Accessibility links

logo-print

ახალგაზრდული პროგრამა


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი დღეს ისევ ნოემბრის რევოლუციას ვეხმიანებით.

ჯერ შევეცდებით დაგანახვოთ ვარდების რევოლუცია ფოტორეპორტიორის თვალით. 26 წლის ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი ნოემბრის მოვლენებს ფოტოკამერის ობიექტივში აქცევდა და ცდილობდა, ალბათ, ყველაზე ობიექტური ისტორია - ფოტოისტორია შეექმნა. რევოლუციის დღეებში გოგას მიერ თბილისში გადაღებული ფოტოები ადგილობრივ და უცხოურ გამოცემებში დაიბეჭდა. ქართულენოვან გამოცემებს შორის გოგა, ძირითადად, "დილის გაზეთსა" და "მთავარ გაზეთთან" თანამშრომლობს. როგორია ფოტორეპორტიორის თვალით დანახული რევოლუცია და, საერთოდ, რატომ დაუმეგობრდა გაზეთის ჟურნალისტი ფოტოკამერას, ამის შესახებ ეკა წამალაშვილი ისაუბრებს. შემდეგ კი მოისმენთ ინტერვიუს ახალგაზრდა მწერალ ლაშა ბუღაძესთან - ოღონდ არამხოლოდ რევოლუციის შესახებ.

ეკა წამალაშვილი:
გოგა ჩანადირი თბილისის 22-23 ნოემბრის რევოლუციას "ვარდების რევოლუციას" კი არა, "ყვავილების რევოლუციას" უწოდებს. თუმცა რევოლუციის ამ უშუალო მომსწრის ფოტოკამერამ რევოლუციის კულმინაციის დროს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ვარდებით ხელდამშვენებული ოპოზიციონერების გარდა, შეიარაღებული ადამიანებიც აღბეჭდა. გოგამ გადაიღო ყველაფერი, რაც რევოლუციას უკავშირდებოდა და, საერთო ჯამში, ერთ მთლიანობას - ნოემბრის მღელვარე დღეების რეალობას - წარმოადგენდა, დაწყებული 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ფილარმონიაში მაშინდელი ოპოზიციონერი ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების შეკრებით, დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ "გაბრაზებული ამომრჩევლების" მარშით, დამთავრებული პარლამენტის სხდომათა დარბაზში რევოლუციონერებისა და მათი მომხრეების შეჭრით. გოგა თავისი ფოტოკამერით ჩნდებოდა ყველგან - მაშინდელი ოპოზიციის ლიდერების მიერ ორგანიზებულ მიტინგებზეც და პარლამენტის შენობის წინ აჭარიდან ჩამოყვანილ ხალხთანაც.

[გოგა ჩანადირის ხმა] "ეს მიტინგი, "აღორძინების" მიტინგი, იყო ასევე რევოლუციის ერთ-ერთი ძირითადი შტრიხი, ისევე როგორც შინაგანი ჯარის ნაწილები, ავტობუსების კორდონები და, რაღა თქმა უნდა, ოპოზიციის მიტინგები. ეს ყველაფერი ქმნიდა ერთ მთლიანობას. თუმცა მე უფრო მეტად გამიჭირდა გადაღება "აღორძინების" მიტინგზე. ხალხი იმალებოდა. კი ვახერხებდი მათ გადაღებას, იმას, თუ როგორ იფარებდნენ სახეზე ქურთუკებს, მაგრამ მქონდა შიში, კამერა არ დაეზიანებინათ და ამის გამო სამომავლო კადრების გადაღებაში ხელი არ შემშლოდა. " (სტილი დაცულია)

ეს შიში არ გამართლდა და არ გამართლდა არც 22 ნოემბერს ოპოზიციის ლიდერების, მათი დაცვის თანამშრომლებისა და ქუჩაში გამოსული ხალხის პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეჭრის დროს გაჩენილი შიში - არ დაღვრილიყო სისხლი. გოგას ასეთი შიში ერთადერთხელ, ერთადერთ მომენტში გაუჩნდა - მაშინ, როცა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან დაცვის მიერ გაყვანილი ჯემალ გოგიტიძე უკან შეიარაღებულ ადამიანებთან ერთად დაბრუნდა.

