Accessibility links

logo-print

ქართული პოსტრევოლუციური ქაოსის თავისებურებანი


23 ნოემბრის ე.წ. "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ საქართველოში თითქმის ყოველდღიურად ხდება ძალადობის ცალკეული შემთხვევები, რომელთა სამიზნედ, ძირითადად, ყოფილი ხელისუფლების მომხრე

პოლიტიკოსები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იქცნენ. ოთხშაბათს გვიან ღამით ძლიერი აფეთქება მოხდა სახელმწიფო ტელევიზიის შენობასთან, ხუთშაბათ დილით კი შეიარაღებულ ყაჩაღთა რაზმმა გაძარცვა გაერთიანებული ქართული ბანკის ვაკის ფილიალი, რომლის ერთ-ერთი მფლობელი ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური ბანაკის ცნობილი წარმომადგენელი ვანო ჩხარტიშვილია.

ცნობილი გამოთქმა, რომ რევოლუციას იწყებენ რომანტიკოსები, ახორციელებენ პრაგმატიკოსები, ხოლო სარგებლობენ ნაძირალები, საქართველოს "ხავერდოვანი რევოლუციის" შემთხვევაშიც არ კარგავს აქტუალობას. სანამ გარდამავალი ხელისუფლება მომავალი საპრეზიდენტო არჩვენების ჩასატარებლად და საერთაშორისო დახმარების მოსაზიდავად მუშაობს, ქვეყანას კრიმინალები და დესტრუქციული ელემენტები დაეპატრონნენ. თანაც, თუ 23 ნოემბრის შემდეგ უპირატესობა სატელეფონო მუქარას და შანტაჟს ენიჭებოდა, საქმეში თანდათან ებმება ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება. 3 დეკემბრის ღამეს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა. მესანგრეებმა დაადგინეს, რომ აფეთქდა 200 გრამი ტროტილი, რომელიც ერთ-ერთ ფარდულში ინახებოდა. შესაბამისად, გამომძიებლებმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს. საქართველოს გარდამავალი ხელისუფლების ვერსია კი უცვლელია: დესტრუქციულ ძალებს სურთ ქვეყანაში სრული ქაოსის გამოწვევა, მაგრამ ისინი გაიშიფრებიან და პასუხს აგებენ ხალხისა და კანონის წინაშე.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "დაიწყო უკვე მცდელობები წვრილმანი ხალხის დაშინების. გუშინ აფეთქება მოხდა ორ ტელევიზიას შორის ღამის ეთერის დასაწყისში, რომ ყველას ესაუბრა ამ აფეთქებაზე. მე მინდა ვუთხრა ყველა ამფეთქებელს, მე მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც ტყვიებს აზუზუნებს: თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება მათი მხრიდან, ჩვენ აღმოვაჩენთ ამ ხალხს, ხალხთან ერთად გამოვავლენთ ამ ადამიანებს და უმკაცრესად გავუსწორდებით ყველას, ვინც საქართველოს აფეთქებას ლამობს."

ზუსტად იმ დროს, როდესაც მოსწავლეთა სასახლეში მიხეილ სააკაშვილის მომხრეები იკრიბებოდნენ, ვაკეში შეიარაღებულმა პირებმა გაერთიანებული ქართული ბანკი გაძარცვეს და იქიდან 50 ათასი დოლარის ოდენობის ნაღდი თანხა გაიტაცეს. ამასთან, ადგილი ჰქონდა ანონიმურ ზარებს, ერთი და იმავე შინაარსის ტექსტით - "შენობა დანაღმულია". ხუთშაბათ დილით ასეთი ზარი გაისმა თბილისის 53-ე საშუალო პრესტიჟულ სკოლაში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატის, მოქმედი პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შვილები სწავლობენ. საღამოს კი ცრუ განგაშის ზარი გაისმა სტუდია "აუდიენციის" შენობაში, სადაც რადიო "იმედისა" და საინფორმაციო-სააგენტო "ინტერპრესის" თანამშრომლები არიან განთავსებულნი.
ამ მასობრივი პანიკის ფონზე, ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, თუ რას აკეთებენ ქვეყნის უსაფრთხოების ძალები. საზოგადოების ცნობის წადილი ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს უშიშროების მინისტრმა. ქართულმა სპეცსამსახურმა ხუთშაბათს ვაზიანის დასახლებაში დიდი რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობი აღმოაჩინა. 200 კილოგრამის მოცულობის ტროტილი, რომელიც საკმარისია, ვთქვათ, რამდენიმე მრავალსართულიანი შენობის დასანგრევად, ეკუთვნოდა 54 წლის ვინმე საშა შომახიას, რომელიც, უშიშროების მინისტრის ცნობით, შესაძლოა, ექვემდებარებოდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის გავლენას.

[ვალერი ხაბურძანიას ხმა] "პიროვნების შესახებ მე უკვე გითხარით გვარი და სახელი. დამატებით ინფორმაციას, ალბათ, ვერ მოგახსენებთ. მაგრამ, თავისი ცხოვრების წესით, ის ექვემდებარება სწორედ ამ ტიპის გავლენებს, რაც, ვთქვათ, გარედან იყოს სპეცსამსახურების ხაზით, ან ესეთი გარკვეული კრიმინალური მიმართულება ჰქონდეს."(სტილი დაცულია)

ვალერი ხაბურძანიას თქმით, საწყობში აღმოჩენილი ტროტილი იდენტურია იმ ასაფეთქებელი ნივთიერებისა, რომლითაც ოთხშაბათს აფეთქება მოხდა ტელევიზიის შენობასთან. უშიშროების გამომძიებლები დარწმუნებულები არიან, რომ საბრძოლო მასალა მთლიანად რუსული წარმომავლობისაა და ვაზიანის რუსეთის ბაზიდან არის თავის დროზე წაღებული.
XS
SM
MD
LG