Accessibility links

logo-print

პენტაგონის მეთაურის ვიზიტი საქართველოში - დონალდ რამსფელდი ადასტურებს თეთრი სახლის მოთხოვნას საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის თაობაზე


"რუსეთმა უნდა შეასრულის საკუთარი ვალდებულება და, სტამბულის შეთანხმების პუნქტების თანახმად, უნდა გაიყვანოს საქართველოდან საკუთარი ჯარები" - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო

მდივნის კოლინ პაუელის ნათქვამს ახლა უკვე პენტაგონის მეთაური დონალდ რამსფელდი იმეორებს. თბილისში 5 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კოლინ პაუელის განცხადების პერიფრაზირებით დონალდ რამსფელდი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მოწოდებით გამოვიდა. რამსფელდი თბილისში ბაქოდან ჩაფრინდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის იქიდან ერაყისკენ აიღებს გეზსს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში არის პირველი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ამ ქვეყნის ახალ რეალობაში.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა დონალდ რამსფელდმა თბილისში ჩამოსვლისთანავე კრწანისის სამხედრო პოლიგონს მიაკითხა, სადაც, "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის" ფარგლებში, ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ქართული 111 - ე ბატალიონის მომზადება მიმდინარეობს. შემდგომი ეტაპი სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო. საქართველოს ახალი რეალობა პენტაგონის მეთაურს სწორედ იქ უნდა შეემჩნია. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა მას საქართველოს ხელისუფლებაში დაწინაურებულ ახალი თაობის პოლიტიკოსებთან მოუხდა. როგორც ჩანს, მათგან ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია გაბედულებას ელის. გაბედულებისთვის კი მოტივი ნამდვილად არსებობს. პენტაგონის მეთაური, ყოველგვარი განზოგადების გარეშე, მკაფიოდ გამოკვეთს მოთხოვნას, რომელიც საქართველოს დიდი ხნის მოთხოვნას წარმოადგენს. თბილისში მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვნად უნდა მივიჩნიოთ განცხადება, რომელმაც რუსეთისადმი შეერთებული შტატების მოთხოვნის რანგში გაიჟღერა.

[დონალდ რამსფელდის ხმა] " ბატონმა პაუელმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება, რაც, სტამბულის შეთანხმების თანახმად, საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანას ითვალისწინებს. საქართველო კვლავ რჩება ამერიკის შეერთებული შტატების ახლო მეგობრად. ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ მას სამომავლო დახმარება. "


სახელმწიფო კანცელარიაში გამართული ბრიფინგის კიდევ ერთ საინტერესო მომენტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. მას მერე, რაც დონალდ რამსფელდმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერა, სიტყვა საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს გადასცა, მინიშნებით -"ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ახლა კი სიტყვას საქართველოს ხელისუფლებას გადავცემდი, რათა მან გამოხატოს საკუთარი პოზიცია ამ საკითხისადმი. "
პოზიცია ნინო ბურჯანაძემ გამოხატა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "სამწუხაროდ, არის რუსეთში ძალიან სერიოზული ძალები, რომლებიც სერიოზულ დახმარებას უწევენ სეპარატისტულ ძალებს. ეს პრობლემა რომ არ იყოს, აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პრობლემები ბევრად უფრო მოგვარებული იქნებოდა დღევანდელ დღეს. "

პენტაგონის მეთაურმა საქართველოს ხელისუფლებაში მისულ ახალ თაობას პირდაპირ მიუთითა, რომ მას სამომავლო სამართლიანი არჩევნების ჩატარებით მართებს იმის დადასტურება, რომ დასავლეთში ინტეგრაცია საქართველოს ჭეშმარიტ ინტერესს წარმოადგენს და, კიდევ, დონალდ რამსფელდს არ დაუდასტურებია, არსებობს თუ არა შეთანხმება ამიერკავკასიაში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მობილური ჯგუფების განლაგების თაობაზე. თუმცა მან თქვა, რომ 21-ე საუკუნე მსოფლიოს ახალ გამოწვევებს სთავაზობს და ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს თავის სტრატეგიული მოკავშირეების ტერიტორიაზე ჰყავდეს ძალები ამ გამოწვევებზე უსწრაფესი რეაგირებისთვის.
XS
SM
MD
LG