Accessibility links

logo-print

დასავლეთის პრესა საქართველოს შესახებ


ნოემბრის თვიდან მოყოლებული, თითქმის ყოველდღე, პრაღაში ვამატებთ ხოლმე დასავლეთის პრესის მიმოხილვას, რაც მსმენელს წარმოდგენას უქმნის იმაზე, თუ როგორ ხედავენ დასავლელი

ჟურნალისტები და, მათი მეშვეობით, იქაური მოქალაქეები საქართველოში მომხდარს. ახლა თითქოს, დროებით მაინც, ვნებები ჩაცხრა და დასავლეთიც ანალიზზე, წარსულის განხილვასა და მომავლის განჭვრეტაზე გადავიდა. გაგაცნობთ ერთი-ორი გაზეთისა თუ ჟურნალის სტატიებს, სადაც საქართველოზე მსჯელობენ.
კავკასიის რეგიონის მცოდნემ ტომას დე ვაალმა "უოლ სტრიტ ჯორნალში" გამოაქვეყნა ანალიზი, სათაურით "ქაოსი კავკასიაში", რომელშიც ის ორ ქვეყანას, აზერბაიჯანსა და საქართველოს, ერთმანეთს ადრის და იხსენებს, თუ როგორ ჩავიდა შევარდნაძე ბაქოში ილჰამ ალიევისთვის პრეზიდენტის სავარძელზე დაჯდომის მისალოცად და იმის აღსანიშნავად, რომ პოსტსაბჭოთა კავკასიაში, როგორც დე ვაალი წერს, არაფერი იცვლება. მაგრამ მას შემდეგ კავკასიაში ცვლილება დაიწყო, განაგრძობს სტატიის ავტორი და მოკლედ იხსენებს თბილისში მომხდარ ამბებს. თანაც შენიშნავს: შევარდნაძისადმი დასავლეთის მხარდაჭერის მიუხედავად, მას შინ აღარავინ ემხრობოდაო. დე ვაალი კავკასიის ქვეყნებში სხვა არჩევნებსაც იხსენებს და მკითხველს აუწყებს: დარღვევების გამო, დასავლელ მეთვალყურეთა არმიები ფრთხილად გამოხატავდნენ იმედგაცრუებასო. ილჰამ ალიევს, წერს ის, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ არმიტიჯმა მიულოცა კიდევაც "დიდი წარმატება"; აზერბაიჯანის პრეზიდენტი, საქართველოს გარდამავალ ხელისუფალთა მსგავსად, ახალი თაობის წარმომადგენელიაო. ოღონდ დე ვაალი ალიევს ორსახოვნებას მიაწერს: ერთი დასავლეთს შესცქერის და მეორე კი თავისი მამის, კაგებეს ყოფილი გენერლის, მიმართულებით იყურებაო. საქართველოს მიმართ ამ სტატიის ავტორი უფრო იმედიანად არის განწყობილი, როგორი ქაოტურიც უნდა იყოს იქაური ვითარება. არჩევნები იქ აზერბაიჯანზე უფრო სამართლიანიც კი იყოო, წერს იგი, მაგრამ დასავლეთმა შევარდნაძეს ცხადი სიგნალი მისცა, შენ და საქართველოს ერთ სუბიექტად აღარ განგიხილავთო. ამ წერილის ავტორმა იცის, რომ "თავისუფლების ინსტიტუტის" თანამშრომელი გიგა ბოკერია ბელგრადში ჩავიდა, რათა პრეზიდენტის ჩამოგდების უსისხლო მეთოდი აეთვისებინა. დე ვაალის აზრით, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ხალხში პოპულარულები არიან და შეუძლიათ ქვეყნის პრობლემების მოგვარებას შეუდგნენ. ტომას დე ვაალი თავის წერილს ასრულებს შეკითხვით: გავრცელდება ახლა დემოკრატიის სიგნალი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში? და იქვე მოკლედ უპასუხებს - არაო. მაგრამ ის იმ ამბავში, რაც საქართველოში მოხდა, დასავლეთისთვის ერთ კარგ გაკვეთილს ხედავს: პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობა დემოკრატიისა და პოლიტიკური ცვლილების მომხრეა და დახმარების დაფასებაც იცის. საინტერნეტო გამოცემამ "იურეიჟა ვიუმ" თავისი ანალიზი საქართველოს შესახებ ასე დაასათაურა: "აჭარა თავსატეხს უჩენს საქართველოს ახალ ლიდერებს". წერილში დაწვრილებითაა განხილული ის სფეროები, რომლებშიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფალთ და აჭარის ავტონომიის ლიდერს უთანხმოება აქვთ. მთავარი, ალბათ, ის არის, რომ აბაშიძე 23 ნოემბერს მომხდარ ფაქტს არა რევოლუციას, არამედ გადატრიალებას უწოდებს. მას მიაჩნია, რომ არჩევნები აჭარაში სამართლიანად ჩატარდა, რომ დარღვევები სხვაგან იყო და ახლა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უპირებს. ეს ბოიკოტი სააკაშვილს, გამოცემის აზრით, ხელს შეუშლის ლეგიტიმური მანდატი მიიღოს ქვეყნის რეფორმირებისთვის. მხარეები უნდა მორიგდნენ, წერს "იურეიჟა ვიუ", მაგრამ აბაშიძე ეგრეთ წოდებული "ლოგიკური დიალოგის" მომხრეა. ორივე მხარე, ფიქრობს წერილის ავტორი, ცხადია, ინახავს შესაძლებლობას რაღაც დაუთმოს მოწინააღმდეგეს. ზურაბ ჟვანია, მისი თქმით, სულ მცირე, ერთხელ ესაუბრა აბაშიძეს ტელეფონით, ნინო ბურჯანაძე კი იქ ჩასვლას აპირებს. და ბოლოს, მოკლედ კიდევ ერთი პუბლიკაციის შესახებ. ის "ვაშინგტონ ტაიმსმა" გამოაქვეყნა, სათაურით - "საქართველო შეერთებული შტატებისგან მეტ დახმარებას მიიღებს". გაგაცნობთ მხოლოდ ერთ პასაჟს ამ სტატიიდან. მასში იმ სფეროებზეა ლაპარაკი, რომელშიც ოკეანის გადაღმიდან დახმარებას ჰპირდებიან საქართველოს. გარდამავალი მთავრობის ანტიკორუფციულ ბრძოლაში აშშ ფულად დახმარებას გაუწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს. "ვაშინგტონ ტაიმსის" ცნობით, - ის კანცელარიის პრეს-მდივანს გიორგი არველაძეს ეყრდნობა, - უახლოეს დღეებში დაიწყება ბრალდებათა ოფიციალურად წაყენება და, შესაბამისად, საქმეების აღძვრა ცნობილი პირების მიმართაც. ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ ეს ხელისუფლება არჩევნებამდე მოიცდიდა და შემდეგ უფრო მშვიდად შეუდგებოდა ამ საქმეს, - წერს აშშ-ის დედაქალაქში გამომავალი გაზეთი.
XS
SM
MD
LG