Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვიდან ბათუმში ჩასულ ასლან აბაშიძეს ქართველი პოლიტიკოსები ფეხდაფეხ მიჰყვნენ


რუსეთის დედაქალაქში გატარებული ათი დღის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ასლან აბაშიძე პოლიტიკურ კონსულტაციებს ბათუმში განაგრძობს. 5 დეკემბერს,

ქართველი პოლიტიკოსების გარდა, იგი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ლინ პასკოსაც შეხვდა. მართალია, აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელის პრესსამსახური ამგვარი შეხვედრის ფაქტს უარყოფს, მაგრამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლინ პასკოს მოლაპარაკების დეტალების გახმაურება არ სურს. 5 დეკემბერს ბათუმში, ლინ პასკოს გარდა, იმყოფებოდნენ ქართველი პოლიტიკური ლიდერებიც: შალვა ნათელაშვილი, ირინა სარიშვილი-ჭანტურია და აკაკი ასათიანი. მათ ასლან აბაშიძესთან, უპირველესად, საქართველოს შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე მოისაუბრეს და რეგიონის ცენტრთან კომპრომისის შესაძლებლობებიც მოსინჯეს.

პოლიტიკური კონსულტაციები აჭარის მეთაურთან 5 ნოემბერს არაერთგვაროვანი პოზიციების მქონე ლიდერებმა აწარმოეს. შესაბამისად, ძნელია იმის თქმა, რომ კონსულტაციები სწორედ კონსენსუსის მიღწევას ემსახურება. განსაკუთრებით ისეთ საკითხში, როგორიცა დროებითი ხელისუფლების ლეგიტიმაცია 4 იანვრის საპრეზიდენტო და, მომავალში უკვე, საპარლამენტო არჩევნების გზით.

[ირინა სარიშვილის ხმა] "მე უფრო ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩვენი საუბარი დასრულდება იმით, რომ მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდები, რომ არჩევნებს უნდა გამოეცხადოს ბოიკოტი."

ასლან აბაშიძესთან ირინა სარიშვილი, შეიძლება ითქვას, "ახალი ძალის" სახელით საუბრობს. ვგულისხმობთ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის პრეზენტაცია 8 დეკემბრისთვისაა დანიშნული. შესაბამისად, ძველი სახელისუფლებო ბლოკის სპიკერის აჭარის ლიდერთან საუბრის თემა ორ ნაწილად უნდა გაიყოს: პირველი, რა პოზიციას დაიკავებს ასლან აბაშიძე 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში. სწორედ ამ უკანასკნელზე იქნება დამოკიდებული "ახალი ძალის" პოზიციაც. მეორე საკითხი პირადულია და იგი ირინა სარიშვილისა და მისი შვილების უსაფრთხოებას ეხება.

[ირინა სარიშვილის ხმა] "არა, ბათუმში გადასვლას მე არანაირად არ ვაპირებ. მე არ დავაზუსტებ, რას ვგულისხმობ. ეს არის საკითხები, დაკავშირებული ჩემს და ჩემი შვილების უსაფრთხოებასთან, და მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მე ერთი ადამიანი მეგულება, ბატონი ასლან აბაშიძის სახით, რომელთანაც შეიძლება ამ თემაზე დალაპარაკება და აზრი აქვს."

რაც შეეხება ლეიბორისტთა პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის ნაჩქარევ ვიზიტს ბათუმში, პარტიის საინფორმაციო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასლან აბაშიძესთან წარმოებული მოლაპარაკების თემა საქართველოში არსებული მდგომარეობის კონსტიტუციის ნორმებში და სამართლებრივ ჩარჩოებში ჩასმის გზების ძიებაა. ცნობილია ლეიბორისტთა მოდელიც: შეკრება ახალი პარლამენტის და ზვიად გამსახურდიას დროინდელი უზენაესი საბჭოსი, რომელიც, თავის მხრივ, პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსულებელს აირჩევს და დანიშნავს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. ცენტრსა და რეგიონს შორის მედიატორის როლის შესრულება ჰქონდა განზრახული ტრადიციონალისტთა ლიდერს აკაკი ასათიანს. იგი, არსებითად, წინასწარ იყო დარწმუნებული, რომ ამ როლში მაინცდამაინც დიდ შედეგებს ვერ მიაღწევდა.
მედიატორობასა და არსებული ხელისუფლების ლეგიტიმაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად ძველი სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი სახე ვახტანგ რჩეულიშვილიც, რომელიც აჭარაში ვიზიტს 7 დეკემბერს გეგმავს. თუმცა იგი, ამასთანავე, მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ასლან აბაშიძესთან ნაბიჯი დროებითი ხელისუფლების წარმმართველმა სამეულმა უნდა გადადგას.

[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა]"დათანხმება ასლანის მონაწილეობაზე საუკეთესოა, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცი, რა პირობებია."

პირობებს დროებით ხელისუფლებას ასლან აბაშიძე უკარნახებს. აჭარასთან მოლაპარაკების მოსურნეა დროებითი ხელისუფლებაც, რომელიც ჯერჯერობით არაფრის დათმობას არ აპირებს. თუმცა ცნობილია, რომ ზურაბ ჟვანიასა და ასლან აბაშიძის სატელეფონო საუბარი ამ უკანასკნელის მოსკოვში ყოფნის დროს შედგა.
XS
SM
MD
LG