Accessibility links

ამომრჩეველთა სიები - პრობლემა N1


დავით პაიჭაძე, თბილისი მომავალი საპრეზიდენტო - ისევე, როგორც ბათილად გამოცხადებული საპარლამენტო - არჩევნების მთავარ ტექნიკურ პრობლემად ამომრჩეველთა სიები რჩება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინა შემადგენლობამ ვერაფერი იღონა ამ სირთულის მოსაგვარებლად. განახლებულ კომისიას, პირველ რიგში, სწორედ სიების პრობლემა ხვდება. რა რესურსი და საშუალებები არსებობს საიმისოდ, რომ ამომრჩეველთა სიები საპრეზიდენტო არჩევნებზე რეალურ ამომრჩევლებს დაემთხვეს?

მთავარი ამოცანაა, ამომრჩეველს მიეცეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და, უბანზე ხმის მისაცემად მისულს, შინ გაბრუნება არ მოუხდეს, მითხრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მას შესაძლებლად მიაჩნია არჩევნების დღეს მოქალაქის სარჩევნო სიაში შეტანა.

[ჭიაბერაშვილის ხმა] "შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ დამატებითი მექანიზმების შემოტანა, ამომრჩევლის ჩაწერა არჩევნების დღეს სიაში და მის მიერ ხმის მიცემა კარუსელად იქნება გამოყენებული, მაგრამ, მეორე მხრივ, მარკირების პროცედურა სწორედ იმიტომ არის შემოღებული და იმიტომ განხორციელდება 4 იანვარს, რომ ამ საკითხს მოევლოს."

ცხადია, 4 იანვარს იდეალური სიები არ გვექნება, მაგრამ ეს უნდა იყოს მაქსიმალურად გაწმენდილი საარჩევნო სიები, - ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის მომხრეა. ის იმედოვნებს, რომ ამომრჩევლები აქტივობას გამოიჩენენ და თავად დარეგისტრირდებიან შესაბამის უბნებზე. თუმცა ამომრჩეველთა აქტივობა და წინასწარი რეგისტრაცია მხოლოდ დამატებითი და არა ერთადერთი რესურსია სიის დაზუსტებისთვის. ნათელია, რომ ბევრ მოქალაქეს დაეზარება საარჩევნო უბანზე რეგისტრაციის გავლა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანს დიმიტრი ქიტოშვილს მიაჩნია, რომ სიების, როგორც ტექნიკური პრობლემის, მოგვარება შესაძლებელია და ამას საარჩევნო ადმინისტრაციის, სიების ფორმირებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურების, უწინარესად, შსს-ს ერთობლივი ნება სჭირდება.

[ქიტოშვილის ხმა] "თუკი ეს ნება იქნება, - და იქნება ნამდვილად, - დამერწმუნეთ, არსებობს იმის ადამიანური და ტექნიკური რესურსი, რომ არჩევნების დღისთვის სიები, იდეალური თუ არა, იდეალურთან მიახლოებული მაინც იყოს."

სიების დადგენის პროცესს დიმიტრი ქიტოშვილი ასე აღწერს: შსს-დან იღებენ იმ ადამიანთა კომპიუტერულ ნუსხას, ვისზედაც გაცემულია პირადობის მოწმობები და პასპორტები, ამათ ემატება საბჭოთა პასპორტის მქონეთა ხელნაწერი მონაცემები და იფილტრება; ანუ აკლდება მიცვალებულთა სახელები და გადაეცემა საარჩევნო უბნებს.

[ქიტოშვილის ხმა] "სწორედ საუბნო კომისია იქნება მათ დაზუსტებაზე პასუხისმგებელი. საუბნო კომისია იმუშავებს ბევრი მიმართულებით. საუბნო კომისიის წევრებმა, შესაძლებელია, ბევრგან სია გადაამოწმონ კარდაკარ სიარულითაც. ამასთან, საუბნო კომისიები მუდმივად განაცხადებენ, რომ ამომრჩევლები მივიდნენ და საკუთარი თავი აღმოაჩინონ საარჩევნო სიებში. რაც მთავარია, სიაში ცვლილებების შეტანის პროცედურა იქნება, რაც შეიძლება, გამარტივებული და ორიენტირებული იქნება ამომრჩეველთათვის კომფორტის შექმნაზე. ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს, რაც შეიძლება, ცოტა, ხოლო სახელმწიფომ და საარჩევნო ადმინისტრაციამ იმუშაოს, რაც შეიძლება, მეტი."

დიმიტრი ქიტოშვილი იხსენებს 2 ნოემბრის მწარე გამოცდილებას და ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად მობილიზებული იქნება, რათა კვლავაც არ იწვნიოს ის, რაც მაშინ იწვნია.
XS
SM
MD
LG