Accessibility links

logo-print

ყოვულკვირეული პროგრამა


დედაქალაქი, შეიძლება ითქვას, "კულტურულ შოკშია".

საქართველოს მოქალაქეების ყურადღება მთლიანად ტელევიზორებისკენაა მიმართული - თეატრის, კინოსა და საგამოფენო დარბაზებისთვის დღეს არავის სცალია. თბილისის თეატრებში სპექტაკლის სანახავად მისული მცირერიცხოვანი მაყურებელი მოუთმენლად ელის ანტრაქტის დაწყებას, რათა საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბროს... მოუთმენლად ელის სპექტაკლის დასრულებას, რათა შინ დაბრუნდეს და საინფორმაციო პროგრამებს უყუროს ან უსმინოს.

"რევოლუციურმა" და ახლა უკვე "პოსტრევოლუციურმა" ეპოქამ ყველაზე მეტად თეატრი დააზარალა.
ოპერაში 13 დეკემბრისთვის გადაიდო იტალიელ მომღერალთა გასტროლები. იტალიის კულტურის დღეების პროგრამაში ჩართული "ტოსკა" 21 ნოემბერს უნდა წარმოედგინათ. ერთ-ერთ ინტერვიუში ოპერის თეატრის დირექტორმა აღნიშნა, რომ 2 ნოემბრის შემდეგ ხალხი ბილეთებს უკან აბრუნებდა. დიდი თეატრის ვარსკვლავის ელენე ბრიოლოვას გასტროლები კი ცარიელ დარბაზში გაიმართა. 2 ნოემბრიდან ვერ მოხერხდა სპექტაკლების თამაში გრიბოედოვის სახელობის რუსულ და "თავისუფალ" თეატრებში. ჩვენთან საუბარში ამ თეატრების ხელმძღვანელმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა აღნიშნა, რომ შინაგანმა ჯარმა, რომელიც მიტინგების დროს კანცელარიას იცავდა, მსახიობები თეატრში არ შეუშვა. თუმცა, ვარსიმაშვილის თქმით, ხალხს, ეტყობა, მართლა მოენატრა თეატრი. ჯერ კიდევ 24 ნოემბერს გაიყიდა ყველა ბილეთი სპექტაკლებზე, რომელიც "თავისუფალ თეატრში" შაბათ-კვირისთვის იყო დაგეგმილი. ავთანდილ ვარსიმაშვილი აღნიშნავს, რომ "თავისუფალი თეატრის" შექმნის პირველივე დღიდან რეჟისორები, მსახიობები ცდილობდნენ გაემართლებინათ თეატრის სახელწოდება... ხალხი კვირის დასაწყისში თავისუფლების გამარჯვებას ზეიმობდა ქუჩაში, ამიტომ ბუნებრივია, რომ მათ იმ თეატრში მისვლის სურვილიც გაუჩნდათ, რომელსაც "თავისუფალი" ჰქვია.

საერთოდ, ამ კვირაში ქართული კულტურის მუშაკები თავისუფლებაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ. როგორც გაირკვა, მხატვარი გია ბუღაძე "ხავერდოვანმა რევოლუციამ" ისე შთააგონა, რომ ახალ მონუმენტურ ტილოზე დაიწყო მუშაობა. უფრო მეტიც, სამხატვრო აკადემიის პრორექტორმა პოსტი დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ მას "ხავერდოვანი რევოლუციის" გამარჯვების შემდეგ რექტორის რეალურ კანდიდატად ასახელებდნენ:

[გია ბუღაძის ხმა] "წამოვედი, როგორც რექტორობის კანდიდატი. არ მინდა ხმა გავრცელდეს, თითქოს იმიტომ ვიდექი და ვდგავარ სიმართლისა და სამართლიანობის დასაცავად, რომ მომავალში, როცა ახალი ხელისუფლება მოვიდოდა, ვყოფილიყავი რექტორი ან რაღაც თანამდებობა მქონოდა."

"კულტურულმა შოკმა" და თავისუფლების განცდამ მნიშვნელოვნად იმოქმედა იმ ქართველ მუსიკოსებზეც, რომლებიც 2 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე ოპოზიციის გვერდზე იდგნენ... და აქ ერთი დეტალი იკითხება: "ხავერდოვან რევოლუციაში", ფაქტობრივად, არ მონაწილეობდნენ ქართული პოპ-მუსიკის ვარსკვლავები. ზოგს, როგორც ჩანს, ამის უფლება არ ჰქონდა (გაგახსენებთ, რომ ესტრადის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავები დღეს ბადრი პატარკაციშვილის "არტ-იმედში" არიან გაერთიანებულნი), ზოგს შეეშინდა, ზოგიც მაშინ გამოჩნდა მხოლოდ, როცა ყველაფერი დასრულებული იყო და როცა პარლამენტის წინ გამარჯვების აღსანიშნავი ფეიერვერკი მოეწყო, ე.ი. 24 ნოემბერს - როკ-მუსიკოსების აქციაზე... მაგრამ პოპ-ვარსკვლავები სცენაზე, როგორც ჩანს, ახლოს არ გაიკარეს. არ გაიკარეს არც ისინი, ვინც ჯერ კიდევ იანვარში ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციაში დაბადების დღის მისალოცად ეწვია, ხოტბა-დიდება შეასხა, "ახალგაზრდა მუსიკოსები, მსახიობები, თქვენთან ვართ, ბატონო ედუარდო," ახლა კი "შენს გვერდით გვიგულე, მიშაო", ასე ამბობენ...

როკ-მუსიკა კი ყოველთვის იქ იყო, სადაც პროტესტს გამოხატავდნენ. აღმოჩნდა, რომ ასეა საქართველოშიც. ანსამბლები "სოფთ ეჯექტი", "33 ა", "მწვანე ოთახი", "ვნება" ზუმბა... ქართული შოუ-ბიზნესის სამყაროში, რომელიც მთლიანად დაპყრობილი აქვთ, როგორც იტყვიან ხოლმე, "გაყიდულ" მუსიკალურ თოჯინებს, ამ ანსამბლებს დღეს ძალიან უჭირთ. გაჭირვებიდან პროტესტამდე კი ერთი ნაბიჯია... შესაძლებელია, ამიტომაც შეუერთდნენ ისინი "ხავერდოვანი რევოლუციის" პროტესტანტ-პოლიტიკოსებს არჩევნების დასრულებისთანავე. ასეთი აქტიურობა კი მათ დაუფასეს. 24 ნოემბერს პარლამენტის წინა მოედანი დაუთმეს. საქართველოს ისტორიაში პირველად აქ არა მიტინგი, არამედ კონცერტი - თანაც როკ-მუსიკის კონცერტი - გაიმართა. თანაც აბსოლუტურად თავისუფალი, იმპროვიზაციაზე აგებული, პათეტიკური ტექსტებისა და ცრუპატრიოტული ჰიმნების გარეშე.

[კონცერტი. "ვნება". მუსიკის ბოლოს სოლისტის ტექსტი: "რას მოვესწარით, ხალხო, მთავრობის სახლთან თავისუფალი, ცოცხალი კონცერტი მიდის."]

საზეიმო კონცერტში მონაწილე ქართულმა ანსამბლებმა, როგორც ჩანს, გაითვალისწინეს, ვინ იდგა იმ საღამოს მათ მოსასმენად. რუსთაველის პროსპექტი გავსებული იყო არა მარტო "სოფთ ეჯექტისა" და ზუმბას ფანებით, არამედ "კულტურული შოკის" ქვეშ მყოფი მოსახლეობით - იმ ადამიანებით, ვინც აქ 22 და 23 ნოემბერს მიტინგზე იდგა და იმ ხალხითაც, ვისაც აქამდე საქართველოს უახლესი ისტორიის, შეიძლება ითქვას, უნიკალური სურათების ტელევიზიით ნახვა ერჩივნა... და, რაც მთავარია, იმ ადამიანებით, რომლებიც თბილისში საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოვიდნენ. აქამდე პარლამენტის წინ ხალხი კახურ, მეგრულ, სვანურ, გურულ სიმღერებს მღეროდა, ცეკვავდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩეჩნური სიმღერებიც შესრულდა. როკ-მუსიკოსებს აუცილებლად უნდა დაეკრათ რაღაც ისეთი, რაც უბრალო ადამიანებს განწყობილებას შეუნარჩუნებდა. ქართული როკის ერთ-ერთმა ყველაზე თვითმყოფადმა ანსამბლმა "სოფთ-ეჯექტმა" ეს ამოცანა წარმატებით გადაწყვიტა.


[კონცერტი "სოფთ ეჯექტი"]

გამარჯვების "კულტურულ-პოლიტიკურ შოუს" აუცილებლად სჭირდებოდა თავისი გმირი. საზეიმო კონცერტის ორგანიზატორებმა ესეც გაითვალისწინეს. მას შემდეგ, რაც დასრულდა სიმღერები, დასრულდა ფეიერვერკი, ტრიბუნაზე მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ასეთი სროლები არ ჯობია პარლამენტთან? თითოეული ხართ ამ დღეების გმირი. მოუყევით მერე თქვენს შვილებს და შვილიშვილებს, რა ქენით... ურჩხული დაამარცხეთ, ხალხო!"

ასე გაერთიანდა დაძაბული კვირის ბოლოს და არანაკლებ დაძაბული კვირის დასაწყისში პოლიტიკა და შოუ. რამდენიმე დღის შემდეგ კი, "ღამის კურიერში", ფრიად საინტერესო "სმს-მა" "გაირბინა": "ეს მოცეკვავე რევოლუცია იყო. ამქვეყნად მხოლოდ ქართველები ახდენენ რევოლუციებს ცეკვა-თამაშით."
XS
SM
MD
LG