Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის ვიზიტი დაიწყო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ორი დღეა თბილისს სტუმრობს მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეგიონალური დირექტორი დონა დოუსეტ კოიროლო, რომლის ვიზიტი დაუგეგმავია და რომლის მიზანი საქართველოსთვის

დახმარების პროგრამის განხილვაა. სავარაუდოა, რომ დასავლეთის მხრიდან ამჟამინდელი ხელისუფლებისათვის ღიად გამოხატული მხარდაჭერის შემდეგ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები აქტიურად ჩაერთვებიან დახმარების პროგრამებში.

იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ გაურკვეველია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დაფინანსების აღდგენის ბედი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის დაუგეგმავ თბილისურ ვოიაჟს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. როგორც წესი, ეს ორი ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტი ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ თავის სტრატეგიულ დამოკიდებულებას შეთანხმებულად ახორციელებს. შესაბამისად, მსოფლიო ბანკის ერთგვარი კეთილგანწყობა და დახმარებისათვის მზადყოფნის სურვილი გვაფიქრებინებს, რომ სავალუტო ფონდთანაც ბოლო წლის განმავლობაში დაძაბული ურთიერთობის განმუხტვა მოხდება, თუმცა ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ამჟამინდელ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და მხოლოდ კეთილი სურვილი პროგრამის დაფინანსების აღსადგენად ნამდვილად არ კმარა.

დონა დოუსეტ კოიროლოს ოფიციალური შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებასთან 3 დეკემბერს დაიწყო. ამასთან, მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა მთავრობას საქართველოში ამ ინსტიტუტის ახალი მუდმივი წარმომადგენელი როი საუსვერსი წარუდგინა. შეხვედრები, ძირითადად, დახურულ კარს მიღმა იმართება, თუმცა კოიროლოს მწირი კომენტარებიდანაც ჩანს, რომ ქართული მხარის მიერ შესაბამისი შემხვედრი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში მსოფლიო ბანკი პროგრამულ დაფინანასებას არ დაიშურებს. მეორე საკითხია, რამდენად მოესწრება ეს წელს, როდესაც ახალ ხელისუფლებას დაცარიელებული ხაზინისა და ასეულ მილიონობით გარღვეული ბიუჯეტის ტვირთი მძიმედ აწევს.

წლის ბოლო ნებისმიერი დონორი ორგანიზაციისათვის ნამდვილად არ არის პერიოდი, როდესაც დაუგეგმავი დახმარების გაწევა შეიძლება. შესაბამისად, შეღავათიანი კრედიტების გამოყოფა უკვე წელსვე ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა ორკვირიანი ვიზიტისას შეთანხმდება ის სფეროები და პრიორიტეტები, რომელსაც საქართველოსთან მიმართებაში მსოფლიო ბანკი უკვე 2004 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს. ჯერჯერობით საუბარია საქართველოსათვის ტრადიციულ სოციალურ, სამედიცინო და ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე პროგრამების დაფინანსებაზე. ასევე სავსებით რეალურია სტრუქტურული მოწესრიგების კრედიტის აღდგენის საკითხის პოზიტიური გადაწყვეტა.

უახლოეს პერიოდში, მსოფლიო ბანკის შემდეგ, თბილისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგულარული მისიაც უნდა ჩამოვიდეს. მოკლედ, საერთაშორისო საზოგადოება და დონორი ორგანიზაციები მზად არიან საქართველოს დაეხმარონ კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლაში. ახლა ჯერი თავად ხელისუფლებაზეა, რომელმაც რეალური პოლიტიკური ნებით და ქმედითი ნაბიჯებით უნდა დაადასტუროს თავისი მზადყოფნა, წინა მთვარობისაგან განსხვავებით, ღირსეულ პარტნიორად გამოვიდეს დასავლეთისათვის.
XS
SM
MD
LG