Accessibility links

logo-print

რუსული პრესა ბორის ბერეზოვსკის თბილისში ვიზიტის შესახებ


ბორის ბერეზოვსკის კონსპირაციული ვიზიტის დეტალები საზოგადოებისთვის ჯერაც დაფარულია. რუსული პრესა გაღიზიანებას არ ფარავს იმის გამო, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი ოლიგარქის

დაკავება ქართველმა მესაზღვრეებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. მესაზღვრეებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების გარდა, პრეტენზიები გაისმის საქართველოს დროებითი ხელისუფლების მისამართითაც. რას უსაყვედურებენ რუსი პოლიტიკოსები ქართველ კოლეგებს და იქცევა თუ არა საქართველო საერთაშორისო ძებნილთა უხიფათო თავშესაფრად? ამ უკანასკნელ პერსპექტივაზე გაზეთი "კომსომოლსკაია პრავდა" მიუთითებს. გთავაზობთ რუსული პრესის მოკლე მიმოხილვას.

ცნობილი რუსი ოლიგარქის ბორის ბერეზოვსკის თბილისური ვოიაჟით განაწყენებული გაზეთი "კომსომოლსკაია პრავდა" ცინიკურად ასკვნის: " თუ თქვენზე ფედერალური ან საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, დაუყოვნებლივ იშოვეთ ფალსიფიცირებული პასპორტი და საქართველოში გაემგზავრეთ. უსაფრთხოება გარანტირებულია."
ფალსიფიცირებული პასპორტის თემას სათაურშივე ეხმიანება გაზეთი "იზვესტია", პუბლიკაციით - "პლატონი მათი მეგობარია." პუბლიკაცია ქვესათაურშივე ამცნობს მკითხველს, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა პლატონ ელენინში იოლად ამოიცნეს ბორის ბერეზოვსკი, მაგრამ მას, ყალბი პასპორტის მიუხედავადაც კი, არ შეუქმნეს დაბრკოლება. შესაბამისად, გაზეთი ასკვნის, რომ ბერეზოვსკის თბილისური ვიზიტით ყველაზე მეტად რუსეთის გენერალური პროკურატურაა აღშფოთებული:" ბერეზოვსკი ძველებურად საერთაშორისო ძებნილად ითვლება, რუსეთს ინტერპოლში ამ პროცედურის შეწყვეტის შესახებ განაცხადი არ გაუკეთებია. ინტერპოლის წევრი ქვეყნები - მათ რიცხვში, საქართველო - ვალდებულნი არიან ყველა ღონისძიება გამოიყენონ საერთაშორისო ძებნილთა დასაკავებლად".
იმავე "იზვესტიას" მიხედვით, ინტერპოლის რუსული ბიურო საზოგადოებას შეახსენებს, რომ ბორის ბერეზოვსკისთან ერთად ინტერპოლის ძებნილად ითვლება ასევე მისი თბილისელი მასპინძელი ბადრი პატარკაციშვილი. რუსული პრესა მომხდარიდან გასული ერთი დღის შემდეგაც იძულებულია აღიაროს, რომ ჯერჯერობით ბერეზოვსკის თბილისში ჩასვლის ერთადერთ და, ისიც, გახმაურებულ მოტივს ფლობს - მოტივს თავად პირველწყარო ახმაურებს. - ბორის ბერეზოვსკი ამბობს, რომ ვინაიდან ინტერპოლის ძებნილი ბადრი პატარკაციშვილის საქართველოდან გასვლა სახიფათოა, იგი მოსანახულებლად მას თავად ეწვია ლონდონიდან. მეგობრობის ეს უპრეტენზიო მოტივი, ცხადია, რუს ჟურნალისტებს გულს არ უჩუყებს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ბორის ბერეზოვსკი, პატარკაციშვილის გარდა, თბილისში სხვა პირებსაც შეხვდა. ამ ეჭვის საბაბს კი, გარკვეულწილად, თავად ბორის ბერეზოვსკი იძლევა. ინტერვიუში, რომელიც უკვე ლონდონში ჩაფრენის შემდეგ მისცა ჟურნალისტ ვლადიმირ პერეკრესტს, იგი ამბობს, რომ, პატარკაციშვილის გარდა, მისი მეგობრებიც მოინახულა.
ვინ და რატომ, ამაზე პასუხი რუსულ პრესაში არ არსებობს. შესაბამისად, პრესა ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვარაუდს იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო, რომ ყალბი დოკუმენტებით ქვეყანაში სწორედ ბორის ბერეზოვსკი ჩადიოდა. ინტერნეტ-გამოცემა "ლენტას" ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დროებითი ხელისუფლებისგან ელის პასუხს, დასტურდება თუ არა ეს ინფორმაცია.
რატომ არ დააკავეს ქართველმა სამართალდამცავებმა ბორის ბერეზოვსკი და რა კავშირი აქვს მის ვიზიტს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან? - ეს თავსატეხი თანაბრად აწუხებთ როგორც პრესას, ისე პოლიტიკოსებს და -არამარტო რუსეთში. საქართველოს დროებითი პრეზიდენტის პრესსამსახური ბერეზოვსკის ვიზიტის საქართველოს ხელისუფლებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. ამ ინფორმაციას ცნობად იღებს რუსული პრესაც, თუმცა, ამასთანავე, პრესაში ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ბერეზოვსკის საქართველოში ჩასვლისა და მეგობრის მონახულების სურვილი რატომღაც სწორედ პრეზიდენტ შევარდნაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გაუჩნდა.
XS
SM
MD
LG