Accessibility links

logo-print

თბილისში კრიმინალური ვითარება სულ უფრო რთულდება


მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა გია ბარამიძემ უშეღავათო ომი გამოუცხადა ნარკომანიასა და ყაყაჩოს თესლს, საქართველოს დედაქალაქის ცენტრში ბანკებს და დიპლომატებს აყაჩაღებენ,

ბიზნესმენებს კი უპრობლემოდ იტაცებენ. როგორც ჩანს, სხვადასხვა პოლიტიკურმა, ბიზნეს თუ კრიმინალურმა წრეებმა შექმნილი პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში ერთმანეთთან არასამართლებრივი მეთოდებით ანგარიშსწორება გადაწყვიტეს. ბოლო დღეებში ამგვარი ანგარიშსწორების მთავარ სამიზნედაა ქცეული გაერთიანებული ქართული ბანკი.

გაერთიანებული ქართული ბანკის ბიზნესდაჯგუფებაზე კონკურენტების შეტევა ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიწყო. კერძოდ კი, ამ რევოლუციის მხარდამჭერი სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია "მზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გაერთიანებული ქართული ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვანო ჩხარტიშვილი კონტრრევოლუციონერად და რევანშისტად მოიხსენია. ჩხარტიშვილმა ბრალდებები უარყო, თუმცა მის გუნდზე თავდასხმები ამით არ შემწყდარა.

4 დეკემბერს, დღისით-მზისით, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ გაერთიანებული ქართული ბანკის ვაკის ფილიალს და იქიდან 50 ათასი ამერიკული დოლარი და 30 ათასი ლარი გაიტაცეს. 5 დეკემბრის გამთენიისას კი გაერთიანებული ქართული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე თამაზ მაღლაკელიძე 5-მა შეიარაღებულმა პირმა გაიტაცა.

ამ ფაქტებით შეშფოთებულმა ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ სპეციალური მიმართვა მიიღო, რომელიც ზაზა სიორიძემ გაახმოვანა:

[ზაზა სიორიძის ხმა] "ბიზნესსექტორი, საბანკო სექტორი მზად არის ძალიან გამოკვეთილად ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი თანამშრომლობა, ეს უნდა იყოს ორმხრივი თანამშრომლობა. და ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, სამართალდამცავ ორგანოებს ბიზნესსექტორთან ითანამშრომლონ, უზრუნველყონ ბიზნესსექტორის დაცვა, - ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა."

ცნობისთვის: გაერთიანებული ქართული ბანკი სამართალმემკვიდრეა საბჭოთა შემნახველი სალაროებისა, სადაც უამრავი ქართველის მილიონობით ანაბარი ინახებოდა. როგორც ცნობილია, ეს თანხები უგზო-უკვლოდ გაქრა. გარდა ამისა, ორიოდე წლის წინ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ამ ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომლის კლიენტთა ანაბრების გასტუმრებაზე ბანკმა უარი განაცხადა. თავად თამაზ მაღლაკელიძე რამდენიმე წლის წინ საბაჟო სამსახურს ხელმძღვანელობდა. ძველ ხელისუფლებაში მოღვაწეობდნენ ან მასთან დაახლოებულნი იყვნენ გაერთიანებული ქართული ბანკის სხვა დამფუძნებლებიც. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ბანკის საქმიანობით უკმაყოფილო წრეებს დაყაჩაღებითა და გატაცებით სამაგიეროს გადახდა ეცადათ.
ფულის გამოძალვის მიზნით გატაცების ვერსიას ამუშავებს და პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს გენერალური პროკურორი ნუგზარ გაბრიჩიძე.

[ნუგზარ გაბრიჩიძის ხმა] "ჩვენ თუ განვიხილავთ ამას დღევანდელი მოვლენების ფონზე, რა თქმა უნდა, კრიმინოგენური სიტუაცია დაძაბულია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, მაგრამ ასეთი შემთხვევები ადრეც იყო, თუმცა ეს არ იძლევა თვითდამშვიდების საფუძველს. მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი გაიხსნას, მომავალში არ მოხდეს მსგავსი შემთხვევები, გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რომ აღიკვეთოს ასეთი შემთხვევები."

თუ სამართალდამცველებმა, ყაყაჩოს თესლის დევნის გარდა, დროულად არ დაიწყეს ქვეყანაში არსებული კრიმინალური ვითარების პრევენცია, "ვარდების რევოლუციის" მონაპოვარს დიპლომატებიც კი დაუპირისპირდებიან. დემარშის ინიციატივით გამოვიდა რუსეთის საელჩო, რომლის თანამშრომელი 5 დეკემბერს, აგერ უკვე მერამდენედ, დააყაჩაღეს.
XS
SM
MD
LG