Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული სპორტის საუკუნე - დაუვიწყარი სახელები"


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი. დღევანდელ სპორტული პროგრამა ეძღვნება ღვაწლმოსილ მწვრთნელს,

კალათბურთელთა თაობების აღმზრდელს სულიკო თორთლაძეს. გადაცემის ავტორია ჩვენი თბილისელი კოლეგა ელგუჯა ბერიშვილი.

ოცი წლის წინანდელი ამბავია - სულიკო თორთლაძეს ქუთაისში ვესტუმრე და ინტერვიუ ვთხოვე. შეუძლოდ იყო, მაგრამ უარი არ უთქვამს. საწოლზე ჩამოჯდა, ზურგით ბალიშს მიეყრდნო, პირსახოცით ოფლიანი სახე შეიმშრალა და სასაუბროდ გაემზადა. სამწუხაროდ, უკანასკნელი ინტერვიუ გამოდგა - ერთ თვეში გარდაიცვალა. ახლაც თვალწინ მიდგას მისი ნათელი სახე: ფიქრიანი და ოდნავ სევდიანი. ჩვენი მაშინდელი საუბრის თემა, რასაკვირველია, ქართული კალათბურთი იყო. ეს ინტერვიუ "ლელოში" გამოქვეყნდა და ახლა მინდა ერთი პატარა ნაწყვეტი შემოგთავაზოთ.

"ქართველებს კალათბურთის თამაში შეგვიძლია და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ - საბჭოთა კავშირშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ახლა გვიჭირს და იმის დამტკიცება გვიწევს, რომ ჩვენ შეგვიძლია დღევანდელი კრიზისი დავძლიოთ და ძველი სახელი დავიბრუნოთ. ამის გაკეთება აუცილებლად მოგვიწევს. თუ ეს ვერ მოვახერხეთ, გამარჯვებები მხოლოდ წარსულში დარჩება. ქართული კალათბურთი მეტ ყურადღებასა და მხარდაჭერას იმსახურებს. ვიმეორებ: ჩვენ დიდი საკალათბურთო ტრადიციის და, მაშასადამე, დიდი პოტენციის ხალხი ვართ."

სულიკო თორთლაძე ერთ-ერთი იმათაგანი იყო, ვინც ამ ტრადიციას საფუძველი ჩაუყარა: ჯერ როგორც კალათბურთელმა, მერე კი სახელოვანმა მწვრთნელმა. 1940-იან წლებში თორთლაძე ქუთაისის "დინამოში" თამაშობდა, ოთარ ქორქიას, შოთა ქორქაშვილის, ჯუმბერ ნიჟარაძის და სხვა ცნობილ კალათბურთელთა გვერდით. მოგვიანებით, ეს გუნდი, თითქმის სრული შემადგენლობით, თბილისის "დინამოში" გადაიყვანეს. მერე და მერე საქმე ისე წავიდა, რომ ქუთაისი, თუ შეიძლება ითქვას, ჩვენი საკალათბურთო კლუბების მთავარ მომმარაგებლად იქცა. პირველი თაობების ქუთაისელ კალათბურთელთაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ოთარ ქორქია და ნოდარ ჯორჯიკია, 1960-იანი წლებიდან კი უკვე სულიკო თორთლაძის აღზრდილთა ჯერი დადგა. აქ მხოლოდ ორს დავასახელებ: ზურაბ საკანდელიძეს და მიხეილ ქორქიას, ორ ოლიმპიურ ჩემპიონს და ყველა სხვა უმაღლესი სპორტული ტიტულების მფლობელებს. ერთ ადრინდელ საგაზეთო ინტერვიუში ზურაბ საკანდელიძე იხსენებს: "ბატონი სულიკო კალათბურთის ანბანთან ერთად, საქართველოს სიყვარულსაც გვასწავლიდა. ასეთ პატრიოტ და საქმეზე გადაგებულ კაცს იშვიათად შევხვედრილვარ. ზოგჯერ ვარჯიშებს მზის გულზე, გაგანია სიცხეში დაგვინიშნავდა და ასე გვცდიდა. ჩვენთან ერთად დარბოდა და ვარჯიშობდა, მერე არაქათგამოცლილებს შინ გაგვისტუმრებდა, თვითონ კი სხვა ჯგუფს უხმობდა სავარჯიშოდ." ზურაბ საკანდელიძის აზრით, სულიკო თორთლაძეს იშვიათი პედაგოგიური ალღო და ბავშვებთან ურთიერთობის უნარი ჰქონდა. მან დიდ კლუბებში მუშაობას ბავშვთა მწვრთნელობა ამჯობინა და არჩევანში არ შემცდარა. ახლა მიხეილ ქორქიას მოვუსმინოთ.
(მიხეილ ქორქიას ხმა): "მას შემდეგ, რაც თორთლაძესთან დავიწყე ვარჯიში, სკოლის ფიზკულტურის გაკვეთილს ხშირად ვაცდენდი და ამის გამო მასწავლებელთან უსიამოვნო საუბარიც მქონდა... ერთხელ კალათბურთის დარბაზში მივედი, შევგროვდით 20-25 ბიჭი, ვემზადებით "სპარინგისთვის". სულიკო არ ჩანს, იგვიანებს, გავიდა ათი წუთი, მაგრამ არ გამოდის მოედანზე. ჩვენ ისევ გასახდელში ვართ. შემოდის სულიკო და მეუბნება: "შენ, ბიჭო, რომ დაყუდებულხარ ანჩისხატივით, მოდი აქ1" მივედი და ვეკითხები - "რა არის სულიკო მას?" ახლა გაჩვენებ რაც არისო და ბრახ1 ბრახ1 მირტყამს, რა. ისევ ვეკითხები, რა დავაშავე ამისთანა-მეთქი. რა დააშავე კი არა, შენ ასე და ისეო, შენ, ბიჭო, ფიზკულტურის მასწავლებელს როგორ შეაგინეო, ესე იგი, შენ მეც იგივეს მიზამ და მეც გამიცდენ ვარჯიშსო?.. აი, ასეთი კაცი იყო. მერე, ერთ-ერთ ვარჯიშზე, ეტყობა შევეცოდე - მოვიდა და მომეფერა."
მიხეილ ქორქია ხუთი წელი ვარჯიშობდა სულიკო თორთლაძესთან. "ეს იყო დაუვიწყარი წლები. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანს შევხვდი," - ამბობს ბატონი მიხეილი და კიდევ ერთ საინტერესო ეპიზოდს იხსენებს.
(მიხეილ ქორქიას ხმა): "ხუთი წლის განმავლობაში ერთხელ არ მოვიდა ვარჯიშზე. დარბაზში ვიღაც უცხო კაცმა მოგვაკითხა და გვეუბნება - წამოდით, სულიკო თორთლაძე გეძახითო. წაგვიყვანა რესტორან "იმერეთში", თეთრ ხიდთან. შევლაგდით ბავშვები, სულიკოა თამადა. თვალები გაუბრწყინდა - აი, საქართველოს მომავალი მოვიდაო. ყველანი დაგვლოცა, მერე კი უღვინოდ გვაქეიფა."
მიხეილ ქორქიას მეუღლეს, ქალბატონ მანანას ასეთი სულიკო თორთლაძე ახსოვს:
(მანანა ქორქიას ხმა): "ბატონი სულიკოსგან მე მახსოვს სითბო, პირველ რიგში. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, უგანათლებულესი, პოეტური. ძალიან დიდი მეგობრები ვიყავით. ყოვენთვის მაკლია იმიტომაც, რომ ასეთი ადამიანები დღეს ძალიან ცოტაა საქართველოში, სამწუხაროდ1"
სულიკო თორთლაძე 1984 წელს გარდაიცვალა. იმდროინდელ "ლელოში" გამოქვეყნებული ერთ-ერთი გამოსათხოვარი წერილი ასე მთავრდება: "საოცრად უყვარდა სამშობლო. კალათბურთთან ერთად კაცურკაცობას, მამულიშვილობას გვასწავლიდა. შეუტიეთ ბიჭებო, ქართულად შეუტიეთ! გადმოგვძახებდა და საბრძოლველად აგვანთებდა. ჩვენც ვიბრძოდით." ამ წერილს ხელს აწერენ სულიკო თორთლაძის შეგირდები: ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი, ზურაბ გრძელიძე, გელა დარსაძე.
XS
SM
MD
LG