Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები - კომენტარი მოსკოვიდან


რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების წინასწარი შედეგებითა და პარლამენტის ქვედა პალატაში ძალთა სავარაუდო განლაგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,

ერთი შეხედვით, მთლად სახარბიელო ვითარება არ არის შექმნილი. მაგრამ თუ ჩვენს ერთ მოსკოველ რესპონდენტს დავუჯერებთ, არჩევნების შედეგების ცალსახად შეფასება თითქმის შეუძლებელი იქნებოდა, ახლა კი ნაადრევიც არის. თუმცა, მას მიაჩნია, რომ დუმასთან ურთიერთობა კვლავაც გაგვიჭირდება. მე მოსკოვში დავუკავშირდი იქაურ ქართველთა სათვისტომოს ვიცე-პრეზიდენტს - დავით ბერიტაშვილს, რომელსაც რადიოსა, თუ ტელევიზიის ეთერში არაერთხელ უსაუბრია საქართველოს პოლიტიკურ ინტერესებზე.

დავით ბერიტაშვილი: "ალბათ, დიდ ქვეყნებთან, ისეთებთან, როგორიც ამერიკა და ევროპის მსხვილი ქვეყნებია, იგივე პარიტეტი დარჩება. ეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იყო დამუშავებული, მაგრამ ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს "შავი დღე" მოელით იმიტომ, რომ ის დემაგოგები, რომლებმაც გაიმარჯვეს (უმთავრესად ნაგულისხმები მყავს როგოზინი, ჟირინოვსკი და გარკვეული ნაწილი თვითონ დიდ პარტიაში არის), ისეთი ლოზუნგებით მოდიოდნენ - ჯერ "შეაწუხეს" უკრაინა, იქ - ქერჩის რაიონში, შემდეგ გადმოვიდნენ საქართველოს გამანადგურებელ კრიტიკაზე და... ალბათ, გაგვიჭირდება ჩვენ."

ნინო გელაშვილი: "ბატონო დავით, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო რუსეთის დუმაში ის, ვისთანაც საქართველოს მხარეს შეეძლებოდა საუბარი, ასე ვთქვათ, ლოგიკურ ენაზე?

დ.ბ. : "არა, საქართველოს მხარეზე არასდროს არ ყოფილან, მაგრამ აი, "იაბლოკო" და მემარჯვენეები რომ გამოაკლდა დუმას, რასაკვირველია, ეს უკვე სულ სხვა ქვეყანაა იმიტომ, რომ არსებობს რამოდენიმე თემა: ადამიანის უფლებების დაცვა, არმიის რეფორმა, რომელიც საერთოდ დღის წესრიგში აღარ იქნება. მხოლოდ ეს ორი პარტია აყენებდა რაღაცნაირად ამ საკითხებს. ის, ვინც დღეს მოვიდა დუმაში, საკითხების მთელი ეს ბლოკი საერთოდ არ აინტერესებს."

ნ.გ.: "რა შეიძლება შეცვალოს საქართველოს რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებში სახელმწიფო დუმაში ძალთა ისეთმა განლაგებამ, რომელიც დღეს არის სახეზე და ალბათ, საბოლოოდ დიდად აღარ შეიცვლება?"

დ.ბ.: "იცით, პასუხი ჯერ არ არის. უნდა ვნახოთ როგორ იმუშავებს ეს ახალი ეშელონი რუსეთში, რადგან სხვადასხვა მოდელი არსებობს. არის პუტინისთვის ალტერნატივა იმ კავშირების, რომელიც მან დიდი ქვეყნების ხელმძღვანელებთან ("დიდი რვიანი" - რედ.) დაამყარა, ეს კლუბი რომ არის რვა სახელმწიფოსი? შეუძლია რომ დაანებოს ამას თავი? დღეს ისეთი ხალხია მოსული დუმაში, ვისაც ანტიდასავლური იდეოლოგია აქვს არა... მე მგონია, რომ პუტინი მზად არ არის, რომ ეს კავშირები, რომელიც მან დაამყარა, მიატოვოს. ამიტომ ლავირებას დაიწყებს. ისე, პრინციპში ისეთი ძალები მოვიდნენ, ვისაც მთელი 90-იანი წლების გამოცდილება დაჰგმეს - ი ქნება ეს რუსული კაპიტალიზმი იმ სახით, როგორაც ის ჩამოყალიბდა, საგარეო პოლიტიკა დაგმეს, პრივატიზაცია დაგმეს. ასეთი ძალები მოვიდნენ".

ნ.გ.: "თქვენ ახლა "დიდი რვიანი" ახსენეთ. მე რამდენადაც ვიცი, იქ უკვე არის სერიოზული განხეთქილება ჩეჩნეთის გამო რუსეთის ამ გუნდიდან განდევნის თაობაზე, იყო ასეთი ინიციატივა აშშ კონგრესში. თქვენ მაინც გგონიათ, რომ რუსეთი ლავირებას მოახდენს და რაღაცას დათმობს იმავე საშინაო პოლიტიკის სფეროში?"

დ.ბ.: "იზოლირებული ცხოვრების გამოცდილება აქვს ჩვენს ქვეყანას, სადაც მე ვცხოვრობ. საბჭოთა კავშირი ხომ ცხვორობდა იზოლირებულად სხვადასხვა მომენტებში. რა ვიცი აბა, რა მოდელები იქნება. იცით, ნაადრევია ჯერ დიდი პროგნოზების გაკეთება".
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG