Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 516-ე გამოშვება


დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას", რომლის 516-ე გამოშვებაში გესაუბრებით საარჩევნო სიებთან დაკავშირებული ზოგიერთი "უცნაურობის" შესახებ; ვიმსჯელებთ ეროვნებათაშორის ურთიერთობებსა და ეროვნულ უმცირესობათა მიმართ დამოკიდებულებაზე საქართველოში; გიამბობთ თბილისში ახლად გახსნილ ლიტერატურულ კაფეზე; ქართული ლიტერატურის მოყვარულებს დააინტერესებს შემდეგი სიუჟეტიც: ინტერვიუ ქართველ მწერად ჯემალ ქირიასთან, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, შეერთებულ შტატებში ცხოვრობს; რადიოჟურნალის ბოლოს კი შემოგთავაზებთ მასალას ლეგენდარულ საოპერო მომღერალზე მარია კალასზე, რომელსაც ამ დღეებში 80 წელი შეუსრულდებოდა. "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

საარჩევნო სიებთან დაკავშირებული ზოგიერთი "უცნაურობის" შესახებ

დავით კაკაბაძე:
2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ ეს არჩევნები, გამჭვირვალეობითა და დემოკრატიულობით, სამაგალითო გახდებოდა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ასეთივე განცხადებები კეთდება 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინაც, თუმცა ბევრს ეჭვი ეპარება, მართლაც მოხერხდეს იმ პრობლემების აღმოფხვრა, რაც 2 ნოემბრის კენჭისყრას ახლდა თან. უპირველესად, იგულისხმება ამომრჩევლის სიებთან დაკავშირებული პრობლემა, რომლის მოუგვარებლობის შემთხვევაში არჩევნების სამართლიანობაზე საუბარი წარმოუდგენელია. თამარ ჩიქოვანი მოგითხრობთ იმაზე, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ 2 ნოემბერს, საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლები.

თამარ ჩიქოვანი:
ამომრჩეველმა 2 ნოემბერს განსხვავებული "გამოცდილება" მიიღო - საკუთარი მაგალითით დავიწყებ. როცა ინტერნეტში განთავსებულ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი გვარი ვერ აღმოვაჩინე, საარჩევნო უბანს ვესტუმრე. ჩემდა გასაოცრად, საარჩევნო უბანში გამოკრულ სიაში შეყვანილი ვიყავი. პრობლემა არც 2 ნოემბერს მქონია - თუ არ ჩავთვლით რიგში დაკარგულ 2 საათზე მეტს, ახალ სიაში აღმოვჩნდი და ხმის მიცემაც შევძელი.

განსხვავებულ სიტუაციაში აღმოჩნდა ჩვენი რადიოს მსმენელი, 70 წლის კლარა ხომერიკი, რომელიც 2 ნოემბერს თავის საარჩევნო უბანში გამოცხადდა:

[კლარა ხომერიკის ხმა] "2 ნოემბერს რომ წავედი, 11 საათიდან 1 საათამდე რიგში ვიდექი. ვიცოდი, რომ ვიყავი სიაში. წინა დღით გადავამოწმე. მივედი და - არა ხართ სიაშიო, მეუბნებიან."

ქალბატონი კლარა სახლში დაბრუნდა. როცა ტელევიზიით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მაშინდელი თავმჯდომარის ნანა დევდარიანის განმარტება მოისმინა, ვინც წინა დღეს სიაში იყავით, ხმის მიცემას შეძლებთო, არ დაიზარა და კვლავ მივიდა საარჩევნო უბანში. მისი ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა - ხმის მიცემა ვერც მეორე ჯერზე შეძლო. კითხვაზე, მაინც რატომ არ მისცეს ხმის მიცემის საშუალება, კლარა ხომერიკი ვარაუდს გამოთქვამს - როგორც ჩანს, იცოდნენ, ოპოზიციას რომ ვუჭერდი მხარსო:

[კლარა ხომერიკის ხმა] "რამდენჯერმე მოვიდნენ - ვის აძლევთ ხმასო? არ ვეუბნებოდი. ერთხელ წამომცდა, ძალიან რომ ჩამაცივდნენ - ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციას-მეთქი...შეიძლება ეს იყო. როგორ დავაბრალო, არ ვიცი."

ამ უსიამოვნო გამოცდილების მიუხედავად, კლარა ხომერიკი 4 იანვარს არჩევნებზე მისვლას გეგმავს, რადგან დარწმუნებულია, რომ მისი არჩევანი გაამართლებს.
4 იანვარს არჩევნებზე აუცილებლად წავა თბილისელი გურამ რაზმაძეც. ოღონდ მისი არჩევნებთან დაკავშირებული "ჰობი" ბევრს უცნაურად მოეჩვენება: 1989 წლიდან მოყოლებული, 2 ნოემბრის არჩევნების ჩათვლით, გურამ რაზმაძე ყველა არჩევნებზე მიდის, მაგრამ არა ხმის მისაცემად - მას საკუთარი ბიულეტენი საარჩევნო უბნიდან ჩუმად მოაქვს სახლში და ინახავს:

[გურამ რაზმაძის ხმა] "ვხედავდი, რომ ხმის მიცემა შეუძლებელი იყო - არავინ იმსახურებდა, რომ ხმა მიმეცა. ისიც ჩანდა, რომ თუ არ მივიდოდი არჩევნებზე, ბიულეტენს გამოიყენებდნენ. ყველა რომც გადახაზო, იმასაც კი იყენებენ. ერთადერთ გზად გამოვნახე ეს, რომ მივიდე არჩევნებზე, მოვიხადო ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა და წამოვიღო ბიულეტენი სახლში, რომ მქონდეს დამადასტურებელი საბუთი, რომ არავისთვის ხმა არ მიმიცია, რომ გაყალბებაში მონაწილეობა არ მიმიღია."

4 დეკემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოყენებული არ იქნება ამომრჩეველთა ერთიანი სიის კომპიუტერული ვერსია. მისი განმარტებით, ამომრჩეველთა სიის ფორმირებისას გამოყენებული იქნება ორი მექანიზმი - წინასწარი საარჩევნო რეგისტრაცია და დამატებითი სიები, რათა არ დაირღვეს არჩევნებზე მისული ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. შეგახსენებთ: საარჩევნო კოდექსი დამატებით სიებს არ ცნობს, რადგან, საყოველთაო აღიარებით, არჩევნებისას ე.წ. კარუსელების მოწყობას სწორედ დამატებითი სიები უქმნიდა საფუძველს.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ეროვნებათაშორისი ურთიერთობები და დამოკიდებულება ეროვნულ უმცირესობათა მიმართ საქართველოში

დავით კაკაბაძე:
"მულტიკულტურული განსხვავებებისა და რეგიონული ერთიანობის კვლევა სამხრეთ კავკასიაში". "ტასისის" მიერ დაფინანასებული ეს პროექტი საქართველოში განახორციელა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძის ხელმძღვანელობით. გამოკითხვაში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ათასი რესპონდენტი მონაწილეობდა. კვლევის უთუოდ საყურადღებო შედეგებზე გიორგი კაკაბაძე გიამბობთ.

გიორგი კაკაბაძე:
კვლევა, ძირითადად, ეხებოდა ეროვნებათა შორის არსებულ ურთიერთობებს და დამოკიდებულებას ეროვნულ უმცირესობათა მიმართ.

როგორ აფასებენ რესპონდენტები საქართველოში ეროვნებათა შორის არსებულ ურთიერთობებს? რესპონდენტთა
32%-ის აზრით, ეს ურთიერთობები პოზიტიურია, 41%-ის აზრით - დამაკმაყოფილებელი, ხოლო 26% ამ ურთიერთობებს ნეგატიურად აფასებს.

