Accessibility links

ნინო ბურჯანაძე მაასტრიხტში


ორშაბათს ჰოლანდიის ქალაქ მაასტრიხტში დაიწყო ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ორდღიანი შეხვედრა.

მასში მონაწილეობას იღებენ ეუთოს წევრ 55 ქვეყანათაგან უმეტესის საგარეო საქმეთა მინისტრები. ჩვენი რადიომსმენელისთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესოა იმის გამოც, რომ მასში მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებელი, ნინო ბურჯანაძე.

მაასტრიხტში ეუთოს მინისტრებმა პირველად იხილეს ბურჯანაძე ახალ ამპლუაში.

"საქართველო კვლავაც ერთგული რჩება ნაკისრი ვალდებულებებისა, მათ შორის ეუთოს სტამბოლის გადაწყვეტილებებისა მის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზების თაობაზეო", განაცხადა მან სხდომაზე და დასძინა:

"ამ გადაწყვეტილებების სრული და უპირობო განხორციელება, რაც უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანით უნდა დასრულდეს, კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების საქმეში შეტანილი სერიოზული წვლილი იქნება."

გარდა ამისა, ბურჯანაძემ თქვა, რომ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაუმჯობესება არის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. მან ხაზგასმით აღნიშნა მთელს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში რუსეთის როლის მნიშვნელობა.

"საქართველოს ამასწინანდელ პოლიტიკურ კრიზისში რუსეთის მონაწილეობამ ნათელყო, რომ როცა ორივე მხარეს არსებობს ამის ნება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები შეიძლება და უნდა ემყარებოდეს ორმხრივ პატივისცემას... თბილისში მზად არიან, უარი თქვან ისტორიულ სტერეოტიპებზე და რუსეთთან ურთიერთობა ნულიდან დაიწყონო," განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

ამავე დროს ნინო ბურჯანაძემ დამსწრეთა ყურადღება შეაჩერა გასულ კვირაში მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის, სამხრეთი ოსეთისა და აჭარის ლიდერებს შორის. მისი თქმით, ასეთი მოქმედება ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვთან ბურჯანაძის შეხვედრაზე. როგორც ეუთოს შეხვედრის წინ განაცხადა ივანოვმა, "საქართველოში არსებული კონფლიქტები მხლოდ მოლაპარაკებათა მაგიდასთან შეიძლება მოგვარდეს." მისი თქმით, აფხაზეთის, სამხრეთი ოსეთისა და აჭარის ლიდერები მოსკოვში იმისთვის სტუმრობდნენ, რომ საკუთარი თვალთახედვა გამოეთქვათ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

სამშაბათს მაასტრიხტში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ჩადის. ვარაუდოებენ, რომ იგი საქართველოს ამერიკის დახმარებას აღუთქვამს დემოკრატიის განვითარების საქმეში.

როგორც გერმანიის დელეგაციის წარმომადგენელმა ანკე შნაიდერმა განუცხადა ჩვენს კორესპონდენტს, საერთოდ, ეუთოში ძლიერია საქართველოს დახმარების სურვილი.

[შნაიდერის ხმა] "საქართველოში დემოკრატიის მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არჩევნები სამართლიანად იქნეს მიჩნეული და საარჩევნო პროცესი ნდობას იმსახურებდეს."
XS
SM
MD
LG