Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მომხდარი ტრაგედია ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის სტრატეგიას


ანდრო ეული, პრაღა შაბათს მომხდარმა ტრაგედიამ, როცა კოალიციის ძალებმა საჰაერო დარტყმა მიაყენეს სამხრეთ-აღმოსავლეთი ავღანეთის დაბა ჰუთალაში ობიექტს,

სადაც მოძრაობა თალიბანის აქტივისტი, მოლა ვაზირი იმყოფებოდა, რის შედეგად შემთხვევით შორიახლო მოთამაშე 9 ბავშვი იქნა მოკლული, განარისხა ადგილობრივი მოსახლეობა. როგორც ღაზნის პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ ხიალ მოჰამად ჰოსეინიმ განაცხადა, გასაგებია ჰუთალის მკვიდრთა განრისხება.

ამერიკელ სამხედროებს ავღანეთში იშვიათად მოსდით ამგვარი შეცდომა, მაგრამ როცა ასეთი რამ ხდება, ჯარის სარდლობას თავის მართლება უხდება იმის თაობაზე, თუ რატომ მიმართავს საჰაერო რეიდს, მაშინ როცა სახმელეთო ოპერაციითაც შეიძლება დასახული მიზნის მიღწევა.

განვლილი ათწლეულის მანძილზე ვაშინგტონის მისამართით არაერთგზის გამოითქვა კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ პენტაგონის ლიდერები საჰაერო ძალას იყენებენ ხშირად, რათა თავიდან აიცილონ მსხვერპლი ამერიკელების მხრიდან და არ განარისხონ მოსახლეობა. როგორც ვაშინგტონში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია "მემკვიდრეობის ფონდის" მკვლევარი ჯეკ სპენსერი აღნიშნავს, ამერიკელები მაშინ ერიდებიან განსაკუთრებით მსხვერპლის გაღებას, როცა არა აქვთ გაცნობიერებული, თუ რატომაა შეერთებული შტატები ჩართული კონკრეტულ კონფლიქტში, ან კიდევ, როცა ესა თუ ის კონფლიქტი, მათის თვალთახედვით, შეერთებული შტატების ინტერესებს არ ემსახურება.

ჯეკ სპენსერის თქმით, დანაკარგების თავიდან აცილების ტენდენცია პენტაგონის მმართველ წრეებში 90-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როცა ამერიკელები ჯერ სომალიში, ხოლო შემდეგ ბალკანეთში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდნენ. სპენსერს მიაჩნია, რომ ეს ოპერაციები არც შეერთებული შტატების ინტერესებს, და არც მისი უშიშროების განმტკიცებას ემსახურებოდა.

ჯეკ სპენსერს მიაჩნია ამასთანავე, რომ დასანანია უდავოდ ის, რაც შაბათს მოხდა ავღანეთში, მაგრამ ხალხის რეაქცია არ უნდა იყოს გადაჭარბებული, ვინაიდან ომის დროს შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან მოსალოდნელი მსხვერპლის გარდაუვალობა თავად საერთაშორისო კანონებითაა აღიარებული [ჯეკ სპენსერის ხმა]: "ყოველივე ზემოხსენებულის თანამედროვე ინტერპრეტაციის თანახმად, კონფლიქტს მოქალაქეთა მსხვერპლი მოჰყვება, ხოლო თქვენ ყოველი ღონე უნდა იხმაროთ, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ეს მაჩვენებელი. მსოფლიოში არ მოიძებნება მეორე სახელმწიფო შეერთებული შტატების გარდა, რომელიც ამდენ დროს, ენერგიასა და რესურსებს ხარჯავდეს, ხოლო ზოგჯერ საკუთარ ჯარსაც აგდებდეს საფრთხეში, მშვიდობიან მოქალაქეთა მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად".

ამერიკის ჯარის სარდლობამ ავღანეთში გამოაცხადა, რომ ფართომასშტაბიან სახმელეთო ოპერაციას იწყებს ავღანელი მეამბოხეებისა და თალიბების წინააღმდეგ, რასაც, უნდა ვივარაუდოთ, ნაკლებად მოჰყვება მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეთა მხრიდან. თქმა არ უნდა, რომ სახმელეთო ოპერაციას გაცილებით ნაკლები მსხვერპლი მოჰყვება მშვიდობიან მოქალაქეთა მხრიდან, ვიდრე ეს საჰაერო რეიდების დროსაა მოსალოდნელი. მაგრამ, ალბათ კარგა ხანი გაივლის, ვიდრე ავღანელები მიუტევებენ ამერიკელებს შაბათს დაშვებულ შეცდომას, რამაც 9 ავღანელი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG