Accessibility links

logo-print

საქართველოს შესახებ ინფორმაცია თავიანთ მკითხველს დასავლეთის ჟურნალებმა და გაზეთებმა


საქართველოს შესახებ ინფორმაცია თავიანთ მკითხველს დასავლეთის ჟურნალებმა და გაზეთებმა გასულ სამ კვირაში საკმარისად მიაწოდეს. ახლა გარკვეული შტილია ამ მხრივ, თუმცა გამოქვეყნებული

წერილების უმეტესობა აღარ შეიცავს ზოგად მიმოხილვას და ხალხისთვის საქართველოს გაცნობას აღარ ისახავს მიზნად.
დავიწყებ ერთი, პრესის მიერ ლამის უკვე მივიწყებული, ამბით. ბრიტანეთში გამომავალი "სანდეი ტაიმსი" ბორის ბერეზოვსკის, იმავე პლატონ ელენინის, თბილისში ხანმოკლე სტუმრობის ამბავს აღწერს და მკითხველს განუმარტავს, რატომ შეიძლება ვინმეს სხვისი გვარით და სახელით გაფორმებული პასპორტით მოგზაურობა დასჭირდეს და ეს არ ისჯებოდეს. ბერეზოვსკი, როგორც იცით, თავისი საუკეთესო მეგობრის ბადრი პატარკაციშვილის მოსანახულებლად ჩავიდა თბილისში ახალი პასპორტით. გაზეთი ამ ინფორმაციას მოსკოვის "რადიოსთვის" თვით ბერეზოვსკის ნათქვამიდან იცნობს. მან, როგორც რუსეთში დევნილმა, ბრიტანეთის მთავრობისგან სრულიად კანონიერად მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი და, შესაბამისად, გაეროს სამოგზაურო პასპორტი, სხვისი გვარით. ბერეზოვსკი ამ კონსპირაციას ხსნის იმით, რომ მას განადგურებით ემუქრებიან. ეს, რაც შეეხება ბერეზოვსკის თბილისში ჩასვლას. დასავლეთის გაზეთები ბევრს წერენ დონალდ რამსფელდის, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, თბილისში სტუმრობაზე. ეს ვიზიტი გახმაურდა როგორც საქართველოსთვის ვაშინგტონის აშკარა მხარდაჭერა არამარტო სამხედრო სფეროში. დონალდ რამსფელდმა, "ჩიკაგო ტრიბიუნის" თანახმად, თბილისში გვერდი აუარა შეკითხვას: ხომ არ იყენებს რუსეთი საქართველოში შექმნილ კრიზისს საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად? მაგრამ შეკითხვა უპასუხოდ არ დატოვა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ახლა პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. "ჩიკაგო ტრიბიუნის" სტატიის ავტორის თანახმად, ბურჯანაძის თქმით, გარკვეული ძალები რუსეთში ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობის აღდგენას; საქართველო სეპარატისტებთან პრობლემებს მოაგვარებდა, მათ რუსეთის მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეთ.
ასევე, ბრიტანული "გარდიანი" საქართველოს ამბებს მიუძღვნის წერილს, სათაურით "ძალიან ქართული გადატრიალება", რომელსაც ქვესათაურად შემდეგი თეზა მოსდევს: "ხალხია "დემოკრატიულ რევოლუციაში" ყველაზე მეტად წაგებული". სტატიის ავტორ შარლოტ კიტლისთვის თურმე საქართველოში მის მეგობრებს თავიდან შეშფოთებით გაუმხელიათ, სააკაშვილის რიტორიკა ზვიად გამსახურდიას გვაგონებსო. მაგრამ ამ მეგობართაგან ყველაზე გონიერებს, როგორც ავტორი წერს, იმ შაბათ-კვირას, როცა შევარდნაძე გადააყენეს, სააკაშვილის მხარეს დადგომა გადაუწყვეტიათ. კიტლი რევოლუციის მოწყობას ამ დღეს, გიორგობას, იმითიც ხსნის, რომ სააკაშვილმა იცოდა საქართველოს მოსახლეობის მიდრეკილება მითიური კულტურისადმი. სააკაშვილი გმირი გახდა. კიტლის დაკვირვებით, მან არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც მოახერხა ხალხი დაერწმუნებინა, რომ ეს, მართლაც, სახალხო ამბოხი იყო. სტატიის ავტორის მეგობრები ეიფორიაში ყოფილან. და მათ, ჩანს, ყოველივე ამის საუკეთესო შედეგად მაინც ერთპარტიული სახელმწიფო მიუჩნევიათ. შარლოტ კიტლი ინფორმირებულია, რომ სააკაშვილი და ჟვანია მაისსა და ივნისში წვრთნას გადიოდნენ, თავიანთ 1500 მომხრესთან ერთად, სლობოდან მილოშევიჩის ჩამომგდები სერბი ინსტრუქტორების მეშვეობით.
წერილის ბოლოს ბრიტანელი ავტორი წერს, რომ სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე ხალხს სამართლიან არჩევნებს ჰპირდებიან და იქვე ფაქტის კონსტატაციას ახდენს: ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ პრეზიდენტის ჩამოგდებით. შარლოტ კიტლი სვამს კითხვას: რას ნიშნავს ეს ყველაფერი მათთვის, ვინც ხმა არ მისცა საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის ან "დემოკრატების" ბლოკს? ბრიტანელი ავტორი წერს, რომ ეს არის ტრაგედია იმ ქართველთათვის, ვინც არჩევნების დღეს რიგში იდგა საათობით და დემოკრატიის თავდადებული მომხრეა.
XS
SM
MD
LG