Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ავტონომიების ხელმძღვანელთა პოზიციები და ქვეყნის სტაბილურობის პრობლემა, რუსეთის თვალთახედვით


გიორგი კაკაბაძე, თბილისი პირველი დეკემბრის გაზეთ "ვრემია ნოვოსტეის" თქმით, "საქართველოს სამი ავტონომიის ხელმძღვანელები - აჭარის პრეზიდენტი ასლან აბაშიძე,

აფხაზთა პრემიერი რაულ ხაჯიმბა და სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი არ ჩქარობენ მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნებას."

გაზეთი წერს: "როგორც ჩანს, კონსულტაციებზე ყველაზე დიდ წარმატებას აჭარამ მიაღწია. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იგორ ივანოვმა დაადასტურა, რომ ასლან აბაშიძისა და მიხეილ კასიანოვის შეხვედრაზე განიხილებოდა "სავიზო რეჟიმის მოხსნის შესაძლებლობა აჭარიდან რუსეთში და რუსეთიდან აჭარაში მიმოსვლისათვის". ივანოვის განცხადებით, რუსეთი შეეცდება დადებითი გადაწყვეტილების მოძებნას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ აბაშიძე შეასრულებს თავის დანაპირებს იმის თაობაზე, რომ "რუსეთის ტერიტორიაზე არ შეაღწევენ ქვეყნისთვის მიუღებელი პირები".

პირველი დეკემბრის "ნეზავისიმაია გაზეტა" აქვეყნებს ინტერვიუს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რაულ ხაჯიმბასთან, რომელმაც გაზეთს, კერძოდ, განუცხადა:

"ახლა ძნელია იმის წინასწარმეტყველება, თუ რა პოზიციას დაიკავებს საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა, რამდენად მზად არიან თვითონ ისინი მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ხომ არც კი ვიცნობთ მათ. საქართველოს ახალი პრეზიდენტის იანვრის არჩევნების შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა. თავის მხრივ, აფხაზეთის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა კონფლიქტი არ განახლდეს. ჩვენთვის მთავარია, საქართველოსთან ურთიერთობაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში სუფევდა, მაგრამ ერთი არსებითი დაზუსტებით: აფხაზეთის შეიარაღებული ძალები საკმარისად ძლიერია, რომ თავისი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ".

28 ნოემბრის გაზეთ "ტრუდის" წერილი მეტ-ნაკლებად მკაფიოდ მიანიშნებს რუსეთის დამოკიდებულებასა და მის ჭეშმარიტ ინტერესებზე საქართველოს მიმართ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან დაკავშირებით გაზეთი წერს: "ეს მარშრუტი რუსეთისთვის ყველაზე ნაკლებადაა მისაღები - მაგისტრალი მას გვერდს უვლის. კიდევ არსებობს ე.წ. "ტრასეკას პროექტი" - ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აგრეთვე რუსეთის გვერდის ავლით გადის. ის ევროკავშირის წიაღშია დამუშავებული და დიდი აბრეშუმის გზის აღორძინებისთვისაა განკუთვნილი. დასავლეთისა და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებს სურთ, რომ არა მხოლოდ განახორციელონ რუსეთისთვის უსარგებლო პროექტები, არამედ სრული კონტროლიც დააწესონ მათზე. მაგრამ შესაძლოა, რომ აქ სერიოზული წინააღმდეგობა წარმოიშვას".

გაზეთის თქმით, "პროექტების რეალიზაციისთვის რეგიონში სტაბილურობა უნდა იყოს. მაგრამ ვის სჭირდება ნავთობსადენი ან სატრანსპორტო მაგისტრალი, რომელიც ცეცხლის ქვეშაა?"

"ტრუდი" წერს: "სტაბილურობაში რუსეთიც არის დაინტერესებული - ნაწილობრივ, ეკონომიკური მიზეზებით, მაგრამ უფრო სერიოზული მიზეზიც არსებობს.
"საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციამ შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს მთლიანად კავკასიის რეგიონზე", - განაცხადა რუსეთის ფედერაციის მინისტრმა ვლადიმირ ზორინმა, რომელიც ეროვნული პოლიტიკის საკითხებს კურირებს". მისი თქმით,
"თუ თბილისი ვერ შეძლებს რესპუბლიკის ტერიტორიის გაკონტროლებას, მაშინ გამორიცხული არ არის, ჩეჩნეთს ტერორისტთა რაზმებმა მიაშურონ".
XS
SM
MD
LG