[გოგა ჩანადირის ხმა] " ვიფიქრე, რომ უკვე ამოიღებდნენ იარაღს და ისროდნენ. მით უფრო, რომ ზოგიერთს უბეში ჰქონდა ჩაყოფილი ხელი. "

მანამდე ყველა და, მათ შორის, გოგაც დარწმუნებული იყო, რომ ცუდი არაფერი მოხდებოდა, სისხლი არ დაიღვრებოდა და, საბედნიეროდ, ასეც მოხდა. გოგა ჩანადირი ფიქრობს, რომ რევოლუციის მშვიდობიანი ფინალი, პირველ რიგში, ედუარდ შევარდნაძის დამსახურებაა. ამავდროულად, ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტებისა. გოგას აზრით, მოვლენათა განვითარების ეპიცენტრში ბევრი ჟურნალისტის ყოფნა იყო ერთგვარი გაფრთხილება ორივე მხარისთვის - გაფრთხილება, რომ ძალის გამოყენების შემთხვევაში არ დაიმალებიდა, პირველად რომელმა მხარემ გამოიყენა იარაღი.

[გოგა ჩანადირის ხმა] " მოვასწარი შევარდნაძის რამდენიმე კადრის გადაღება. ერთია - შევარდნაძე უყურებს, რა ხდება სხდომათა დარბაზის შესასვლელთან; მეორე -უყურებს თავის ხელნაწერს და კითხულობს და, მესამე - ზის პრეზიდიუმში სალარიძესა და დევდარიანთან ერთად. პრეზიდენტის გაყვანის მომენტი ვერ გადავიღე, რადგან მოუხერხებელ ადგილას ვიდექი."

ნოემბრის დღეებში გოგა ჩანადირის მიერ გადაღებული ფოტოები უკვე ისტორიაა, ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი რევოლუციის ისტორია. ამ დღეების ფოტოებს შორის თავად ფოტორეპორტიორისთვის ყველაზე შთამბეჭდავი 20 თუ 21 ნოემბერს სახელმწიფო კანცელარიის ეზოში გადაღებული ერთი ფოტოა, სადაც წინა პლანზე ჩანან ბავშვები, რომლებიც თამაშობენ, ბავშვების უკან კი ხელკეტებითა და ფარებით შეიარაღებული ჯარისკაცები დგანან: მათი ბავშვებსაც კი არ ეშინიათ.

გოგა ჩანადირმა ფოტოკამერა ხელში რამდენიმე წლის წინ აიღო - მაშინ, როცა "დილის გაზეთის" ჟურნალისტს რეპორტაჟის მოსამზადებლად წასვლისას რედაქტორმა ურჩია ფოტომასალის მომზადებაც ეცადა. გოგას ციფრული კამერა გადასცეს და განცხადებაც დააწერინეს, რომ, თუ კამერა დაზიანდებოდა, თავად იქნებოდა პასუხისმგებელი. ამ დასაწყისს გარკვეული წარმატებები მოჰყვა. თბილისში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით გოგა ჩანადირის მიერ მომზადებული საგაზეთო რეპორტაჟი, რომელსაც სათანადო ფოტოებიც ახლდა, საუკეთესო რეპორტაჟად დასახელდა. გოგა ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა კონკურსისა - "დედაქალაქი". ფოტოსაქმეში თავს ის მოყვარულად მიიჩნევს და სურს პროფესიონალიზმისკენ გზა დასავლეთში - კერძოდ, ბერლინში - სპეციალური კურსის გავლით გაიკვალოს. გოგას ფოტო ურჩევნია ვიდეოს და აი, რატომ:

[გოგა ჩანადირის ხმა] "ფოტოს უფრო ადვილად აჩვენებ, ვიდრე მოძრავ კადრებს. ფოტო თავისთავად იქცევა ხოლმე ისტორიის ნაწილად. ფოტო შეჩერებული წამია და უფრო დიდხანს ჩერდები ამ წამზე, ვიდრე ვიდეოკადრების ყურებისას, რომლებიც გამუდმებით გარბის. და კიდევ, ფოტო არასოდეს არ კარგავს ხარიხს. (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG