Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვის სეიმის დელეგაციასთან ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ ლეიბორისტთა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პრესასთან დააფიქსირა, რომ პარტია 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს


პოლიტიკურ პარტიებთან, დიპლომატიურ კორპუსებთან და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ლიტვის სეიმის დელეგაცია მეორე დღეა განაგრძობს.

დელეგაციას ლიტვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გედიმინას კირკილასი ხელმძღვანელობს. უკვე ცნობილია, რომ პოსტრევოლუციური საქართველოსთვის ლიტვის მთავრობის დახმარების ძირითადი სფერო არჩევნები, კერძოდ, საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. მართალია, მხოლოდ მექანიკური დამთხვევაა, მაგრამ მაინც აღვნიშნავთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტის შესახებ ლეიბორისტული პარტიის გადაწყვეტილების საჯარო აფიშირება შალვა ნათელაშვილმა გედიმინას კირკილასთან შეხვედრის დასრულებისთანავე მოახდინა. პრესკონფერენცია 3 დეკემბერს ლეიბორისტული პარტიის შტაბბინაში სტუმარმა და მასპინძელმა ცალ-ცალკე გამართეს.

შალვა ნათელაშვილი ერთ-ერთია იმ პოლიტიკურ ლიდერთა შორის, რომელთაც ლიტვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საგანგებო დელეგაცია შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ გედიმინას კირკილასმა განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად პოლიტიკური რესურსი არსებობს და ეს გარკვეულწილად აისახება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების იმ ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებშიც, რომელსაც დელეგაცია ორი დღის განმავლობაში ისმენს.

[გედიმინას კირკილასის ხმა] "ჩვენ ყველა მოსაზრება მოვისმინეთ. ყველას აქვს თავისი შეხედულება, თავისი რაკურსი, ყველა თავის პოზიციას წარმოადგენს და მოხარული ვარ, რომ განსხვავებული შეფასებები მესმის. მიხარია, რომ საქართველოში პოლიტიკოსები ერთნაირად არ ფიქრობენ და განსხვავებული აზრები და შეფასებები აქვთ. ეს უკვე ძალიან კარგია, ეს არის ნაბიჯი წინ. მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მსაჯები არ ვართ."

რაც შეეხება უშუალოდ შალვა ნათელაშვილს, ლიტველი პოლიტიკოსებისათვის საინტერესო გამოდგა მისი, როგორც იურისტის, მკვეთრი სამართლებრივი შეფასებები მომხდართან დაკავშირებით. შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა ნათელაშვილმა პრესასთან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ცაიტნოტის მდგომარეობაში მყოფმა დროებითმა ხელისუფლებამ ძალაუფლების ხელში ჩაგდების არაკონსტიტუციური გზა აირჩია იმითაც, რომ მოქმედ პრეზიდენტად ნინო ბურჯანაძე გამოაცხადა. შალვა ნათელაშვილის აზრით, ახალი პარლამენტი, კანონის მიხედვით, უკვე უფლებამოსილი იყო და სწორედ ამ პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გამხდარიყო დროებითი პრეზიდენტი. როგორც შალვა ნათელაშვილი აცხადებს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაბათილებელი ერთადერთი გზა ევროსასამართლოა, თუმცა ძნელი სავარაუდოა ამ გზას ლეიბორისტები კიდევ ერთხელ დაადგნენ. როგორც ცნობილია, ევროსასამართლომ დღემდე ლეიბორისტთა არც ერთი სარჩელის განხილვა არ მიიყვანა ბოლომდე.

შალვა ნათელაშვილმა 3 დეკემბერს ოფიციალურად განაცხადა, რომ ლეიბორისტული პარტია 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. 3 დეკემბერსვე დაადასტურა, რომ ამ დღეებში იგი რევოლუციის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "ბატონმა მიხეილმა რამდენჯერმე შემომითვალა შეხვედრის სურვილის თაობაზე და შემდეგ ქართულმა წესმა არ მომცა უფლება, არ მიმეღო პარტიის ოფისში, სადაც მობრძანდა ის. ნუ, საუბარი იყო იმაზე, რომ თურმე ჩვენ ვართ ნაღდი ოპოზიცია ქვეყანაში და ყველაზე ძლიერი ოპოზიცია, რაც მის გარეშე მეც ვიცოდი, ქვეყანამაც იცის და მსოფლიომაც იცის. ამაზე იყო საუბარი, ძირითადად."( სტილი დაცულია)

შეხვედრის დეტალები მეტად არ კონკრეტდება. თუმცა ამ შეხვედრის შემდეგაც ნათელაშვილი დაბეჯითებით აცხადებს, რომ რევოლუცია მისი პარტიის წინააღმდეგ მოეწყო და არა პრეზიდენტ შევარდნაძის ხელისუფლების დასამხობად.
XS
SM
MD
LG