გაგა ნიჟარაძე ამბობს, რომ, ერთი შეხედვით, მიღებული შედეგი სავსებით ნორმალურია, რადგან სხვა ერების წარმომადგენელთა მიმართ კარგ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. მაგრამ, როგორც იგი აღნიშნავს:

[გაგა ნიჟარაძის ხმა] "მთლად ასე არ არის, იმიტომ რომ არაქართველი მოსახლეობა უფრო უარყოფითად აფასებს ურთიერთობებს ეროვნებათა შორის საქართველოში, ვიდრე ქართველები. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა ქართველის სტერეოტიპი, რომელიც სხვას ეუბნება: იცხოვრე საქართველოში, იყავი კარგად და რაც გინდა, ის გააკეთე, მაგრამ იცოდე, რომ მთავარი აქ მე ვარ."

"ეთანხმებით თუ არა გამონათქვამს: საქართველო ქართველებისთვის?" - გამოკითხულთა 42%-ზე მეტმა ამ კითხვაზე დადებითად უპასუხა. რესპონდენტთა თითქმის 62% კი მიიჩნევს, რომ საქართველო აქ მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის სამშობლოა. 56%-ის აზრით, ეთნიკური მრავალფეროვნება ქვეყანას კულტურულად უფრო მდიდარს და საინტერესოს ხდის.

ანკეტაში იყო ასეთი კითხვა: სასურველია თუ არა ქვეყნიდან იმ ადამიანების გაძევება, რომლებიც ტიტულარული ერის წარმომადგენლები, ანუ ქართველები, არ არიან?
კითხვაზე დადებითად უპასუხა 10-მა პროცენტმა, 17% ნაწილობრივ იზიარებს ამ მოსაზრებას, ხოლო 70%-ისთვის ეს მიუღებელია.

და მაინც, გაგა ნიჟარაძის შეფასებით, ათპროცენტიანი მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ამასთან, როგორც ფსიქოლოგი ამბობს:

[გაგა ნიჟარაძის ხმა] "დემოკრატიულობის თვალსაზრისით, ეს მიუთითებს იმას, რომ, ჯერ ერთი, საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული მოქალაქეობრივი ცნობიერება, ცნობიერება უფრო ეროვნული ხასიათისაა. ავიღოთ საფრანგეთის მაგალითი. ამ ქვეყნის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში ზანგების 90% თამაშობს, თითოეული მათგანი ფრანგად მიიჩნევს თავს და ასეთად მათ "თეთრი" ფრანგებიც მიიჩნევენ. ჩვენთან კი ასე არ არის და არც ეთნიკური უმცირესობებისთვისაა ამგვარი რამ დამახასიათებელი - ისინი არ აღიქვამენ თავს საქართველოს მოქალაქეებად."

ქართველების გარდა, რა ეროვნების წარმომადგენელთა მიმართ გამოხატეს სიმპათიები რესპონდენტებმა? ყველაზე მეტი სიმპათია გამოვლინდა რუსების მიმართ. გაგა ნიჟარაძის თქმით, ეს აჩვენებს, - რაც ბევრი გამოკვლევითაც დასტურდება, - რომ რუსეთთან დაკავშირებული ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოში გულისხმობს რუსეთის ხელისუფლებას და არა ხალხს.

ეროვნებათა მიმართ სიმპათიების მიხედვით, რუსების შემდეგ მოდიან: სომხები, ებრაელები და აზერბაიჯანელები. უარყოფითი დამოკიდებულება გამოვლინდა ჩეჩნებისა და აფხაზების მიმართ.

ანკეტა შეიცავდა ერთ საინტერესო კითხვას: დაასახელეთ ეთნიკური უმცირესობების ცნობილი წარმომადგენლები, რომლებმაც შესამჩნევი კვალი დატოვეს საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ, სამეცნიერო და სპორტულ ცხოვრებაში.

პირველი ადგილი, დიდი უპირატესობით (75 ხმით), მოიპოვა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა. 46 ხმით, მეორე ადგილზეა კალათბურთელი ნიკოლაი დერიუგინი, მესამეზე - საიათ-ნოვა (23 ხმა) და მეოთხეზე (20 ხმით) - ისევ სპორტსმენი, ლეგენდარული ვიქტორ სანეევი.

