Accessibility links

logo-print

როდის გაიმართება საპარლამენტო არჩევნები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად საქართველო უახლოეს დღეებში 5 მილიონ ევროს მიიღებს. ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე,

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იააპ ჰოოპ სხეპერი საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ. და თუ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ვადა განსაზღვრულია, - არჩევნები, როგორც იცით, 4 იანვარს გაიმართება, - როდის ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ჯერაც არავინ იცის.


2 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო თარიღად 25 იანვარი განსაზღვრა. პარალელურად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს თხოვნით მიმართა, რათა არჩევნების უკეთ მომზადებისთვის საპარლამენტო არჩევნების ვადამ გადაიწიოს.
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის ოპტიმალურად გაზაფხულს ასახელებენ, ვინაიდან მანამდე პარტიები, ასე თუ ისე, მოასწრებენ განმეორებითი არჩევნებისთვის მომზადებასა და წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ არჩევნები მაინც იანვრის ბოლოსთვის დაინიშნა, პარტიებს 2 ნოემბრის არჩევნებისთვის არსებული სიებითა და ბლოკებით მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობა.
არანაკლებ საინტერესო ვითარებაა მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით: როგორც ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ 2 ნოემბრის მხოლოდ პროპორციული არჩევნების შედეგები გააუქმა. მაჟორიტარული არჩევნების შედეგების გაუქმებისთვის აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ან 47-მა პარლამენტარმა. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ, მაგრამ იგი პროპორციული არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგების გაუქმებას ითხოვს. რაც შეეხება პარლამენტარებს, პარლამენტის წევრის ვახტანგ ხმალაძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ, იგი წარმოადგენს პარლამენტს. ამისათვის აუცილებელი ხელმოწერები შეგროვდა კიდეც, მაგრამ მოვლენები შემდგომ საკმაოდ უცნაურად წარიმართა:
[ ვახტანგ ხმალაძის ხმა] " იყო თავიდან შეტანილი 73 ხელმოწერა, მერე მიემატა 13 თუ 15 ხელმოწერა, მაგრამ, პარალელურად, პარლამენტის წევრთა ნაწილმა უარი თქვა სასარჩელო განცხადების შეტანაზე - ეს ოფიციალურად განაცხადეს, ნოტარიულად დაამტკიცეს და წარადგინეს საკონსტიტუციო სასამართლოში."
ვახტანგ ხმალაძისთვის ამ წუთში ცნობილი არ არის, გროვდება თუ არა აუცილებელი რაოდენობის ხელმოწერა. მისი ვარაუდით, პარლამენტარებზე იმოქმედა მათი იმ კოლეგების თხოვნა-დარწმუნებამ, რომელთაც 2 ნოემბრის მაჟორიტარული არჩევნებისას წარმატებას მიაღწიეს. უნდა ითქვას, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებულთა შორის ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები ჭარბობდნენ. ვახტანგ ხმალაძის პროგნოზით:

[ ვახტანგ ხმალაძის ხმა] " მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ისინი, ვინც იყვნენ ყოფილი მმართველი პარტიის წარდგენილი კანდიდატები, დღეს შეიძლება იქცნენ ახალი მმართველი პარტიის წარმომადგენლებად." (სტილი დაცულია)

იმ შემთხვევაში, თუ მაჟორიტარული წესით 2 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგი არ გაუქმდა, 4 იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, 10 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურიც გაიმართება.
XS
SM
MD
LG