Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო კამპანიის სტარტი


დავით პაიჭაძე, თბილისი 4 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად დაიწყო საპრეზიდენტო კამპანია. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ხანმოკლე პრეზენტაციისას კანდიდატი წარადგინა მოქმედმა პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ,

ხოლო კანდიდატმა, თავის მხრივ, წარადგინა შტაბის ხელმძღვანელი - სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია.

როგორც ამბობენ, თეატრი გარდერობიდან იწყება. მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის შესასვლელიდან დაიწყო: საგანგებო დეტექტორებით იქ მკაცრად აკონტროლებდნენ შესვლის ყველა მსურველს - მათ შორის, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს. სარკეებიან დარბაზში პოლიტიკურ ლიდერთა შემოსვლამ გააცოცხლა რევოლუციის ბოლო დღეების განწყობილება: აღმოჩნდა, რომ ეიფორია განელებია ყველას, პოლიტიკოსთა გარდა. მოქმედმა პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ სრული თავდაჯერება გამოხატა საქართველოს უახლოეს მომავალთან დაკავშირებით.

[ბურჯანაძის ხმა] "ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებთ. დარწმუნებული ვართ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ძალიან ღირსეულად და დემოკრატიულად ჩავატარებთ - ჩავატარებთ დემოკრატიულ და თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და, მართლაც, შევძლებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ გარდაქმნას, რეფორმათა გზაზე დაყენებას და აღმავლობის დაწყებას."

დარბაზისა და პოლიტიკოსების განწყობა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა: პოლიტიკოსთა შთაგონებულ სიტყვებს დარბაზში მყოფი ერთმანეთთან მოსაუბრე ადამიანების გუგუნი ერთვოდა. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა, ეთქვა:

[სააკაშვილის ხმა] "მე ბოდიშს ვიხდი: მეც ხშირად ვყოფილვარ აქ, როცა შევარდნაძე გამოდიოდა და არ ვუსმენდი ამ ტელეკამერების უკნიდან. გთხოვთ, 5 წუთით მომისმინოთ და შეგვიძლია გავაგრძელოთ დემოკრატიული ცხოვრება."

ყველას, ვისაც ეჭვი ეპარებოდა საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებაში, აწი შეუძლია მშვიდად იყოს: კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ჟვანია გახდა - კაცი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის ბოლო საპრეზიდენტო კამპანიას წარმართავდა. ჟვანიამ არჩევნების პროცედურული პრინციპები ასე ჩამოაყალიბა:

[ჟვანიას ხმა] "არც ერთი გუბერნატორი, არც ერთი გამგებელი, არც ერთი მინისტრი, არანაირი რკინიგზების დეპარტამენტების ხელმძღვანელები არ შექმნიან შტაბებს ტერიტორიული ან უწყებრივი ნიშნით, არ წაართმევენ თავიანთ თანამშრომლებს პასპორტებსა და პირადობის მოწმობებს, არავინ დაუწყებს ადამიანებს ჯოხის ქნევასა და ძახილს, რაკი ბიუჯეტიდან ფინანსდებით, ვალდებულიც ხართ, ჩვენს კანდიდატს მისცეთ ხმაო."

ჩვენი უმთავრესი ინტერესი და ამოცანაა, საბოლოოდ ჩაბარდეს ისტორიას სიტყვათშეთანხმება "საქართველო - გაყალბებული არჩევნები", განაცხადა ჟვანიამ.

მიხეილ სააკაშვილის გვერდით დგას არა მხოლოდ 2000 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი, არამედ კაცი, რომელიც 1995 წელს ედგა სათავეში პრეზიდენტ შევარდნაძის საარჩევნო შტაბს. აი, რა თქვა ელდარ შენგელაიამ საჯარო გამოსვლის დროს, იხსენებდა რა 22 ნოემბრის ამბებს პარლამენტში:

[შენგელაიას ხმა] "ნუ ეგონება ნურავის, რომ ჩვენ ამას დავთმობთ, შეგვეშინდება, რაღაც ეხლა პატარა ისინი რომ ხდება, აი, რაღაც... მე მოვუწოდებ მათ: ნუ დაუდგებიან ქართველ ხალხს წინ! ვინც ხართ თქვენ იქ, გაგვეცალეთ! საქართველოს აღზევების გზას წინ ნუ დაუდგებით, იმიტომ რომ გასრესილები იქნებით!"(სტილი დაცულია)

ვისაც ამდენი დენთი არ ჰქონდა, ის ცოტა შეცბა, როცა საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტს კამპანიის სტარტი ასეთი სიტყვებით დაულოცეს.
XS
SM
MD
LG