ზოგადად, რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით? გაგა ნიჟარაძე ამბობს:

[გაგა ნიჟარაძის ხმა] "ურთიერთობები ეროვნებათა შორის საქართველოში იდეალური არ არის, მაგრამ ძალიან ცუდიც არ არის - საშუალო დონეზეა. იგრძნობა მოქალაქეობრივი მენტალიტეტის, სახელმწიფოებრივი მენტალიტეტის დეფიციტი. თუმცა ვიმედოვნებ, რომ დროთა განმავლობაში ეს გამოსწორდება. მაგრამ საყოფაცხოვრებო კონფლიქტების დროს, ალბათ, კიდევ დიდხანს გაიხსენებენ იმას, თუ ვის ჰყავს, ვთქვათ, ბებია არაქართველი. და სანამ ასე იქნება, საქართველო მთლად დემოკრატიული ქვეყანა ვერ იქნება."

დაბოლოს: ჩემს თანამოსაუბრეს აქვს ინფორმაცია აზერბაიჯანში ჩატარებული ანალოგიური კვლევის შესახებ. გაგა ნიჟარაძის თქმით, მეზობელ ქვეყანაში რესპონდენტები უფრო ტოლერანტულები არიან, ვიდრე ეს საქართველოშია.

გიორგი კაკაბაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ლიტერატურული კაფე თბილისში

დავით კაკაბაძე:
თბილისში წიგნის მოყვარულებს კიდევ ერთი შესაკრებელი ადგილი გაუჩნდათ. ლიტერატურულ კაფეში, რომელიც ოთხი დღეა, რაც გაიხსნა, საქართველოს წიგნის მაღაზიებისთვის ცოტა უჩვეულო გარემოა: დღემდე იქ, სადაც წიგნით ვაჭრობდნენ, შეგეძლოთ სათამაშოების, საკანცელარიო ნივთების, სუვენირების, ზოგჯერ კი ტანსაცმლისა და წამლების ყიდვაც. ლიტერატურულ კაფეში მსგავსი არაფერი ხდება: აქ "მხოლოდ" გაგიმასპინძლდებიან და კონსულტანტები, თუ ისურვებთ, წიგნებსაც შემოგთავაზებენ. კიდევ რა სიახლე მოელით ლიტერატურული კაფეს სტუმრებს? ამაზე დავით პაიჭაძე ესაუბრა კაფეს ერთ-ერთ დამფუძნებელს, გია ხუხაშვილს.

დავით პაიჭაძე:
წიგნის ბიზნესის - ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ბიზნესის - წამოწყებას წინ, ალბათ, შესაბამისი ბაზრის კვლევა უნდა უძღოდეს. გია ხუხაშვილი თავად არის ენერგეტიკისა და ნავთობპროდუქტების ბიზნესის ექსპერტი. ამის მიუხედავად, წიგნის ბიზნესში მან სხვა გზა არჩია:

[გია ხუხაშვილის ხმა] "მარკეტინგული კვლევა ჩვენ არ ჩაგვიტარებია. მთავარი იდეა მხოლოდ წიგნის გაყიდვა არ არის. ძირითადი პროექტები გულისხმობს სხვადასხვა ტიპის ლიტერატურული და შემოქმედებითი საღამოების გამართვას. ჩვენ ვაპირებთ, მოვაწყოთ არაკომერციული ფილმების დახურული ჩვენებები და შემდეგ განვიხილოთ ისინი. ბავშვებისათვის იქნება მხატვრული კითხვის საღამოები და ა.შ.".

რა კონცეფციად შეიძლება ჩამოყალიბდეს "ლიტერატურული კაფეს" დამფუძნებელთა ეს და სხვა განზრახვები?

[გია ხუხაშვილის ხმა] "კონცეფცია ის გახლავთ, რომ ჩვენ საქართველოში ხელი შევუწყოთ წიგნიერი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას. რით შეგვიძლია ეს? შევაყვაროთ წიგნი ბავშვებს, ახალგაზრდები უზრუნველვყოთ სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურით... ბიზნესგეგმა ჩვენ არ დაგვიწერია. ვთქვით, რომ ეს არის კარგი საქმე და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ."

