Accessibility links

logo-print

როგორ უფრთხილდება გარდამავალი ხელისუფლება "ხავერდოვანი რევოლუციის" ჯარისკაცებს


სამხედრო ძალებისა და პოლიციის რიგებში ქართულ "ხავერდოვან რევოლუციას"

უამრავი მომხრე ჰყავდა, მაგრამ ყველაზე მძიმე, 22 ნოემბრის, ღამეს რამდენიმე ოფიცერმა და ჯარისკაცმა ღიად გამოხატა თავისი მხარდაჭერა და ხალხის დასაცავად პარლამენტის შენობის წინ დადგა. ერთ-ერთმა მათგანმა, სახმელეთო ჯარების ყოფილმა სარდალმა, მაიორმა გიორგი ბლიაძემ რადიო "თავისუფლებისთვის" 23 ნოემბერს მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თავის გადაწყვეტილებას "მხედრული და ღირსეული" ნაბიჯი უწოდა. მაგრამ, როგორც შევიტყვე, "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ ოფიცერთა ამ ჯგუფზე თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო. როგორც ჩანს, პრინციპით - ურტყი შენიანს, რათა სხვები შეაშინო, დროებითი ხელისუფლება კონტრრევოლუციური საშიშროების თავიდან აცილებას "ხავერდოვანი რევოლუციის" ჯარისკაცების სამაგალითო დასჯით ცდილობს.

ბუნდესვერის სამხედრო სკოლის კურსდამთავრებულის, 30 წლის მაიორ გიორგი ბლიაძის მხედრული ბიოგრაფია საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება: იგი იყო ქართული ოცეულის მეთაური კოსოვოში, სპეცდანიშნულების ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, მე-11 ბრიგადის მეთაური, სახმელეთო ჯარების სარდალი. "ხავერდოვან რევოლუციამდე" გიორგი ბლიაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნატოსთან თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებდა. რადიო "თავისუფლებასთან" მისი საუბარი პირველად 22 ნოემბრის ღამეს საქართველოს პარლამენტის ეზოში გაიმართა, სადაც ახალგაზრდა ქართველი ოფიცერი რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად გაერთიანებული ოპოზიციის მხარდასაჭერად მივიდა. აი, როგორ ხსნიდა მაიორი ბლიაძე თავის გადაწყვეტილებას:

[გიორგი ბლიაძის ხმა] "ეს არის მხედრული საქციელი და ისეთი საქციელი, რომელიც შეეფერება ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ფორმა აცვია, განურჩევლად იმისა, რიგითია თუ ოფიცერი. არის სიტუაცია, როდესაც სამხედროსთვის ძნელია ასეთი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ვითარებაში, სადაც თეთრი და შავი აშკარად ჩანს, მე მგონი, ნორმალურად მოაზროვნე ყველა ოფიცერმა უნდა შეძლოს გადაწყვეტილების მიღება."

22 ნოემბრის ღამესვე გაერთიანებული ოპოზიციის მხარდასაჭერად პარლამენტის შენობაში მთელი შემადგენლობით მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი, გენერალ გია გულუას სახელობის, ბატალიონი. ამ ქვედანაყოფის გამოჩენამ ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინა მოსახლეობასა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც სამხედროების მაღალ მოქალაქეობრივ შეგნებას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ასხამდნენ ხოტბას.
მაგრამ, ვიმეორებთ, ეს იყო 22 ნოემბერს.
"ხავერდოვანი რევოლუციიდან" რამდენიმე დღის შემდეგ, 28 ნოემბერს, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალმა ვლადიმერ იმნაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას და იმ ოფიცერთა მიმართ, ვინც 22 ნოემბერს მიტინგის დასაცავად მივიდა, სამსახურებრივი მოკვლევა დანიშნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე მიიჩნევს, რომ ოფიცერთა ეს ჯგუფი იდგა იქ, სადაც არ უნდა მდგარიყო.

[დავით თევზაძის ხმა] "დაახლოებით 5 თუ 6 კაცი იყო იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო სრული მზადყოფნის პირობებში. დანიშნულია მოკვლევა, გადაეცემა პროკურატურას მასალები და მერე განისაზღვრება, რა როგორ მოხდეს."

ოფიცერთა ამ ჯგუფში შედის გერმანიის ბუნდესვერის გენერალური შტაბის აკადემიის კურსდამთავრებული, სახმელეთო ჯარების შტაბის ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე. იგი ამბობს, რომ სამსახურებრივი მოკვლევის უკან იმალება ანგარიშსწორების სურვილი იმ ოფიცრებზე, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროს მართვის მოძველებულ სტილს დიდი ხნის წინ გამოუცხადეს პროტესტი.

[გიორგი თავდგირიძის ხმა] "ეს არის ორი სისტემის, ორი მენტალიტეტის ბრძოლა. ეს არის ძველი საბჭოთა მენტალიტეტის ბრძოლა დასავლურ მენტალიტეტთან. აქ უფრო ნიუანსურად რომ ჩავუღრმავდეთ, ერთი პიროვნება გიორგი თავდგირიძე საფრთხეს არ წარმოადგენს ძველი სისტემისთვის. მაგრამ აქ არის ტენდენცია მთელ შეიარაღებულ ძალებში, როდესაც საზოგადოებრივი შეგნება ოფიცრების იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ მათ დაარღვიეს საბჭოური დისციპლინის წესდება - როცა ბრძანებაა მთავარი და არა კანონი. მთავარი პრინციპი, რომელიც ჩვენ უნდა დავამკვიდროთ ჯარში, არის ის, რომ ბრძანება არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან იმ ოფიცერს, ვინც ასრულებს ამ ბრძანებას."


უნდა ასრულებდეს თუ არა სამხედრო მოსამსახურე უკანონო ბრძანებას და ნიშნავს თუ არა დისციპლინის მოთხოვნათა დარღვევას ხალხთან დადგომა მათ დასაცავად? ჩემს არქივში ინახება 21 ნოემბერს ჩაწერილი ხმა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის, გენერალ გია ჯიქიასი, რომელიც "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ დაწინაურდა.
[გია ჯიქიას ხმა] "ყველამ გაითავისოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლი - ხელისუფლების წყარო არის ხალხი. და როდესაც ხალხს არ უნდა, ვიღაცა ჩინოვნიკი იქ ბრძანებას ვერ გასცემს ცეცხლის გახსნაზე, ძალის გამოყენებაზე. თუ საჭიროება იქნება, მე არც გამბედაობა მაკლია და არც ჩემ თავზე ვფიქრობ - გამოვალ და სახალხოდ ვიტყვი: არ შეასრულოთ უკანონო ბრძანება! არც შეასრულებენ! საქმეს აღვძრავ, შეიძლება სიტუაცია ისე დაიხლართოს, რომ ბოლომდე ვერ მივიდე, მაგრამ ისტორიას ეს დარჩება. ეს არის მთავარი!"

მაგრამ, როგორც ჩანს, ის, რაც ეპატიება სამხედრო პროკურორს, არ ეპატიება ხუთ ქართველ ოფიცერს, რომელთა მთელი დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მაშინ, როცა მათი უშუალო ხელმძღვანელი გენერლები ჯერ კიდევ ფიქრობდნენ, გაეცათ თუ არა ბრძანება მიტინგის იარაღის ძალით დარბევის შესახებ, ისინი ხალხის დასაცავად დადგნენ.
რისთვის მოხდა "ხავერდოვანი რევოლუცია", თუკი ამ რევოლუციის ჯარისკაცების ბედი ისევ იმათი გადასაწყვეტია, ვინც თქვენ გიპირისპირდებოდათ?" ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ პოულობს მაიორი გიორგი ბლიაძე.
ქართველ ოფიცრებს ეჭვი აქვთ, რომ, პრინციპით - ურტყი შენიანს, რათა სხვები შეაშინო, დროებითი ხელისუფლება კონტრრევოლუციური საშიშროების თავიდან აცილებას "ხავერდოვანი რევოლუციის" ჯარისკაცების სამაგალითო დასჯით ცდილობს.
XS
SM
MD
LG