Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა 2 დეკემბრამდე გაგრძელდა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ახლად დაკომპლექტებულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველსავე სხდომაზე 2 დეკემბრის 18 საათამდე გააგრძელა პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა.

შესაბამისად, მათ, ვინც ჯერ კიდევ ჭოჭმანობს და ვერ გადაუწყვეტია, მიიღოს თუ არა მონაწილეობა 4 იანვარს დანიშნულ არჩევნებში, მოსაფიქრებელი დრო კიდევ აქვს. 2003 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, მონაწილეთა რაოდენობის თვალსაზრისით, შესაძლოა, რეკორდული აღმოჩნდეს.

ედუარდ შევარდნაძე, ავთანდილ ჯოგლიძე, ვაჟა ჟღენტი, თენგიზ ასანიძე, ქართლოს ღარიბაშვილი, ჯუმბერ პატიაშვილი - 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ ეს 6 კანდიდატი იბრძოდა გამარჯვებისთვის. მეშვიდემ, ასლან აბაშიძემ, არჩევნებიდან ორი დღით ადრე მოხსნა თავისი კანდიდატურა საარჩევნო მარათონიდან. მაშინ, 2000 წლის არჩევნებში, ედუარდ შევარდნაძემ ხმების 79 პროცენტი მიიღო, ჯუმბერ პატიაშვილმა - 16 პროცენტზე ოდნავ მეტი. სხვა კანდიდატების შედეგი საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებოდა: მათ ხმების 1 პროცენტზე ბევრად ნაკლები მიიღეს.

2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვითარება ასეთია: ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებში მონაწილეობის განაცხადით 13 პირმა მიმართა. 2000 წლის არჩევნების მსგავსად, დღესდღეობით მხოლოდ ერთი რეალური კანდიდატია - ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომლის გამარჯვება, არა მგონია, ვინმეს აეჭვებდეს. არჩევნებში არ მონაწილეობს წინა ორი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი "წონიანი" კანდიდატი - ჯუმბერ პატიაშვილი. სამაგიეროდ, მონაწილეობენ წინა არჩევნების სხვა კანდიდატები - მაგალითად, როინ ლიპარტელიანი და ქართლოს ღარიბაშვილი. არჩევნებში ჩართვის რთული გადაწყვეტილება მიიღო იმერეთში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა თემურ შაშიაშვილმა. 2004 წლის არჩევნების ერთ-ერთი განსხვავება ისიც არის, რომ პირველად პრეზიდენტის საარჩევნო მარათონში ჩართვა გადაწყვიტა ქალბატონმა - ელენე ტეფნაძემ. სხვა კანდიდატთა სახელებიდან ზოგი საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია - მაგალითად, გიორგი ყორღანაშვილი და ზურაბ ქელეხსაშვილი, სხვები - სრულიად უცნობი.

სავარაუდოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ არ გაატარებს რეგისტრაციაში უშიშროების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს იგორ გიორგაძეს, რომელმაც ამჯერადაც გამოთქვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. 1 დეკემბერს გავრცელებული ცნობებით, იგორ გიორგაძე უკვე სოხუმშია და გეგმავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუმტკიცოს, რომ ბოლო წლების მანძილზე სწორედ აფხაზეთში ცხოვრობდა. შეგახსენებთ: 2 ნოემბრის არჩევნების წინ რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენისას გაირკვა, რომ თურმე ბოლო ორი წლის მანძილზე იგორ გიორგაძე ყოფილ სამხრეთ ოსეთს აფარებდა თავს.

ერთიანი კომუნისტური პარტიის თვმჯდომარის პანტელეიმონ გიორგაძის განცხადებით, თუ მის შვილს ამჯერადაც პრობლემებს შეუქმნიან რეგისტრაციასთან დაკავშირებით, დადასტურდება, რომ მთავრობა დაინტერესებული არ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით. როგორც მან განუცხადა სააგენტო " პრაიმ-ნიუსს", აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა უკვე განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერენ იგორ გიორგაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში.
სხვა განცხადებას აკეთებს სოხუმის ხელისუფლების უშიშროების მინისტრი გივი აგრბა, რომლის თქმითაც, სოხუმი არ დაუშვებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი იგორ გიორგაძის აფხაზეთში გამოჩენას.

რაც შეეხება ასლან აბაშიძეს - აღორძინების წარმომადგენლები კატეგორიულად გამორიცხავენ ასლან აბაშიძის კანდიდატურის წამოყენებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთა რაოდენობა არ გაიზრდება.
XS
SM
MD
LG