Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საბჭო - "საქართველოში რეფორმების განხორციელებისთვის ძალისხმევის გაორმაგებაა საჭირო"


ევროკავშირის საბჭოს 8 დეკემბრის სხდომაზე კიდევ ერთხელ ითქვა

ამ გაერთიანების მხრიდან საქართველოს ახალი ლიდერების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის შესახებ და ხაზი გაესვა საქართველოში რეფორმების დაჩქარების ხელშეწყობის აუცილებლობასაც. რით არის გამოწვეული დასავლეთის და კონკრეტულად ევროკავშირის ასეთი კატეგორიული მხარდაჭერა საქართველოს ახალი ლიდერების მიმართ.

რას მოელის ევროკავშირი საქართველოს ახალი ლიდერებისგან, ანუ რატომ უჭერს მხარს მისი ყველა უწყება ორი ნეომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსულ პირებს. ამის კარგ ილუსტრაციად საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელის ელჩ - ტორბენ ჰოლცის სიტყვები გამოდგება:

[ჰოლცის ხმა]
"იმედი მაქვს ახალი ლიდერები შეძლებენ ეკონომიკის დაძვრას, დემოკრატიული პროცესების სათანადო დონეზე წარმართვას. დიახ, ევროკავშირი შეხედავს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ კონკრეტულ პიროვნებებს",

- ევროკავშირი იგივეს ელოდა საქართველოს წინა ხელისუფლებისგანაც. ბუნებრივია, ჩემს რესპონდენტ დიპლომატს სტატუსიდან გამომდინარე წინა ხელისუფლებაზე საყვედური არ უთქვამს, პირიქით - შემახსენა:

[ჰოლცის ხმა]
"შევარდნაძემ, გადადგომამდე სულ რამდენიმე კვირის წინაც კი ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ის კვლავ დაინტერესებულია საქართველოში დასავლური სტრუქტურების შემოსვლაში".

თუმცა, ერთია ინტერესი და მეორე რა შეძლო წინა ხელისუფლებამ და რას შეძლებს ახლანდელი.

ევროკავშირის საბჭოს 8 დეკემბრის სხდომის დასკვნაში წერია: "საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის, სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმირებასა და სხვა სახის რეფორმების დაუყოვნებლივ განხორციელებისთვის ევროკავშირი საჭიროდ მიიჩნევს ძალისხმევის გაორმაგებას". საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ტორბენ ჰოლცმა განმიმარტა, რომ ეს არ ნიშნავს ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების გაორმაგებას. ელჩის თანახმად, საქართველოში უკვე მუშაობს ევროკავშირის პროექტების შედეგად შექმნილი ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებისთვის რეკომენდაციებისა და კონსულტაციების მომზადებაზე მუშაობენ. მათი მიზანი საქართველოს კანონმდებლობისა და სახელმწიფო სისტემის დასავლურ სტანდარტებთან მიახლოებაა. რეკომენდაციები დღემდეც მუშავდებოდა, ეგ არის, რომ მათი ეფექტიანობა საქართველოს ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. იმავე კეთილ ნებასა და საქმეზე იქნება დამოკიდებული ევროკავშირის ზოგიერთი პროექტის გააქტიურებაც.

ევროკავშირის საბჭომ 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ევროკომისიას დაავალა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებების ადაპტაციაზე მუშაობის დაწყება. ეს პროცესი ევროკავშირის გაფართოებას უკავშირდება. როგორც იცით, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება უდევს საფუძვლად საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობასაც. ტორბენ ჰოლცის განმარტებით, დოკუმენტის ადაპტაციის პროცესი უფრო ფორმალური ცვლილება იქნება, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების რიცხვის ზრდას უკავშირდება.

რადგან ამ საკითხს შევეხეთ, კიდევ ერთხელ ვისარგებლე შემთხვევით და ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თეორიულ შესაძლებლობაზე ვკითხე. ტორბენ ჰოლცმა ასეთი განმარტება მომცა:

[ჰოლცის ხმა]
"საქართველოცა და სამხრეთი კავკასიის ქვეყნებიც ევროპის ქვეყნებად არის მიჩნეული. ამაზე არავინ კამათობს. რომის ხელშეკრულებით ამ ქვეყნებს აქვთ უფლება ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთონ. მაგრამ იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, ქვეყანამ უნდა შეასრულოს გარკვეული ეკონომიკური, სოცუალური და დემოკრატიული ვალდებულებები. მათი შეუსრულებლობის გარეშე განაცხადის გაკეთებაც წარმოუდგენელია. მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ერთ მშვენიერ დღეს საქართველო შეასრულებს ყველა მოთხოვნას და განაცხადსაც გააკეთებს, გადამწყვეტი სიტყვა იმ დროისათვის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა თქვან. ასე რომ, პრინციპში, საქართველო შეიძლება ევროკავშირის წევრი გახდეს. მაგრამ ეს არ არის საკითხი, რომელზეც ევროკავშირის ახლანდელ წევრებს ხოს, ან არას თქმა შეუძლიათ".
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG