Accessibility links

რა რეაქცია მოჰყვა რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს?


ანდრო ეული, პრაღა შეერთებულმა შტატებმა ეჭვქვეშ დააყენა რუსეთში 7 დეკემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობა;

არჩევნებისა, რამაც პრეზიდენტ პუტინის მოკავშირეებს მოუტანა გამარჯვება და შესაძლოა ახალი დაძაბულობა გამოიწვიოს პუტინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ურთიერთობაში. მოიშველია რა არჩევნების წინ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მონაცემები,
თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სკოტ მაკკლელანმა თქვა: "არჩევნების შედეგები ნაკლებად უნდა ასახავდეს რუსი ელექტორატის ნება-სურვილს".

მაკკლელანმა აღნიშნა ამასთანავე, რომ ვაშინგტონი ეთანხმება ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შეფასებას იმის თაობაზე, რომ კვირას ჩატარებული არჩევნები რუსეთში "მნიშვნელოვანი დარღვევებით" წარიმართა.

ეუთომ განაცხადა, რომ სახელმწიფოს რესურსები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ძალისხმევა იმისკენ იყო მიმართული, რომ არჩევნებში ვლადიმირ პუტინის ერთგული პარტია - ერთიანი რუსეთი გამოსულიყო გამარჯვებული. ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მას მედია ქება-დიდებას ასხავდა კრემლის მხარდამჭერ პარტიებს, სამაგიეროდ ოპოზიციურ პარტიებს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა.

ახალი დუმა კრემლის მომხრე და ნაციონალისტური პარტიების წარმომადგენელთა უდიდესი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი, რაც, როგორც რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერი აღნიშნავს გაზეთ "მოსკოუ ნიუსში" გამოქვეყნებულ სტატიაში, ხომ არ უნდა იყოს იმის მომასწავებელი, რომ მოსკოვი პოსტ-საბჭოურ სივრცეში გაბატონებას შეეცდება? მიმომხილველთა უმრავლესობა არ იზიარებს ამ ვერსიას და მიაჩნია, რომ მოსკოვს არც სამხედრო პოტენციალი აქვს და არც სათანადო სახსრები გააჩნია იმისთვის, რათა სერიოზული გამოწვევა გამოუცხადოს თავის დამოუკიდებელ მეზობლებს.

ხოლო ჟურნალ "ჯეინს სენტინალის" რედაქტორს ალექს ვატანკას მიაჩნია, რომ თუ პატარა მოლდავეთის პრეზიდენტი გაუძალიანდება მოსკოვს, როგორც ახლახან მოხდა, როცა მან დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების კრემლისეული გეგმა უარყო, ექსპანსიონისტურ ტენდენციას რუსეთის საგარეო პოლიტიკაში არ უნდა მოველოდეთ.

ცალკეული პოლიტიკოსები თანამეგობრობის ქვეყნებში დარწმუნებული არიან იმაში, რომ ვინაიდან ამჯერად კიდევ უფრო გაიზრდება პრეზიდენტ პუტინის ძალაუფლება, კრემლის პოლიტიკა ფაქტობრივად უფრო მეტად პროგნოზირებადი გახდება, რაც მისასალმებელია. ვაზგენ მანუკიანი, რომელიც ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია სომხეთში, მიიჩნევს, რომ მეტი უფლებამოსილებით აღჭურვილ პუტინთან გაძნელდება მოლაპარაკების წარმართვა [ვაზგენ მანუკიანის ხმა]: "ვფიქრობ რუსეთი უფრო მკაცრ პოლიტიკურ გეზს აიღებს ჩვენს რეგიონში. მოსკოვის ნაბიჯები რეგიონში უკეთ იქნება გათვლილი, რასაც ჩვენთვის როგორც კარგი, ასევე ცუდი შედეგები შეიძლება მოჰყვეს".

ყაზახეთის ოპოზიციური, დემოკრატიული არჩევანის მოძრაობის წარმომადგენელმა პიოტრ სვოიკმა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შემობრუნების წერტილი გახდება რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
XS
SM
MD
LG