Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსალოდნელია თუ არა "კონტრრევოლუცია" საქართველოში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი კონტრრევოლუციის შესაძლებლობის თემა სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში.

ხელისუფლების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად მიანიშნებენ ასეთი საფრთხის რეალობის შესახებ, თუმცა კონკრეტული სახელების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. ოპოზიციაში გადასული ყოფილი ხელისუფლება კი საუბარს კონტრრევოლუციის შესაძლებლობის თაობაზე გადაჭარბებულს უწოდებს. ასეა თუ ისე, სიტყვა "კონტრრევოლუცია" მნიშვნელოვან ადგილს იკავებს პოლიტიკოსთა ლექსიკონში.


თუ ყოფილი ხელისუფლება ბოლო 10 წლის მანძილზე საზოგადოებას ჯიუტად აფრთხილებდა დესტაბილიზაციის საფრთხის შესახებ, ახალი ხელისუფლება "კონტრრევოლუციის" შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ედუარდ შევარდნაძის გადადგომის პირველი დღეებიდანვე, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ღია მინიშნებებს აკეთებდნენ, რომ ზეიმის დრო არ დამდგარა, რადგან რევანშისტების მხრიდან საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.
პარლამენტში, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ, ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით იგი თავს იკავებს კონკრეტული სახელების დასახელებისგან, თუმცა აფრთხილებს ყველას, რომ არაკონსტიტუციური ქმედებების შემთხვევაში დანდობა არ იქნება:
[ ზურაბ ჟვანიას ხმა] "ნურავის შეექმნება ილუზია, რომ ჩვენი მცდელობა, მშვიდობიანი სულისკვეთებით გავაგრძელოთ პროცესი - ეს ნიშნავს უსუსურობას და ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავუშვებთ ქვეყანაში ვითარების არევის მცდელობებს."
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ყველა თავის გამოსვლასა თუ ინტერვიუში განსაკუთრებულ მადლიერებას გამოთქვამს შეიარაღებული ნაწილების მიმართ, ვინც არ ჩაერთო პოლიტიკურ დაპირისპირებაში, თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის დასავლეთ საქართველოსა და აჭარაში მოგზაურობამ პრესაში განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია. თითქოსდა, შეიარაღებულ ძალებში არსებული მღელვარების თაობაზე ხმების გასაფანტად, 29 ნოემბერს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც კიდევ ერთხელ განმარტა, რომ შეიარაღებული ძალები ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არანაირად არ მონაწილეობენ. ამავე დროს, მან არ გამორიცხა სამხედრო ნაწილების პოლიტიკური ზეწოლის ობიექტად ქცევის შესაძლებლობაც:
[ დავით თევზაძის ხმა] " გეტყვით - ამ დილით იყო რამდენიმე ინფორმაცია, ახლა გადამოწმების სტადიაში ვართ - არის უამრავი ადამიანი, იცით თქვენ, ყოფილი სამხედრო, ზოგი ნაწყენი, ზოგი გარკვეული პოლიტიკური იდეების მატარებელი. ალბათ, არ იქნება გამორიცხული მცდელობა, რომ სამხედრო ნაწილები აღმოჩნდნენ პოლიტიკური ზეწოლის ობიექტები."
უახლოეს დღეებში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობებს არ გამორიცხავს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძეც, რომელიც ადასტურებს ოპერატიული ინფორმაციის არსებობას უკანონო შეიარაღებული ჯგუფებისა და პირების შესახებ. ოღონდ, მისი განმარტებით, ამ ადამიანებს ჯართან არავითარი შეხება არა აქვთ.
XS
SM
MD
LG