Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი პოლიტიკური მოძრაობები საქართველოს ახალ რელობაში - "ახალი მემარჯვენეები" პარლამენტში ბრუნდებიან


საქართველოს ახალ რეალობაში პოლიტიკური სპექტრი საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების ნიშნით უნდა დავყოთ. მომხრეთა შორის, პირველ რიგში,

ყოფილი სახელისუფლებო ძალების სხვადასხვა წარმომადგენლები უნდა მივიჩნიოთ, ასლან აბაშიძის "აღორძინებასთან" ერთად. მათ ემატებათ "ლეიბორისტული შრომის პარტიაც".
საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირების წინააღმდეგ გამოდიან ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლებების ოპოზიციონერები: "ახალი მემარჯვენეები" და "ტრადიციონალისტები." "ახლებმა" აქტიური საპარლამენტო მუშაობის განახლებაც გადაწყვიტეს, რათა ამ გზით საკუთარი წვლილი შეიტანონ კრიზისული ვითარების დაძლევაში. ორშაბათს არ შედგა ირინა სარიშვილ-ჭანტურიას მიერ დაპირებული "ახალი ძალის" პრეზენტაცია ( სარიშვილი-ჭანტურია საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტის აქტიურ მომხრედ რჩება), მაგრამ გამოჩნდა სხვა ახალი საზოგადობრივი მოძრაობა საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.

საქართველოს ახალ რეალობაში სხვადასხვა მხარეს მდგომ პოლიტიკურ ძალებს ჯერჯერობით არჩევნების ბოიკოტის მომხრეობა ან მოწინააღმდეგეობა აერთიანებთ. ამ ორ ფრონტზე ახალი მოძრაობებიც ჩნდება. მაგალითისთვის: საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა, სახელწოდებით "გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის". მასში გაერთიანებული ინტელიგენციის სხვადასხვა წარმომადგენლები საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროულად ჩატარებაში ხედავენ ქვეყნის აღმავლობის გზაზე გადასვლის შანსს. პირიქით, საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტის კამპანიის დაწყებით უნდა გამოვიდეს არენაზე ირინა სარიშვილ-ჭანტურიას მიერ დაპირებული ახალი პოლიტიკური ძალა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო მარიოტში ორშაბათს უნდა შემდგარიყო, მაგრამ არ შედგა. მიზეზად სარიშვილ-ჭანტურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. თუ რამდენად სერიოზული ძალის გამოყვანას აპირებს ედპ-ს ყოფილი თავმჯდომარე პოლიტიკურ ასპარეზზე, ჯერჯერობით ბუნდოვანია. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ირინა სარიშვილი-ჭანტურია, ზოგიერთ სხვა პოლიტიკურ ძალასთან - მათ შორის, "აღორძინებასა" და "ლეიბორისტებთან" - ერთად, 4 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტის აქტიურ მომხრედ რჩება.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტის კამპანიის გაშლა ყველაზე მტკივნეული სწორედ აჭარის მეთაურისგანაა დროებითი ხელისუფლებისთვის, თუმცა ერთადერთი, რისი შეთავაზებაც შეუძლია მას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გადადების მოთხოვნის ინიციატორ ასლან აბაშიძისთვის, საპარლამენტო არჩევნების გადადებაა. საპარლამენტო არჩევნების გადადების წინადადებით ამ დღეებში აბაშიძეს პირადად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდება. რამდენად შეძლებს ბურჯანაძე აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელის კომპრომისზე დაყოლიებას, ბუნდოვანია, რადგან ასლან აბაშიძე საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას ისეთივე კატეგორიულობით ითხოვს, როგორც საპარლამენტო არჩევნებისას. აბაშიძის და სხვა ბოიკოტისტებისგან განსხვავებით, "ახალ მემარჯვენეებს" არ გასჭირვებიათ ეღიარებინათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარება აუცილებელია ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების გარკვეულ კალაპოტში ჩასაყენებლად. 22-23 ნოემბრის მოვლენებზე საკუთარი განსხვავებული წარმოდგენის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ ახალ ხელისუფლებას ბევრ რამეში არ ეთანხმებიან და არც პრეზიდენტობის კანდიდატის არათანმიმდევრულობა მოსწონთ, "ახლები" პოზიციას იცვლიან. ცოტა ხნის წინ ისინი აცხადებდნენ, რომ დაუპირისპირდებოდნენ აჭარის მონაწილეობის გარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. დღეს კი, როცა 4 იანვრის არჩევნებში აჭარის მონაწილეობა კვლავ საეჭვოა, "ახალი მემრჯვენეები" აცხადებენ, რომ 4 იანვრის არჩევნების ჩატარება აუცილებელია და აუცილებელია მათი პარლამენტში დაბრუნებაც იმისათვის, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დასახვეწად აქტიური მუშაობა გასწიონ.
XS
SM
MD
LG