თბილისში წიგნის რამდენიმე მაღაზია მუშაობს. მათგან ახალი სულ სამია. მე ვკითხე გია ხუხაშვილს, რა ურთიერთობა აქვს კონკურენტებთან - "პარნასსა" და წიგნის სახლთან?

[გია ხუხაშვილის ხმა] "დიდწილად, ჩვენი საქმიანობა ერთმანეთს ემთხვევა და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი. მეტსაც გეტყვით: ჩვენ და წიგნის სახლმა ახლახან რუსეთიდან წიგნების ერთობლივი იმპორტი განვახორციელეთ. წიგნები შემოვიტანეთ და გავიყავით. რა თქმა უნდა, იმათ თავიანთი შეკვეთა ჰქონდათ, ჩვენ - ჩვენი, მაგრამ ეს ხარჯების შესამცირებლად გავაკეთეთ. ასე რომ, მე მზად ვარ, ვითანამშრომლო მათთან მომავალშიც და, ვფიქრობ, ასეც იქნება. წიგნის მაღაზიები ხომ ძალიან ცოტაა."

მართალია, წიგნის ბაზარი საქართველოში მწირია, მაგრამ წიგნით მოვაჭრენი მაინც ეძებენ სერვისის ახალ ფორმებს ან მიმართავენ უკვე ნაცად გზებს. ერთი ასეთი გზა წიგნების ინდივიდუალური შეკვეთაა.

[გია ხუხაშვილის ხმა] "ჩვენ ვიმუშავებთ შეკვეთებზეც: დაახლოებით ორი-სამი კვირის განმავლობაში მყიდველს დავუკმაყოფილებთ მოთხოვნილებას ამა თუ იმ წიგნზე, რომელიც ჩვენ თაროზე არ გვიდევს. ზემოთ მაგიდები დგას. მომხმარებელს შეუძლია ჩამოჯდეს, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს ამა თუ იმ წიგნის შეძენაზე, გადაათვალიეროს, გაეცნოს, ანოტაცია წაიკითხოს... თუ ვინმე მოინდომებს წიგნის თავიდან ბოლომდე წაკითხვას, ამაშიც ხელს არ შევუშლით - იჯდეს და იკითხოს."

ახალ ფორმას რაც შეეხება, ლიტერატურულ კაფეში, ყველა კონკურენტისაგან განსხვავებით, შთამბეჭდავად არის წარმოდგენილი კულინარული შემადგენელი. თუმცა, ცხადია, ხინკალი და ქაბაბი მენიუში არ არის.

[გია ხუხაშვილის ხმა] "აქ იქნება მხოლოდ მსუბუქი რაღაცები, რაც წიგნს, წიგნთან ურთიერთობას არ დაამძიმებს. დანა-ჩანგალი და მსგავსი ინსტრუმენტები აქ არ იქნება. გვექნება სასმელები, ლუდისა და შამპანურის გარდა. ღვინოს მიუტანენ მხოლოდ ჭიქით. ბოთლი მაგიდაზე არ მოხვდება. ეს სერიოზული პრობლემა იყო იმიტომ, რომ თითქოს არ ეხამება ერთმანეთს."

კიდევ რით შეიძლება განსხვავდეს ლიტერატურული კაფე წიგნის მოყვარულთა სხვა ადგილებისაგან? გია ხუხაშვილი ერთ ჩანაფიქრს გვიზიარებს:

[გია ხუხაშვილის ხმა] "მე ვფიქრობ ერთ კონცეპტუალურ პროექტზე: ეს არის ლიტერატურული კარაოკე, თავისი პრემიებით. მოდის რამდენიმე კაცი მხატვრული ტექსტებით და თავად პუბლიკა ირჩევს მათ შორის გამარჯვებულს, რომელსაც ფულად პრემიას გადავცემთ."

