Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ამყარებს ზურაბ ნოღაიდელი წესრიგს ფინანსებში და რა შედეგები მოაქვს ამას


ზურაბ ნოღაიდელმა ფინანსთა მინისტრად კიდევ ერთხელ დანიშვნისთანავე მხარი აუბა თანაგუნდელი მინისტრების მიერ წამოწყებულ კამპანიას და ფინანსებში წესრიგის დასამყარებლად დამნაშავეების ძებნას შეუდგა.

მინისტრის დავალებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ძიების ძირითად მიმართულებად სიგარეტის ბიზნესი აირჩია. ნოღაიდელი განსაკუთრებით იმ 9,3 მილიონი ლარის აქტივებითაა დაინტერესებული, რომელიც სიგარეტის ოთხიოდე კომპანიას დაუგროვდა.

ფინანსთა ახალი მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სიგარეტის ბიზნესით დაკავებული 29 კომპანიის ხელმძღვანელს შეხვდა და თამაშის ახალი წესები შესთავაზა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] "შევთავაზე თამაშის ახალი წესების, კანონიერი თამაშის წესების მიხედვით ურთიერთობა, თუ არადა... ნახავთ ამას პირველი იანვრიდან მოყოლებული. სხვა გამოსავალი ქვეყანას არა აქვს ნამდვილად. მე არ ვაპირებ ახლა 9,3 მილიონი ლარის თანხებში ვატყუებინო საზოგადოება 4 იურიდიულ პირს და მათთან მიტმასნილ რამდენიმე ბიუროკრატს."

ზურაბ ნოღაიდელი გამოძიების დამთავრებამდე აცხადებს, ეს 9,3 მილიონი ლარი ჰაერიდან გაჩნდა და ამავე მოცულობის თანხით კერძო პირების ჯიბეები გასქელდა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზეო. იგი ამის მამტკიცებელ დოკუმენტად საკუთარ რწმენას ასახელებს.

ნოღაიდელის ასეთი ქმედებებით შეწუხებულმა ბიზნესმენებმა, რომელთა ნაწილს მართლაც სჯეროდა, რომ ახალი ხელისუფლება, დაპირებისამებრ, მათ გადასახადებისგან გაათავისუფლებდა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაიჩივლეს.

[ირაკლი გოგავას ხმა] "მთელი ის ფაქტები, რაც ბოლო დღეებში ხდება, - შეტევა მსხვილი ბიზნესის წინააღმდეგ, - მიმართული არის მხოლოდ ერთისკენ, დაწესდეს პოლიტიკური ხარკი და ამის შესახებ ჩვენ ჩვენი მეგობარი ბიზნესმენები გვატყობინებენ. წესდება სერიოზული ხუთნიშნა, ექვსნიშნა ციფრების მოთხოვნები."

ძნელი სავარაუდოა, ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი გოგავას ამ განცხადებამ ფინანსთა მინისტრის სიჯიუტეზე რაიმე გავლენა მოახდინოს. მით უმეტეს, რომ სიგარეტის ბიზნესის მოთვინიერება, ანუ მისი სრულფასოვნად დაბეგვრა, ნოღაიდელის აკვიატებულ იდეას წარმოადგენდა ჯერ კიდევ მისი ფინანსთა მინისტრად მუშაობის პირველი სტაჟისას.

ამ ეტაპზე რა შედეგსაც უნდა მიაღწიოს ზურაბ ნოღაიდელმა სიგარეტის კომპანიებთან ჭიდილისას, ის დიდად მაინც არ იმოქმედბს 2003 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელზე. ამ ეტაპისთვის ბიუჯეტს შემოსავლით ნაწილში 290 მილიონი ლარი აკლია, ხოლო გასავალი 300 მილიონ ლარზე მეტი თანხითაა გარღვეული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2003 წელი, სავარაუდოდ, დასრულდება: 2 თვის სახელფასო, 3-4 თვის საპენსიო და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების 5 თვიანი დავალიანებით. შესაბამისად, ნოღაიდელი 2004 წლის ბიუჯეტის მთავარ მიმართულებად ამ დავალიანებების დაფარვას ასახელებს.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] "ვერაფრის გაზრდაზე საუბარი მომავალ წელს ვერ იქნება. იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა ახლა არა რომელიმე სოციალური ვალდებულების გაზრდა, არამედ უზარმაზარი ვალდებულებების დავალიანებების გასტუმრებააა ჯერჯერობით."

ამით ფინანსთა მინისტრი საკუთარი პოლიტიკური გუნდის მიერ წამოყენებული საპრეზიდენტო კანდიდატის საპროგრამო ლოზუნგებს ეწინააღმდეგება. შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მცირე და საშუალო ბიზნესს გადასახადებისგან 2 წლით გათავისუფლებასა და პენსიონერებს პენსიის გაორმაგებას ჰპირდება.
XS
SM
MD
LG