ხნით მიიღებს", - აცხადებს ნიკოლაიშვილი. რაც შეეხება ენერგოტარიფს, ყველა ხვდება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მისი მომატება უკიდურესად არაპოპულარული ნაბიჯია და იგი, სავარაუდოდ, ცოტა შემდგომი პერიოდისაკენ გადაიწევს.
XS
SM
MD
LG