Accessibility links

logo-print

კოლინ პაუელი მოსკოვს საქართველოს გამო აკრიტიკებს


ჩვენი მსმენელისთვის ცნობილია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა მძაფრად გააკრიტიკა რუსეთის ხელმძღვანელობა იმ პოლიტიკისთვის,

რომელსაც მოსკოვი საქართველოსა და მოლდავეთის მიმართ ატარებს. ჰოლანდიის ქალაქ მაასტრიხტში, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირზე გამოსვლისას, ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაუფარავად გამოთქვა უკმაყოფილება რუსეთმა უარის გამო, შეერთებოდა ეუთოს დანარჩენი 54 წევრის მიერ მოწონებულ საბოლოო კომუნიკეს, რის შედეგადაც დოკუმენტი ეუთოს მორიგე თავმჯდომარის, იაპ დე ჰოოპ სხეფერის პირადი განცხადების სახით გამოქვეყნდა.

მაასტრიხტში, კოლინ პაუელის მიერ წარმოთქმული სიტყვები უდავოდ უნდა მივაკუთვნოთ ბოლო წლებში ვაშინგტონის მხრიდან მოსკოვის მისამართით გაკეთებული უმკაცრესი განცხადებების რიცხვს. პაუელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები მოლდავეთიდან თავისი შეიარაღებული ძალების გაყვანისა და საქართველოდან თავისი ორი სამხედრო ბაზის გატანის შესახებ. ამერიკელი მინისტრის თქმით, რუსეთის ასეთი ქმედება აფერხებს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების თაობაზე 1999 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის ძალაში შესვლას.

თავის გამოსვლაში კოლინ პაუელი მიესალმა საქართველოში მომხდარ "ვარდების რევოლუციას" და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ყოველი ღონე უნდა იხმაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

[კოლინ პაუელის ხმა] "საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა იღონოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად როგორც საარჩევნო პროცესის დროს, ისე მის შემდეგაც. არავითარი მხარდაჭერა არ უნდა აღმოვუჩინოთ სეპარატისტულ ელემენტებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ცდილობენ."

ეუთოს კომუნიკეში, რომლის მიღებას, როგორც ზემოთაც ითქვა, რუსეთმა შეუშალა ხელი, ასევე აღნიშნული იყო ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მტკიცე განზრახვა, ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას. ახლა უკვე ეუთოს თავმჯდომარის პირადი განცხადების სახით არსებულ დოკუმენტში ისიც ნათქვამია, რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების "უმრავლესობა" გამოთქვამს მოწოდებას რუსეთის სამხედრო ბაზების დახურვისკენ. სიტყვა "უმრავლესობაში" იგულისხმება ეუთოს წევრი ყველა სახელმწიფო, გარდა რუსეთისა.

ბაზების თემას ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე შეეხო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმირ ჩიჟოვიც. მისი მტკიცებით, რუსეთმა ჯერ კიდევ 2001 წლის მიწურულს შეასრულა სტამბოლში, ეუთოს 1999 წლის სამიტზე ნაკისრი ვალდებულებები და საქართველოდან გაიტანა მძიმე სამხედრო ტექნიკის ჭარბი ნაწილი. "სხვა საქმეა, - განაგრძო ჩიჟოვმა - რომ საქართველოსთან ორმხრივი შეთანხმებაც გვქონდა რუსეთის ორი სამხედრო ბაზის დახურვისა და კიდევ ორის სტატუსზე მოლაპარაკების შესახებ. პირველი ორი დაიხურა. მოლაპარაკება დარჩენილი ორი ბაზის ირგვლივ არათანაბრად, დიდი შეფერხებებით მიმდინარეობდა. ხოლო საქართველოში ამჟამად შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის კონტექსტში ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ გაგრძელდება ეს მოლაპარაკება."

როგორც რუსეთის საგარეო უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელის ამ სიტყვებიდანაც შეიძლება დავასკვნათ, მოსკოვი მომავალშიც აპირებს, სამხედრო ბაზების გატანა-არგატანის საკითხი საქართველოზე ზეწოლის ერთ-ერთ ბერკეტად გამოიყენოს.
XS
SM
MD
LG