Accessibility links

logo-print

აფხაზეთიდან დევნილ ხელისუფლებასა და მის ოპოზიციას შორის დაპირისპირება გამწვავდა


აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლების ოპოზიციამ შევარდნაძის ხელისუფლების ოპოზიციის მაგალითს მიბაძა და, თამაზ ნადარეიშვილის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციების ტალღის აგორებას შეეცადა.

ნადარეიშვილის ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ლიდერები "ვარდების რევოლუციის" ორგანიზატორთა თანამოაზრენი არიან და ჩნდება ვარაუდი, რომ ისინი დღევანდელ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებენ. თუმცა სიტუაციას ის ფაქტი ართულებს, რომ, ნადარეიშვილის მტკიცებით, იგი ახალი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს.

[მიტინგის ხმა]

ასეთ ორ ხმაში დაიწყო მიტინგი აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების შენობის წინ. ხმის გამაძლიერებლებითა და შიგადაშიგ ძიძგილაობით ერთმანეთს თამაზ ნადარეიშვილის მომხრეები და მოწინააღმდეგენი დაუპირისპირდნენ.

მოწინააღმდეგეთა ბანაკს აფხაზეთიდან დევნილთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანებული საბჭო წარმოადგენს, მალხაზ პატარაიასა და რაულ კუპრავას ლიდერობით. საბჭომ ამჟამად ჩვენში პოპულარულ ხელისუფლებაზე ზეწოლის მეთოდს მიმართა და 2 დეკემბერს, დღის 12 საათისთვის, დევნილი უმაღლესი საბჭოს შენობის წინ, თამაზ ნადარეიშვილის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო მიტინგი გამართა.

არც თამაზ ნადარეიშვილი აღმოჩნდა "ვარდების რევოლუციის" სცენარის მოღალატე და, ედუარდ შევარდნაძის მსგავსად, იმელის შენობის წინ, იქ, სადაც დევნილი ხელისუფლებაა განთავსებული, საკუთარ მომხრეებს უხმო, 11 საათსა და 30 წუთზე საგანგებო პრესკონფერენციაც გამართა და საკუთარ ოპოზიციას საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა დააბრალა.

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "ჩვენი მთავარი მოვალეობა არის ის, რომ ქვეყანა დაწყნარდეს, ქვეყანა დამშვიდდეს და ჩვენ მოგვეცეს საშუალება აფხაზეთის საკითხზე ვიმუშაოთ. ამიტომ ნებისმიერი დესტაბილიზაცია, ნებისმიერი სიტუაციის ახლა აგორება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აფხაზეთს ვერ ვუბრუნდებით."

ნადარეიშვილის ოფისის წინ შეკრებილი დევნილები სწორედ ამას უსაყვედურებენ აფხაზეთის ხელისუფლების ლიდერს. ისინი ნადარეიშვილს შევარდნაძეს ადარებდნენ და ამბობდნენ, რომ დევნილმა ხელისუფლებამ 10 წლის მანძილზე ვერაფერი გააკეთა აფხაზეთში დასაბრუნებლად. გთავაზობთ აქციის ერთ-ერთი მონაწილის, სლავიკ უბირიას, მოსაზრებას:

[აქციის მონაწილის ხმა] "რაც უფრო დრო მიდი,ს მე მგონია, უფრო უარესად ვრჩებით და ვრჩებით. გადადგა ედუარდ შევარდნაძე, გადადგეს თამაზ ნადარეიშვილიც. ახალი ხალხი, ახალი მთავრობა უნდა მოვიდეს და მათ უნდა იზრუნონ ლტოლვილებზე, თამაზ ნადარეიშვილს არაფერი არ გაუკეთებია ლტოლვილებისთვის, არაფერი."

ამას არ ეთანხმებოდნენ ნადარეიშვილის მომხრე აქციის მონაწილენი, რომლებმაც ლოზუნგიც კი გაშალეს, წარწერით "მხარს ვუჭერთ თამაზ ნადარეიშვილის პოლიტიკას". ორ, არცთუ მრავალრიცხოვან, ბანაკს შორის შეხლა-შემოხლას პოლიცია ანეიტრალებდა და ასე გაგრძელდა თამაზ ნადარეიშვილის მიტინგზე გამოჩენამდე.

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "მერწმუნეთ, დღევანდელი ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩვენი ერთობით, ჩვენ შევძლებთ აფხაზეთის საკითხში წინ წაწევას და, რამდენიც არ უნდა იყვირონ, აფხაზეთში შევა თამაზ ნადარეიშვილი, აფხაზეთში შეხვალთ თქვენ ყველა და ამ ადამიანებს ჩვენ აფხაზეთში დაველაპარაკებით (გადადექის სკანდირება) ..."

ამის შემდეგ ნადარეიშვილის ოპოზიციის მიტინგი კიდევ რამდენიმე საათი გაგრძელდა და დღის ბოლოსთვის, 3 დღიანი ულტიმატუმის წაყენების შემდეგ, დაიშალა.
XS
SM
MD
LG