Accessibility links

logo-print

ფინანსთა მინისტრმა საგადასახადოსა და საბაჟოს ახალი უფროსები დაუნიშნა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ახლად დანიშნული "ძველი" ფინანსთა მინისტრი გასული კვირის ბოლოს მოსალოდნელ დანიშვნებს ახორციელებს და საბაჟოსა და საგადასახადო დეპარტამენტებში უფროსებს ნიშნავს.

საბაჟო დეპარტამენტი, როგორც მოსალოდნელი იყო, ისევ ლევან ქისტაურს ჩააბარეს, რომელიც ნოღაიდელის წინა მინისტრობის დროს მცირე ხნით ედგა სათავეში საბაჟო უწყებას, ბოლო პერიოდში კი ფინანსთა სამინისტროს აქციზური სამსახურის უფროსად მუშაობდა. საგადასახადო დეპარტამენტს, რომლის ხელმძღვანელად, გავრცელებული ხმების მიხედვით, ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი ისაკაძეს ამზადებდნენ, სათავეში ჩაუყენეს დავით გალეგაშვილი, რომელიც ბოლო დროს მირიან გოგიაშვილის მოადგილედ მუშაობდა, მანამდე კი საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. სხვათა შორის, თავის დროზე, იგი სწორედ ლევან ქისტაურმა მიიყვანა საბაჟოზე.

ნოღაიდელის ახალი გუნდი უკვე წარედგინა საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებს. რაც შეეხება თავად ფინანსთა მინისტრს, იგი საზოგადოებას თავისი უწყების მუშაობის ახალ წესებს აცნობს. ნოღაიდელის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს ამიერიდან ეკრძალებათ გადასახადების "გადაქაჩვა" ერთი მიმართულებიდან მეორისკენ, აკრძალული აქვთ ე.წ. "პრაკრუტკების" მექანიზმის გამოყენება. ახალი მინისტრი ასევე არ მიესალმება, ბიუჯეტის შესრულების მიზნით, საბანკო სექტორიდან სესხების აღების პრაქტიკას. ასევე უნდა აიკრძალოს გადასახადების წინასწარ გადახდის მექანიზმის გამოყენება. ეს ის ზომებია, რომელიც კარგად იყო დამკვიდრებული საბიუჯეტო სფეროში და რის წყალობითაც ბიუჯეტი ქაღალდზე მაინც სრულდებოდა ხანდახან. თუმცა ეს ხრიკები არასოდეს ყოფილა კანონით დაშვებული, ხოლო სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა რომ კანონი უნდა დაიცვან, ამაში, ალბათ, არაფერია არაორდინალური და რევოლუციური. სხვა საქმეა, რამდენად თანმიმდევრულნი იქნებიან საგადასახადო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები თავიანთ ქმედებაში და რამდენად განხორციელდება ის სავსებით კანონიერი აკრძალვები, რის შესახებაც საუბრობდა ზურაბ ნოღაიდელი.

გასულ კვირას თბილისში აშშ-ის უწყებათშორისი დელეგაცია სტუმრობდა, რომელმაც საქართველოსათვის ოპერატიული დახმარების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. გასულ კვირასვე თბილისში დაუგეგმავი ვიზიტით ჩამოვიდა მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი დონა დოუსეტ კოიროლო, რომლის ვიზიტის მიზანიც ასევე საქარველოსთვის დახმარების გაწევის შესაძლებლობებზე მოლაპარაკება იყო. ქვეყნისათვის, რომელსაც ნაკლებად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის ხარჯები საკუთარი რესურსებით გასწიოს, საგარეო დახმარებებს, მართლაც გადაუჭარბებლად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ბუნებრივია, ნაკლებად სასიამოვნოა ის, რომ საქართველო ხელგაწვდილი მიმართავს მეგობარ ქვეყნებსა და დონორ ორგანიზაციებს; რასაკვირველია, უმჯობესი იქნებოდა სახელმწიფოს თავისი რესურსების მობილიზება შეძლებოდა და საკუთარი გარჯით მოეხერხებინა ქვეყნის ბიუჯეტის დაბალანსება. მაგრამ ფაქტია, რომ მას ამის გაკეთება დღეს, ელემენტარულად, არ შეუძლია.

არის თუ არა დასავლეთისგან მოსალოდნელი დახმარება პოლიტიკური კრედიტი? რასაკვირველია, არის. ამჟამინდელ ხელისუფლებას ჯერ არაფერი გაუკეთებია საიმისო, რომ მსოფლიო საფინანსო წრეების მაღალი ნდობა მოეპოვებინა, - იგი ამას ფიზიკურად ვერც მოასწრებდა. მაგრამ, ალბათ, ამ ვითარებაში მთავარია, რომ ყველა ის დახმარება, რასაც დონორები გაგვიწევენ, ზედმიწევნით მიზნობრივად წარიმართოს და მასზე მკაცრი მონიტორინგი დაწესდეს. ასევე მთავარია ისიც, რომ მომავალში საქართველო მხოლოდ ამ დახმარებების ტყვეობაში არ დარჩეს და საკუთარი ქვეყნის ბედზე თავად იზრუნოს. თუ ქვეყანაში რადიკალურად არ შეიცვალა ბიზნესგარემო, არ მოიშალა აქამდე დამკვიდრებული ბიუროკრატული და კორუფციული ბარიერები, არ შეიქმნა ბიზნესისა და ბიზნესმენთა უსაფრთხოების გარანტიები, ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორება და, შესაბამისად, პოლიტიკური ფონის დასტაბილიზება მეტისმეტად გაძნელდება.
XS
SM
MD
LG