Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჟორიტარული არჩევნების შედეგები ჯერჯერობით ძალაში რჩება


2 ნოემბრის არჩევნებიდან ერთი თვის თავზე ხელისუფლების საკანონმდებლო შტოში ასეთი ვითარებაა შექმნილი: მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები,

მუშაობა განაახლა 1999 წლის მოწვევის პარლამენტმა; ამავდროულად, გაურკვეველია 2 ნოემბერს ჩატარებული მაჟორიტარული არჩენებისა და რეფერენდუმის ბედი, რომელიც დეპუტატთა ჯგუფის სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. მე შევეცადე გამერკვია, ემუქრება თუ არა საფრთხე რეფერენდუმის შედეგებსა და მაჟორიტარ დეპუტატთა სიმწრით მოპოვებულ მანდატებს.


2 ნოემბრის მაჟორიტარული არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნით, დეპუტატების სამოცდაცამეტკაციანმა ჯგუფმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, შემდეგი მოტივით: 2 ნოემბერს დაირღვა საყოველთაობისა და თანასწორობის პრინციპი, ისევე როგორც ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვის უფლება.

კანონის თანახმად, ამგვარი სარჩელის შეტანა ქვეყნის პრეზიდენტს ან პარლამენტის წევრთა ერთ მეხუთედს, ანუ 47 დეპუტატს, შეუძლია. საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის უფროსის ნათია ჯინჯოლავას განცხადებით, იმის გამო, რომ მოგვიანებით დეპუტატების მნიშვნელოვანმა ნაწილმა საკუთარ ხელმოწერაზე უარი თქვა, სასამართლომ აღნიშნული სარჩელი რეგისტრაციიდან მოხსნა, თუმცა ჩემი რესპონდენტი სხვა სახის დარღვევებზეც საუბრობს:

[ნათია ჯინჯოლავას ხმა] "ამ სარჩელს დოკუმენტაციაც არ ახლდა, რაც იყო საჭირო. სამი დღის ვადას აძლევს, კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო და ამ სამ დღეში უნდა მოაწესრიგონ. არც ეს დოკუმენტაცია მოწესრიგებულა და, პლუს, დეპუტატებმა გაიტანეს თავიანთი ხელმოწერები უკან და ამის გამო მოვხსენით." (სტილი დაცულია)

ვახტანგ ხმალაძემ, რომლის რწმუნებაც, საბოლოო ჯამში, 44-მა დეპუტატმა ცნო, სარჩელის რეგისტრაციიდან მოხსნის ფაქტი საკონსტიტუციო სასამართლოს მდვანთან გაასაჩივრა:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] "ხელმოწერებიდან, რომლებიც გატანილად ჩაითვალა, ათი ხელმოწერა არის ასეთი შინაარსის განცხადებაზე: რომ ჩვენ ვაჩერებთ ჩვენს ხელმოწერას, ანუ უარი არ არის ნათქვამი სასარჩელო განცხადებაზე, ანუ გატანილი არ არის, მაგრამ არც დასტურია და დავსვი საკითხი, ეს საკითხი უნდა გაირკვეს უშუალოდ განმწესრიგებელ სხდომაზე, სადაც სასამართლომ უნდა ჰკითხოს ამ პირებს: ისინი რჩებიან მოსარჩელეებად თუ არა."(სტილი დაცულია )

და მართლაც, საინტერესოა, დარჩებიან თუ არა ეს ადამიანები მოსარჩელეებად, ისევე როგორც საინტერესოა, რა მოტივი ამოძრავებდათ დეპუტატებს, როცა სარჩელს ჯერ ხელს აწერდნენ, შემდეგ კი უარს ამბობდნენ მასზე. მე ერთ-ერთ "ხელმომწერ დეპუტატს", რომან დალაქიშვილს, გულისნადების გაზიარება ვთხოვე, პასუხად კი, აი, რა მივიღე:

[რომან დალაქიშვილის ხმა] "არ ვაკეთებ კომენტარს! მე ჩემი მოტივი მაქვს, არ მინდა კომენტარი!.." (სტილი დაცულია)

ამავე საკითხთან დაკავშირებით, ფრაქცია "სოციალისტის" ლიდერი ირაკლი მინდელი ვარაუდობს, რომ მოქმედი ხელისუფლება და მაჟორიტარი დეპუტატები ერთმანეთს გაურიგდნენ.

[ირაკლი მინდელის ხმა] "ეგეთი ინფორმაციაც არსებობდა, რომ თითქოს რაღაც გარიგება მოხდა. ყოველ შემთხვევაში, შეხვედრა რომ მოხდა, ეს ვიცი." (სტილი დაცულია)


"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი თამარ ჟვანია ჩემთან საუბარში აცხადებს, რომ ორგანიზაცია ფლობს მაჟორიტარული არჩევნების პარალელურ ოქმებს, რომლებიც ასევე იძლევა შედეგების გაუქმების საბაბს. თუმცა ყოველივე ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია, რომელმაც 10 დეკემბრამდე უნდა გამოაქვეყნოს გადაწყვეტილება: მიიღებს თუ არა დეპუტატთა სარჩელს წარმოებაში.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG