Accessibility links

logo-print

პარლამენტზე რუსეთის პრეზიდენტის კონტროლი გაძლიერდება


რუსეთში საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად ხალხის პასიურობისა, ჩატარდა. ორი რამ აშკარაა: დამაჯერებლად გაიმარჯვეს კრემლის ერთგულმა პოლიტიკურმა ძალებმა და მწარედ წააგეს კომუნისტებმა.

"ეს მოქალაქეთა სამსახურში მყოფთა - ნაციონალისტებისა და კომუნისტების - დუმა იქნება", - ეს იყო არჩევნებამდე ორი დღისწინა წინასწარმეტყველება ბორის ნემცოვისა, დემოკრატი პოლიტიკოსის. ორშაბათს კი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრ ვეშნიაკოვმა წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა: [ვეშნიაკოვის ხმა] "ერთიანი რუსეთი - 36,8, პირველი ადგილი; რუსეთის ფედერაციის კომუნისტურმა პარტიამ მიიღო 12,7 პროცენტი, მეორე ადგილი; ლიბერალურ დემოკრატიულმა პარტიამ - 11,8 , მესამე ადგილი; ხოლო ბლოკმა "სამშობლო" - 9 პროცენტი."
როგორც ითქვა, ეს კომუნისტების დიდი მარცხია. ისინი დარჩებიან საპარლამენტო, მაგრამ ბევრად უფრო დასუსტებულ, ოპოზიციად. დემოკრატიულმა ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოებში შეღწევა ვერ მოახერხა, ვერც იაბლოკომ და ვერც მემარჯვენე ძალთა კავშირმა ვერ გადალახეს 5-პროცენტიანი ზღუდე. ნაციონალისტებმა კი, ერთად, - ლიბერალ-დემოკრატებმა, ჟირინოვსკის მეთაურობით, და "სამშობლომ", - ადგილები სათათბიროში გაინაღდეს. სანამ რუსეთის პარლამენტი მთლიანად ჩამოყალიბდება, დრო გავა, მაგრამ ერთი რამ ახლავე ცხადია: ერთიანი რუსეთი, მოკავშირეებთან ერთად, ახლოსაა პარლამენტის ორი მესამედის მოპოვებასთან, რაც საკმარისი უმრავლესობაა კონსტიტუციის შესაცვლელად, მაგალითად იმისთვის, რომ პუტინმა მესამედ შეძლოს მომავალში კენჭი იყაროს. აი, რას ამბოს კარნეგის ფონდის პოლიტიკური ანალიტიკოსი ნიკოლაი პეტროვი: [პეტროვის ხმა] "პრეზიდენტის გამაწონასწორებელი ძალა არ არის და ახლა, ამ არჩევნების შემდეგ, ეს გამაწონასწორებელი კიდევ უფრო მცირდება და უფრო სუსტდება, ჩემი აზრით. ბოროტების ფესვები საზოგადოების სისუსტეშია, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების სისუსტეში." კომუნისტების ძალაშერყეულმა ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა კრემლი დარღვევებში დაადანაშაულა: [ზიუგანოვის ხმა] "ფარსი, რომელიც დადგეს, სამარცხვინო ფარსია, მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიისა და ქვეყნის ინტერესებთან".
მემარჯვენე ძალთა კავშირმა, მისმა ლიდერმა ირინა ხაკამადამ აღიარა რა მარცხი, თვით დემოკრატებს უსაყვედურა:
[ხაკამადას ხმა] "ყველაფერი თვითონ ჩვენი, დემოკრატების, ბრალია, იმიტომ რომ ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა ამისთვის. ყველაფრის მიუხედავად, უნდა გაგვემარჯვა და ეს ვერ შევძელით". დემოკრატები კრიტიკას გამოთქვამენ "სამშობლოს" მოულოდნელი გამარჯვების გამო. ამ პარტიის შემადგენლობაში არიან ნაციონალისტები და მემარცხენე ეკონომისტები, რომელთაც "ერთობას" დემოკრატები ფაშიზმად მოიხსენიებენ და საზოგადოებას აფრთხილებენ. ანალიტიკოსების აზრით, ეს გაერთიანება შეიქმნა იმ მიზნით კრემლის მიერ, რომ კომუნისტებისთვის ხმები წაერთმიათ. აზრი იმის თაობაზე, თუ რას უნდა მოველოდეთ ამ კატეგორიის ნაციონალისტების დუმაში შესვლისგან, იყოფა. ერთნი "სამშობლოში" დიდ საშიშროებას არ ხედავენ. დუმის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვლადიმირ რიჟკოვმა გაკვირვება გამოხატა და ტელევიზიით განაცხადა, ნეტა როგორ აპირებს პუტინი რუსეთის მოდერნიზებას, როცა ქარი საპირისპირო მიმართულებით უბერავსო.
XS
SM
MD
LG