Accessibility links

logo-print

დონალდ რამსფელდის სამხრეთკავკასიურ ტურნესთან დაკავშირებული მოლოდინები


აშშ-ის საელჩო საქართველოში ჯერჯერობით არ ახმაურებს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოსალოდნელი ვიზიტის ზუსტ თარიღსა

და შეხვედრის დღის წესრიგს. თუმცა, მიუხედავად ამისა, დონალდ რამსფელდის ჩამოსვლაზე აქტიურად საუბრობენ საქართველოს გარდამავალი ხელისუფლების კულუარებში. ექსპერტთა ნაწილიც დარწმუნებულია, რომ პენტაგონის თავკაცის ვიზიტი სასარგებლოდ აისახება საქართველო-ამერიკის სამხედრო თანაშრომლობაზე. ასეთი ვარაუდის საფუძველს მათ დონალდ რამსფელდის წინა ვიზიტის შედეგები აძლევს.

დეკემბრის პირველ დეკადაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში - აზერბაიჯანსა და საქართველოში -შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს დონალდ რამსფელდს ელოდებიან. ისევე როგორც 2 წლის წინ, პენტაგონის თავკაცის ტურნეს შესახებ ზუსტი ცნობები ოფიციალურ დონეზე წინასწარ არც ამჯერად ცხადდება. შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს ამერიკის თავდაცვის მინისტრის უსაფრთხოება - დონალდ რამსფელდი სამხრეთ კავკასიას, სავარაუდოდ, ტრადიციულად, ავღანეთისა და ერაყის მონახულების შემდეგ ესტუმრება. თუმცა, ასეა თუ ისე, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დონალდ რამსფელდის ვიზიტს დიდი მოლოდინები უკავშირდება.

რადიო "თავისუფლების" აზერბაიჯანული სამსახურის თანამშრომლის როვშან გამბაროვის თქმით, აზერბაიჯანში მოელიან, რომ ბაქოში დონალდ რამსფელდის ვიზიტის დროს საბოლოოდ გადაწყდება იმ პროექტის ბედი, რომელიც კასპიის ნავთობსაბადოების დაცვის ერთიანი უსაფრთხოების სისტემის შექმნას ითვალისწინებს.

[როვშან გამბაროვის ხმა] "მცირე ხნის წინ აზრებაიჯანს სტუმრობდა ამერიკელი მაღალჩინოსანი გენერალი, რომელმაც განაცხადა, რომ კასპიის წყალქვეშა ბასეინის კონტროლის უზრუნველსაყოფად, შეერთებული შტატები აპირებს 2004 წლის დასაწყისში დიდი სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს აზერბაიჯანს. სწორედ ამასთან დაკავშირებით, დეკემბრის პირველ დეკადაში აზერბაიჯანში იგეგმება დონალდ რამსფელდის ვიზიტი და ამ ვიზიტისგან ბაქოში სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტას მოელიან."

ამერიკის თავდაცვის მინისტრის სტუმრობა საქართველოსაც კარგად აქვს დაცდილი: ზუსტად 2 წლის წინ, 2001 წლის 15 დეკემბერს, დონალდ რამსფელდის 5 საათიან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან ერთი წლის თავზე უპრეცედენტო "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ამოქმედება მოჰყვა. ერთობლივ ქართულ-ამერიკული პროგრამის ფარგლებში, რომელზეც პენტაგონმა 64 მილიონი დოლარი გამოყო, ამერიკელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა საქართველოში სამი პროფესიული ბატალიონი გაწვრთნეს. მეოთხე და ბოლო სატანკო ბატალიონის დაკომპლექტება კი სულ მალე დამთავრდება. საქართველომ კი ეს სასიცოცხლო დახმარება დიდ სტრატეგიულ მოკავშირეს იმით გადაუხადა, რომ მაისში 70 კაციანი შერეული ქვედანაყოფი ერაყში, მესამე საველე არმიის განკარგულებაში, გაგზავნა.

ვინაიდან სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი კიდევ უფრო ძლიერდება, პოლიტოლოგ დავით დარჩიაშვილს მიაჩნია, რომ ამერიკული დახმარება "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის" შემდეგაც გაგრძელდება. ოღონდ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მზად იქნება ახალი ხელისუფლება გათავისუფლდეს საშიში მემკვიდრეობისგან.

ახალ ხელისუფლებას კი საქმიანობა ცაიტნოტში და სრული ეკონომიკური კოლაფსის პირობებში უწევს. როგორც ორშაბათს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, ვითარება იმდენად რთულია, რომ არმიის გამოსაზამთრებლად საქართველოს ხელისუფლებამ, შესაძლოა, საკვებით დახმარებაზე მეგობარ ქვეყნებს მიმართოს.
XS
SM
MD
LG