თითქოს აშკარაა, რომ ლიტერატურული კაფე წარმატებულ ბიზნესპროექტად არ არის ჩაფიქრებული. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ დასჯერდება იმას, თუ კაფე თავის თავს შეინახავს. ამასთან, არ იზიარებს აზრს, რომ ეს წამოწყება მხოლოდ ჰობია.

[გია ხუხაშვილის ხმა] "შეიძლება ამას ჰობი ვუწოდოთ, მაგრამ ჰობი უფრო საკუთარი ინტერესებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებაა. ამ გაგებით, ეს საქმე ჰობი არ არის. მე მინდა არა მხოლოდ ის, რომ კმაყოფილი ვიყო, - და, რა თქმა უნდა, კმაყოფილ ვარ და ძალიანც მსიამოვნებს, - არამედ მინდა, რომ გარკვეული სოციალური ფუნქციაც შევასრულო ამით, საზოგადოებას გამოადგეს ეს საქმე. მე მგონი, გამოადგება კიდეც."

[მუსიკა]

ინტერვიუ ჯემალ ქირიასთან

დავით კაკაბაძე:
ეს იყო თბილისში ამ რამდენიმე დღის წინათ გახსნილი ლიტერატურალი კაფეს ერთ-ერთი დამფუძნებელი, გია ხუხაშვილი, რომლის დახმარებითაც კაფეს საქმიანობაზე დავით პაიჭაძე გიამბობდათ. ლიტერატურის მოყვარულებს დააინტერესებთ ჩვენი შემდეგი სიუჟეტიც - საუბარი მწერალ ჯემალ ქირიასთან. თუმცა, ინტერვიუში, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, შეერთებულ შტატებში მცხოვრები მწერალი ლიტერატურაზე კი არ საუბრობს, არამედ თავის მოსაზრებებს გვიზიარებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. საუბრის დასაწყისში ბატონ ჯემალ ვთხოვე, იმის შესახებ მოეთხრო, როდის და რა მიზეზით წავიდა საქართველოდან.

(იხ. აუდიოვერსია)

[მუსიკა]

La Divina
მარია კალასი - 80

დავით კაკაბაძე:
მარია კალასის სახელის ხსენება მუსიკის მოყვარულებში ტკბობას, სევდას, ძრწოლას იწვევს. სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცევის შესახებ გაცვეთილი გამოთქმა ცოტას თუ შეეფერება ისე, როგორც მარია კალასს, ოპერის დივას და ტრაგიკულ პიროვნებას. მას ათასობით თაყვანისმცემელი აღმერთებდა და აღმერთებს, ხმის ჩამწერი ფირმები მილიონიანი ტირაჟებით უშვებენ ფირფიტებს მისი ჩანაწერებით, მისი ბიოგრაფიის ცნობილ თუ დაფარულ დეტალებზე დღემდე მსჯელობენ გულშემატკივრები თუ სენსაციების მოყვარული პრესა.
მარია კალასს ამ დღეებში 80 წელი შეუსრულდებოდა. მის შესახებ ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

ბიძინა რამიშვილი:
ზემოხსენებული სახელისა და დიდებისთვის კალასს დიდი საზღაურის გაღება უწევდა. პუბლიკის აღიარება მისი ერთადერთი ნუგეში იყო მთელი სიცოცხლის მანძილზე. მთელს თავის ადამიანურ ძალისხმევას იგი ხმის სრულყოფასა და დახვეწას, ტრაგიკული, დრამატული თუ რომანტიული გმირების განსახიერებას ახმარდა.

კალასი, რომლის ნამდვილი გვარი კალოგეროპულოსი გახლდათ, 1923 წლის 2 დეკემბერს დაიბადა ნიუ იორკში, ბერძენი ემიგრანტების ოჯახში. მუსიკის გამორჩეული ნიჭით ბავშვობაშივე იყო აღბეჭდილი და პატარობიდანვე სწავლობდა მუსიკას. შემდგომ, ეკონომიკური სიდუხჭირის პერიოდში, მამამისი იძულებული გახდა დაეხურა თავისი აფთიაქი და სხვა საქმისთვის მოეკიდა ხელი. 13 წლის მარია დედასთან და დასთან ერთად საბერძნეთში, ათენში გადასახლდა და იქ გააგრძელა მუსიკალური განათლების მიღება. იქვე, სამეფო ოპერაში შედგა მისი დებიუტი. 1947 წელს კალასი გადავიდა იტალიაში. ამ პერიოდზე მოდის მისი საშემსრულებლო კარიერის მწვერვალი - მილანის "ლა სკალაში" შესრულებული ლუჩიას, ნორმას, ვიოლეტასა თუ სხვა პარტიები. იგი თანამშრომლობს ტულიო სერაფინთან, ალფრედო დი სტეფანოსთან, ტიტო გობისთან, ლუკინო ვისკონტისთან და ლეონარდ ბერნსტაინთან. 1956 წელს კი ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში გამოდის. მას მერე კალასმა მსოფლიოს ყველა დიდი საოპერო სცენა დაიპყრო.

სცენის მიღმა იგი რთული და წინააღმდეგობრივი ადამიანი იყო. მისი ბიოგრაფია სავსეა სკანდალებით ჰონორარებისა თუ ჩაშლილი წარმოდგენების, პრესასთან თუ კოლეგებთან უსიამოვნებების გამო. მაგრამ ამ ქედმაღალი ფიგურის, მეფური ფასადის მიღმა გამოსჭვივის სუსტი და ტკივილით აღსავსე ხასიათი, უკიდურესი პესიმიზმი, როგორც ამას თავადაც აღიარებს ერთ-ერთ ინტერვიუში.

[მარია კალასის ხმა]

კალასს ერთობ რთული პირადი ცხოვრება ჰქონდა. ორმოციან წლებში თავისზე 30 წლის უფროს ფაბრიკანტს, ჯიოვანი ბატისტა მენეგინს გაჰყვა ცოლად. მოგვიანებით კი ბერძენი მულტიმილიონერის, არისტოტელე ონასისის სატრფო გახდა. სწორედ ონასისთან გართულებულ ურთიერთობებს დაემთხვა მისი ხმის გაუარესება. ხოლო მას მერე, რაც ამ უკანასკნელმა 1968 წელს კალასს დემონსტრატიულად შეაქცია ზურგი და ამერიკის პრეზიდენტ ჯონ კენედის ქვრივი, ჟაკლინი მოიყვანა ცოლად, კალასის მუსიკალური კარიერა სწრაფად წავიდა უკან. მან ხმა დაკარგა. კალასი 1977 წლის სექტემბერში გარდაიცვალა მიტოვებული და ადამიანურ სითბოს მოკლებული.

მარია კალასის მომაჯადოებელი ხმა დღემდე გამოცანად რჩება კრიტიკოსებისა თუ პუბლიკისთვის. იგი არ არის ზედმიწევნით ლამაზი. პირიქით, ხშირად არის მოუხეშავი, გაბზარული, ზოგჯერ ულამაზოც კი. მაგრამ სწორედ ამით იქცა იგი ლეგენდად. კალასი ზედმიწევნით ფლობდა დიდი ხნის მივიწყებულ "ბელკანტოს" ტექნიკას მისი თავდაპირველი სახით. მას იოლად შეეძლო ხმის ტემბრისა და რეგისტრის ცვლა. უაღრესად არტიკულირებულად ასრულებდა ტრელსა თუ კოლორატურას.

კალასი არ იყო მხოლოდ მომღერალი. იგი თავის როლებს კი არ მღეროდა, არამედ ყოველ მათგანს აცოცხლებდა. თავდავიწყებამდე ითავისებდა მათ სიხარულს და მათ ტრაგედიას. შთამომავლობამ მას "ლა დივინა" - ღვთაებრივი - შეარქვა.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
დღევანდელ გამოშვებას ღვთაებრივი მარია კალასის ხმით დავასრულებთ. მოისმინეთ არია პუჩინის ოპერიდან "მადამ ბატერფლაი". "მეათე სტუდია" კი პრაღაში მოამზადეს ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG