Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ძალოვნები "დინამიკურ ქაოსს" გაძლიერებული პროფილაქტიკური ღონისძიებებით უპასუხებენ


პოსტრევოლუციური "დინამიკური ქაოსი", რომელიც თავდაპირველად სატელეფონო ზარებითა და ქვების სროლით დაიწყო, სწორედ იმგვარი სცენარით ვითარდება, როგორიც ქართული სპეცსამსახურის

ხელმძღვანელობას ჰქონდა ნავარაუდევი. თუმცა ერთია ზუსტი პროგნოზირება და მეორე - დანაშაულის პროფილაქტიკა, რაც, ბოლო დროს მომხდარ რამდენიმე გახმაურებულ დანაშაულს თუ გავიხსენებთ, უსაფრთხოების სამსახურების აქილევსის ქუსლს წარმოადგენს.

მუქარის ზარები, ქვებით ოფისის ფანჯრების მსხვრევა, ცნობილი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის საცხოვრებელი სახლის დაცხრილვა, აფეთქება ტროტილის გამოყენებით, გაერთიანებული ქართული ბანკის ერთ-ერთი ფილიალის გაქურდვა და, ბოლოს, ამავე ბანკის დამფუძნებლის თამაზ მაღლაკელიძის გატაცება - ასე გამოიყურება საქართველოში "დინამიკური ქაოსი", რომელიც, აშკარად, აღმავალი ხაზით ვითარდება. კვირას სამართალდამცველებმა ასაფეთქებლად მომართული ხელყუმბარა აღმოაჩინეს თბილისში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც, სხვა ცნობილი ადამიანების გარდა, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ქალიშვილი და სიძე ცხოვრობენ. დამნაშავეთა სამყაროს თავხედური და ცინიკური გააქტიურება ყველაზე მეტ პრობლემას უქმნის გარდამავალ ხელისუფლებას, რომელსაც, როგორც თავად ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ძალაუფლების გასამყარებლად და საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად სწორედ სტაბილურობა ესაჭიროება. ედუარდ შევარდნაძის მომხრე პოლიტიკური სპექტრი კი, რომელიც "ხავერდოვანმა რევოლუციამ" ქვეყნის მართვის სადავეებს ჩამოაშორა, ყველა ახალი ძალადობის ფაქტზე პასუხისმგებლობას სწორედ გარდამავალ ხელისუფლებას აკისრებს და "დინამიკურ ქაოსს" პოლიტიკურ ოპონენტთა დევნის მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს. ორშაბათს ირაკლი გოგავამ, ლიდერმა ალიანსისა "ახალი საქართველოსთვის", პოლიტიკური ანგარიშსწორების თაობაზე საგანგებო პრესკონფერენციაც მოიწვია.

[ირაკლი გოგავას ხმა] "ეგრეთ წოდებული "სკამების რევოლუციის" შემდეგ, მათ სურთ გარკვეული საზოგადოებრივი აზრის გადატანა სხვადასხვა თემებზე და ამისათვის აგორებენ გახმაურებულ საქმეებს, ვითომ რეზონანსულ საქმეებს, რომლებიც წლების განმავლობაში იდო გენერალურ პროკურატურაში, სადაც კორუფციის გამო, მათ არანაირი რეაგირება არ მოჰყვებოდა."

გარდამავალი ხელისუფლების წევრები ცდილობენ "დინამიკურ ქაოსს" უპასუხონ ადეკვატური სამძებრო ღონისძიებებით, რამაც ბოლო კვირაში მთელი საქართველო მოიცვა. ამ კონტექსტში ისევ ამოტივტივდა პანკისის ხეობის თემა. იქ კვირას უშიშროების სამინისტროს აგენტებმა დააკავეს ჯგუფი, რომელიც გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანებს იტაცებდა. მინისტრ ვალერი ხაბურძანიას თქმით, ამ ჯგუფს ცნობილი კრიმინალი თენგიზ ხანგოშვილი ხელმძღვანელობდა. თუმცა, აქვს თუ არა ხანგოშვილს რაიმე კავშირი ბანკირ თამაზ მაღლაკელიძის გატაცებასთან, სპეცსამსახური არ აზუსტებს. ორშაბათს კრიმინალური ჯგუფების დაპატიმრებაზე ახალი განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც ჟურნალისტების წინაშე ანგარიშგება ყოველდღიურ წესად შემოიღო.

[გიორგი ბარამიძის ხმა] "[ჩვენმა] თანამშრომლებმა სოფელ ჭაბუკიანში დააკავეს სოსლან ნანიშვილი და ჯუმბერ მეშველაშვილი, რომელთაგან ამოიღეს გადაჭრილი უნომრო თოფი, ნიღაბი, დეტონატორი, ხელყუმბარა ფ-1, რომლებიც, შესაძლოა, გამოყენებული იქნეს ტერაქტისათვის ან ყაჩაღობისათვის. ნარკომანიასთან ბრძოლის სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს რეზო ლალიშვილი, რომელსაც აღმოაჩნდა 34 "ჩეკი" ჰეროინი და "ჩეზეტის" ტიპის პისტოლეტი. ის ერთ-ერთი ცნობილი ავტორიტეტია ამ სფეროში და ნარკოტიკების გამსაღებელი."

კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის გააქტიურების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს კორუფციული ქვედანაყოფებისაგან გათავისუფლდეს. როგორც ორშაბათს გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა მინისტრი აპირებს სტრუქტურას ჩამოაშოროს საპასპორტო და ტექდათვალიერების სამსახური, აგრეთვე ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველო. გიორგი ბარამიძის თქმით, რეფორმათა პროექტი პარლამენტს, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წარედგინება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG