Accessibility links

logo-print

უცხოეთის საინფორმაციო საშუალებები საქართველოში შექმნილი მდგომარეობის კომენტირებას მას მერეც განაგრძობენ


უცხოეთის საინფორმაციო საშუალებები საქართველოში შექმნილი მდგომარეობის კომენტირებას მას მერეც განაგრძობენ, რაც "ვარდების რევოლუციად" წოდებული მოვლენების შემდეგ ვითარება მეტ-ნაკლებად მოწესრიგდა

და ქვეყანამ იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. საქართველოს თემა ვაშინგტონ-მოსკოვის ურთიერთობათა კონტექსტშიც განიხილება. "ვაშინგტონ პოსტი" ამ საკითხს სარედაქციო წერილს უძღვნის. 4 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ:

"ბუშის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმისკენ, რათა თავისი პოლიტიკა რუსეთის ბოლოდროინდელ ანტიდემოკრატიულსა და იმპერიალისტურ ქცევას მიუსადაგოს. სამშაბათს სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, ეუთოს კონფერენციაზე გამოსვლისას, მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობა იმისთვის, რომ მოსკოვმა არ შეასრულა პირობა, მიმდინარე წლის ბოლომდე თავისი ჯარები გაეყვანა ორი მეზობელი ქვეყნიდან, საქართველოდან და მოლდავეთიდან... როგორც ამბობენ, ბატონი პუტინი და მისი კაგებელი თანამზრახველები გამეხებული არიან. რუსეთმა დაბლოკა მიღება ეუთოს განცხადებისა, რომელიც მხარს უჭერდა პაუელის გამოსვლას. მაგრამ მოსკოვი მარტო იყო: ევროპის ქვეყნების მთავრობებმა, ისევე როგორც შეერთებულმა შტატებმა, როგორც იქნა, განჭვრიტეს ბატონი პუტინის თამაში."

"ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო წერილი, ასეთი სიტყვებით მთავრდება:

"პაუელმა უარყო ვარაუდი, თითქოს პუტინის მიმართ ადმინისტრაციის მეგობრულ დამოკიდებულებაში რაიმე შეცვლილიყოს. და მაინც, ადმინისტრაცია ზომებს იღებს იმისთვის, რათა აღკვეთოს მოსკოვის ნეოიმპერიალიზმი. იგი მიესალმა საქართველოს ახალ ხელმძღვანელობას და მას ახალი არჩევნების ჩატარებაში დახმარება აღუთქვა. ამასთანავე, რუსეთის მიერ წაქეზებულ რეგიონებს დამშვიდებისკენ მოუწოდა... შესაძლოა, ბატონი პუტინი დაყაბულდეს ამ ვითარებას და უკან დაიხიოს. თუმცა, მისი პასუხი ალბათ აგრესიული იქნება. ორივე შემთხვევაში ადმინისტრაცია მტკიცედ უნდა იდგეს თავის პოზიციაზე. პუტინმა უნდა დაინახოს, რომ მის იერიშებს დემოკრატიის წინააღმდეგ საკუთარ ქვეყანაში და თავდასხმებს მეზობელთა დამოუკიდებლობაზე წინ აღუდგებიან. თუ პასუხი არ მოსთხოვეს, ამ იერიშებს იგი აუცილებლად გააძლიერებს."

კოლინ პაუელის მოგზაურობაზე ამახვილებს ყურადღებას "ჩიკაგო ტრიბიუნიც". ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სტუმრობას ევროპასა და აფრიკაში გაზეთი "ბობოქარს" უწოდებს - უწინარესად იმ გაფრთხილების გამო, რომელიც სახელმწიფო მდივანმა საქართველოს გამო მოსკოვის მისამართით გამოთქვა.

"თავისი მოგზაურობის პირველ ეტაპზე, ჰოლანდიის ქალაქ მაასტრიხტში, პაუელი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს და მას 4 იანვრის არჩევნების ჩატარებაში ვაშინგტონის დახმარება აღუთქვა... არავითარი მხარდაჭერა არ უნდა აღმოვუჩინოთ სეპარატისტულ ელემენტებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ცდილობენო, თქვა პაუელმა, იგულისხმა რა სეპარატისტული რეგიონების ლიდერები, რომლებიც გასულ კვირაში რუსეთის ხელმძღვანელებს შეხვდნენ... მოგვიანებით, მან რეპორტიორებს მიანიშნა, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების გარშემო რუსეთთან წარმოშობილი უთანხმოების მოგვარება შესაძლებელია; და დასძინა, ამ საკითხზე რუსეთის ოფიციალურ პირებს უკვე ვესაუბრეო. დეტალებზე მინისტრს არაფერი უთქვამს.
XS
SM
MD
LG