Accessibility links

logo-print

პირველი ამერიკული "პოლიტიკური დესანტი" პოსტრევოლუციურ საქართველოში


ოთხშაბათს შეერთებული შტატების საუწყებათაშორისო დელეგაცია ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა. დიპლომატთა ჯგუფს, რომელშიც თეთრი სახლის აპარატის, ფინანსთა,

თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროთა სპეციალისტები იმყოფებიან, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ლინ პასკო ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი წარმომადგენლობითი ამერიკული დელეგაცია, რომელიც "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ ჩამოდის საქართველოში და, წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ გაირკვევა, თუ რა სახის დახმარებას გაუწევს შეერთებული შტატები საქართველოს გარდამავალ ხელისუფლებას.

თუკი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ლინ პასკო როდისმე მემუარების წერას გადაწყვეტს, საქართველოსთან დაკავშირებით მას, ალბათ, ყველაზე მეტი რამ ექნება გასახსენებელი. ამერიკელ დიპლომატთაგან სწორედ ლინ პასკოს ხვდა წილად, 19 ნოემბერს მოქმედი პრეზიდენტის როლში უკანასკნელად შეხვედროდა ედუარდ შევარდნაძეს და გაეცნო მისთვის გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნები. საინტერესოა აღინიშნოს, რომ თბილისში მყოფი ლინ პასკო ოფიციალურ მიმართვაში საუბრობდა პოლიტიკაზე, როგორც კომპრომისების ხელოვნებაზე, და აცხადებდა, რომ იგი არ ჩამოსულა იმისთვის, რომ უკარნახოს ხელისუფლებას ან ოპოზიციას, რა გააკეთონ. თუმცა ერთი კი უდავო ფაქტია: ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრების შემდეგ ოპოზიციის მოქმედებას მეტი დამაჯერებლობა მიეცა, სახელისუფლებო ბლოკის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კი ღიად დაიწყეს ლაპარაკი შეერთებული შტატების გარკვეული წრეების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაზე.

მაასტრიხტიდან ჩამოსული ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე არც ამჯერად საუბრობს ღიად რომელიმე პოლიტიკური ლიდერის მხარდაჭერაზე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. ერთადერთი პრიორიტეტი, რაც ვაშინგტონისთვის საქართველოსთან მიმართებაში უცვლელია, ესაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რასაც, ლინ პასკოს თქმით, მხარი ყველა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს.

[ლინ პასკოს ხმა] "ჩემი წინა ჩამოსვლის შემდეგ, ორი კვირის მანძილზე, მრავალი რამ შეიცვალა. პრეზიდენტმა ბუშმა და მდივანმა პაუელმა თავიდანვე მიულოცეს გამარჯვება ახალ ხელისუფლებას. თბილისში პირდაპირ მაასტრიხტიდან ჩამოვედი, სადაც საქართველომ დიდი მხარდაჭერა მიიღო. ჩემთან ერთად ამერიკის ყველა დაინტერესებული სააგენტოს წარმომადგენელი იმყოფება, რათა სრულად გავიგოთ საქართველოს საჭიროება და დახმარება დავგეგმოთ. შეერთებული შტატები მუდმივად აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი ყველამ უნდა დაუჭიროს. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, აქ კანდიდატი არ გვყავს. მთავარია, რომ ყველა ხმა სამართლიანად იქნეს დათვლილი."

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ოთხშაბათს საქართველოს გარდამავალი ხელისუფლების პირველ პირებს და პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ლინ პასკო ხუთშაბათს საქართველოს სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრებით დაასრულებს საქართველოში ვიზიტს, რომლის შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ რა დახმარებას მიიღებს არჩევნების ჩასატარებლად საქართველოს ხელისუფლება შეერთებული შტატებისგან. ნიშანდობლივია, რომ პარასკევს საქართველოში შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის ვიზიტი იგეგმება. საქართველოში დარწმუნებულნი არიან, რომ პენტაგონის თავკაცის ვიზიტი სასარგებლოდ აისახება სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაზე. ასეთი ვარაუდის საფუძველს მათ დონალდ რამსფელდის წინა ვიზიტის შედეგები აძლევს, რაც იმით გამოიხატა, რომ საქართველოში "ქართულ-ამერიკული წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა ამოქმედდა.
XS
SM
MD
LG