Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ულტრანაციონალიზმის ეშინიათ


ამ დღეებში, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით, ცხინვალში გაიმართა ოს და ქართველ ჟურნალისტთა კონფერენცია, რომელიც საქართველოში

შექმნილ მდგომარეობას მიეძღვნა. კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, საგამომცემლო სახლ "მთავარი გაზეთის" ხელმძღვანელი მარინე სალუქვაძე აღნიშნავს, რომ ქართულ-ოსურმა კონფერენციამ დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა.

ოსი ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, რომ "ხავერდოვანმა რევოლუციამ" საქართველოს ხელისუფლებაში ულტრანაციონალისტები მოიყვანა... არადა, თუნდაც აჭარისგან განსხვავებით, ცხინვალი საინფორმაციო ვაკუუმში არ იმყოფება. აქ ვრცელდება ქართული პრესა, აქ უყურებენ ქართულ ტელეგადაცემებს, ე.ი. ხედავენ, რომ საქართველოში არავინ აპირებს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის "დალაშქვრას"... მიუხედავად ამისა, 23 ნოემბრიდან ცხინვალის მისადგომებზე საპასპორტო რეჟიმი გამკაცრებულია და, მართალია, ქართველმა ჟურნალისტებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ კონფერენციაში "ჟურნალისტები მშვიდობისათვის", ეს საზღვარი გადალახეს, ცხინვალში კოლეგები მათ საკმაოდ აგრესიულად შეხვდნენ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და საინფორმაციო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირინა გაგლოევამ თბილისელ სტუმრებს პირდაპირ განუცხადა, რომ ვერ ხედავს ამ კონფერენციის ჩატარების აუცილებლობას. "ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას და ვდგავართ თქვენგან სრულიად განსხვავებულ პოზიციაზე", - აღნიშნა პრესის ჩინოვნიკმა. როგორც ჩვენთან საუბარში მარინე სალუქვაძემ აღნიშნა:

[მარინა სალუქვაძის ხმა] "ისეთი ტონი ჰქონდათ, თითქოს ჩვენ ვიმყოფებოდით თათბირზე. მეტ-ნაკლებად მოთმინებით გადავიტანეთ ეს და შემდეგ ავუხსენით, რომ იმიტომ ჩამოვედით ცხინვალში, რომ გვსურს კონტაქტების დამყარება…. ხომ შეიძლება არ შევეხოთ პოლიტიკას, შევეხოთ სოციალურ, კულტურულ საკითხებს… თუნდაც გზების მდგომარეობას… პრაქტიკულად, გვითხრეს, ჩვენ ასეთი ინფორმაციის მიწოდებას ვერ შევძლებთო."


ქართველი ჟურნალისტები განზოგადებას ერიდებიან: მათ სჯერათ, რომ შეხვედრაში მონაწილე ოსი ჟურნალისტები ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის პოზიციას არ გამოხატავენ. თუნდაც იმიტომ, რომ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში პრაქტიკულად არ არსებობს თავისუფალი პრესა:


[მარინა სალუქვაძის ხმა] "ისახება ისეთი მდგომარეობა, რომ დამოუკიდებელი პრესა არა მარტო არ არსებობს, არამედ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა - ესაა ნეგატიური მხარე… პოზიტივი ისაა, რომ შეხვედრა ადამიანებს შორის მოხდა… ბევრ რამეზე შევთანხმდით - შევთანხმდით, რომ თუნდაც ინფორმაციულ დონეზე შეიძლება კონტაქტის ქონა, ინტერვიუების დონეზე, რომელიც იქნება შეთანხმებული."

"შეთანხმებული", რა თქმა უნდა, ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებასთან, რომელიც, მართალია, ამტკიცებს, რომ ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, "ოსებს არ ეხებათ", ამავე დროს, არ მალავს შეშფოთებას საქართველოში შექმნილი მდგომარეობით და ყურადღებით ადევნებს თვალყურს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. არ არსებობს იმის გარანტია, რომ ოს ჟურნალისტებს, რომლებიც თბილისში ჩამოვლენ და თავად იხილავენ, თუ რა ხდება საქართველოში რევოლუციის შემდეგ, ცხინვალში დაბრუნების შემდეგ ობიექტური ინფორმაციის გავრცელების საშუალება ექნებათ. მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი პრესის არარსებობის პირობებშიც კი ადამიანთა კონტაქტებს წინ ვერავინ აღუდგება. მთავარი ისაა, რომ ასეთი კონტაქტების სურვილი რეალურად არსებობს:


[მარინა სალუქვაძის ხმა] "ოს ჟურნალისტებს სურთ გაიგონ, შეუძლიათ თუ არა თბილისში ჩამოსვლა, პრეზიდენტის კანდიდატებთან შეხვედრა… ჟურნალისტებს აქვთ ჩვენთან კონტაქტის სურვილი, მაგრამ მაინც შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეშინიათ - "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, საერთოდ არ იციან, რა იქნება."

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ რა იქნება - დაზუსტებით არც თბილისში იციან. მაგრამ "მომავლის შიში" კონსტრუქციული დიალოგის საშუალებასაც იძლევა. ცხინვალი "ვარდების რევოლუციას" ემიჯნება, მაგრამ ვერ ემიჯნება საქართველოს. ცხინვალში იმას მაინც არ უარყოფენ, რომ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა საქართველოს რესპუბლიკის მეზობელია.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG