Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები და ქალებისადმი ძალადობის პრობლემა


გასულ კვირაში, 25 ნოემბერს ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლის

საერთაშორისო დღე აღინიშნა. მაგრამ მაშინ ყოველკვირეულ პროგრამაში "ქალი და მსოფლიო" ამ თემაზე არ გვისაუბრია. რახან საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა პრეზიდენტის გადადგომა და საპროტესტო გამოსვლების უსისხლოდ დამთავრება იყო, სწორედ ამ სიახლეს გამოვეხმაურეთ. ვისაუბრეთ ნინო ბურჯანაძეზე - ქალზე, რომელიც რევოლუციურმა მოვლენებმა დროებით ქართული სახელმწიფოს სათავეში მოაქცია. მართალია, ხავერდოვან რევოლუციასა და მის შედეგებს მნიშვნელობა არ დაუკარგავს და არც დაკარგავს, მაგრამ მისდამი პირველი დღეების სრულიად გამორჩეული ინტერესი განელდა. ჩვენც გადავწყვიტეთ, ვისაუბროთ საკითხზე, რომელიც არა მარტო საქართველოს, ყველა დანარჩენ ქვეყანასაც ეხება - სწორედ ასეთი საკითხია ქალთა წინააღმდეგ ძალადობა.

ქალებისადმი ძალადობა მრავალსახოვანი ფენომენია. მისი აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, 25 ნოემბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ყურადღება გაამახვილა ტრეფიკინგზე, აგრეთვე ომებში გაუპატიურების ერთგვარ იარაღად გამოყენებაზე. თუმცა, ქალებისადმი ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა არც ერთია და არც მეორე: ყველაზე ხშირად ქალები ფიზიკური, თუ ფსიქოლოგიური აგრესიის მსხვერპლი, შინ, საკუთარ ოჯახში ხდებიან.

შინ ძალადობა არ ცნობს არც გეოგრაფიულ და არც სოციალურ საზღვრებს. ისეთ შეძლებულ, დემოკრატიულ, მაღალგანვითარებულ ქვეყანაშიც კი, როგორც კანადაა, ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დაქორწინებული ქალებიდან ყოველი მეოთხე ერთხელ მაინც არის ნაცემი საკუთარი ქმრის მიერ...

მაგრამ დემოკრატიული და მაღალგანვითარებული ქვეყნები მაინც განსხვავდებიან დანარჩენებისაგან - განსხვავდებიან იმით, თუ როგორ უპირისპირდებიან ქალებისადმი ძალადობას.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ჯერემი ბრანსტენი ტელეფონით დაუკავშირდა ავსტრიაში განთავსებულ ჯგუფს "ვეივ", რომელიც აერთიანებს ევროპის ქალთა ორგანიზაციებს და იცის, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, ვიდრე მიიღებდნენ სამართლებრივ ზომებს ქალებისადმი ძალადობის წინააღმდეგ, ჯერ საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს ქალებისადმი შინ ძალადობის არსებობა. ამისათვის რომ მიეღწიათ - ანუ, საზოგადოებას რომ ეღიარებინა ქალებისადმი ძალადობის პრობლემა - 30 წელი მუშაობა მოუხდათ დასავლეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. [ვერენა კასელიცის ხმა] "დროა საჭირო საიმისოდ, რომ საზოგადოებამ აღიაროს: თვით საზოგადოებაში, ოჯახებში ყველაფერი რიგზე არ არის. ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავსტრია, გერმანია, შვეცია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ქალთა მოძრაობამ 30 წელი იმუშავა ძალადობის მსხვერპლი ქალებზე ყურადღების გასამახვილებლად - საზოგადოების დასარწმუნებლად იმაში, რომ ჩვენს ქვეყნებში არიან ძალადობის მსხვერპლი ქალები, აგრეთვე ბავშვები, რომლებიც, შესაძლოა, პირდაპირი მხსვერპლი არ იყვნენ, მაგრამ მაინც ძალიან იჩაგრებიან".

ამბობს "ვეივის" წარმომადგენელი ვერენა კასელიცი. ქვეყანას, რომელშიც მისი ორგანიზაციაა განთავსებული, ავსტრიას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვაზე ზრუნვის მხრივ მსოფლიოში მოწინავედ აღიარებენ. ავსტრიამ 1997 წელს მიიღო კანონი, რომლის მიხედვით პოლიციას აქვს უფლება, მოძალადე რამდენიმე დღით, ან მეტი ხნით მოაცილოს მისსავე საცხოვრებელ ადგილს - იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოძალადე ამ ბინის მფლობელია.

ადრე პირიქით იყო - შინიდან მოძალადე კი არა, ძალადობის მსხვერპლი მიჰყავდათ და მას საგანგებო თავშესაფარში ათავსებდნენ. რაც შეეხება ავსტრიის ისევ ახალ კანონს, შინიდან მოძალადის წაყვანის შემდეგ ასეთი პროცედურაა დაწესებული: [ვერენა კასელიცის ხმა] " ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, აწვდიან ინფორმაციას ე.წ. "საინტერვენციო ცენტრების" შესახებ. ამ ცენტრებიდან კი ძალადობის ფაქტის დღესვე, ან მომდევნო დღეს უკავშირდებიან მსხვერპლს და მას სთავაზობენ კონსულტაციას, იურიდიულ თანადგომას, ატყობინებენ, რომ შესაძლებელია მოძალადის დაკავების გახანგრძლივება, თუ ძალადობის მსხვერპლი ქმართან გაყრას, ან დროებით გაშორებას აპირებს".

რომ არა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, კასელიცის ვარაუდით, ავსტრიის საზოგადოება დღემდე არ აღიარებდა ოჯახში ძალადობის პრობლემას. და ეს ასეა არა მარტო ავსტრიაში - აი, რას ამბობს მეზობელ უნგრეთში მოქმედი უფლებადამცავი ორგანიზაციის, "ნანეს" თანამშრომელი დიორდი ტოთი: [დიორდი ტოთის ხმა] "საქმეში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა ყოველთვის შედეგიანია - ბევრი მიზეზის გამო. ერთი მიზეზია ის, რომ ორგანიზაციებს შესწავლილი აქვთ მსხვერპლის მდგომარეობა. ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები მართლაც ძალიან კარგად ერკვევიან მსხვერპლის მდგომარეობაში. მათ გაგონილი, ნანახი, გამოცდილი აქვთ ათასობით ქალის თავს გადამხდარი ამბები... თუ გინდა, აამოქმედო ეფექტიანი კანონები, რომლებიც ითვალისწინებს ქალთა საჭიროებებს - ეს კი ნიშნავს, იცავს ქალთა ადამიანის უფლებებს - აუცილებლად უნდა გაითვალისწინო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები".

ამ არასამთავრობო ორგანიზაციების სურვილია, უნგრეთშიც მიაღწიონ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დამცველი ისეთი კანონების შემოღებას, როგორიც მეზობლად, ავსტრიაში მოქმედებს. ეს კი ადვილი ამოცანა არ არის ქვეყანაში, სადაც 14 წლის წინ კომუნიზმის დამხობამდე ოჯახში ძალადობაზე არავინ ლაპარაკობდა. თუ რა მოხდა შემდეგ, დიორდი ტოთი იხსენებს: [დიორდი ტოთის ხმა] " როცა ჩვენი ორგანიზაცია "ნანე" პირველი ალაპარაკდა ქალთა წინააღმდეგ ძალადობაზე, განსაკუთრებით კი ოჯახში ძალადობაზე, ამას ძალიან მტრული გამოხმაურება მოჰყვა. ასეთი იყო გამოხმაურება პოლიტიკოსებისაგანაც - ზოგი ამბობდა, რომ ჩვენი ორგანიზაცია "ზიანს აყენებს" ოჯახებს. მაგრამ ბრალდებები ბოლოს შეწყდა. ჩვენი მთავარი არგუმენტი იყო დეკლარაციები, გაეროს კონვენციები, რომლებიც უნგრეთსაცა აქვს ხელმოწერილი."

უნგრეთსა და საქართველოს შორის მსგავსება თვალშისაცემია - დეკლარაციები და გაეროს კონვეციები საქართველოს მიერაც არის ხელმოწერილი და საქართველოშიც მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია ლაპარაკობს ოჯახში ძალადობისაგან ადამიანების დაცვის აუცილებლობაზე. უკვე რამდენიმე წელია, ეს ორგანიზაციები მონაწილეობენ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან საერთაშორისო კამპანიაში, რომლის შესახებ პროგრამაში" ქალი და მსოფლიო" ბევრჯერ გვისაუბრია. "16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ" ახლაც მიმდინარეობს - ის, ტრადიციისამებრ, 25 ნოემბერს დაიწყო. ოღონდ, მის მიმართ ყურადღება, გასულ წლებთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია.

დღეს ყველას ის უხარია, რომ რევოლუციამ ჩაიარა ძალადობის, სისხლისღვრის გარეშე.
XS
SM
MD
LG