Accessibility links

logo-print

მესამე სექტორი და ეკონომიკური ექსპერტები ახალ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიიღოს ეკონომიკური გადაწყვეტილებები


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების ჯგუფი, საქართველოს ეკონომიკის კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით,

ქვეყნის ახალ ხელისუფლებას წინადადებებსა და ღონისძიებათა კომპლექსის განხორციელებას სთავაზობს. ექსპერტები ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული ქმედებებისაკენ, რამაც ქვეყანაში ბიზნესგარემოს რადიკალური გაუმჯობესება უნდა მოახდინოს.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლების, საზოგადოების, ბიზნესმენებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სახელზე სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა მათ მიერ შეთავაზებული წინადადებები გაიზიაროს და დაუყოვნებლივ შეუდგეს მათ განხორციელებას, ანუ სასწრაფოდ დაიწყოს ფართო კონსულტაციები ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის კონკრეტული პროგრამის შესაქმნელად.

მიმართვის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ახლად ჩამოყალიბებული პოლიტიკური რეალობა ძალების გადაადგილებას იწვევს არა მარტო პოლიტიკურ არენაზე, არამედ სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურებშიც და, ამასთანავე, ცვლის ბიზნესმენებისა და ეკონომიკური აგენტების სამოქმედო არეალს. ბოლო მიმართვამდე ცოტა ხნით ადრე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და ექსპერტმა გარკვეული შეშფოთება გამოთქვა ამჟამინდელი ხელისუფლების "ქაოტური საკადრო" გადაწყვეტილებების გამო. ექსპერტები შიშობენ, რომ ახალ მთავრობას არა აქვს წარმოდგენილი სამოქმედო პროგრამა.

ეკონომისტები ასევე ფიქრობენ, რომ მოქმედმა მთავრობამ ხელაღებით არ უნდა უარყოს ქვეყანაში აქამდე არსებული ეკონომიკური პროგრამები, - მაგალითად, "სიღარიბის დაძლევის პროგრამა", - თუმცა ვერც ეს დოკუმენტი იქნება სრულყოფილი და, თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით, მისი კორექტირება უნდა მოხდეს.

მესამე სექტორისა და ექსპერტების ინიციატივა, ფაქტობრივად, არის დიალოგისკენ მოწოდების ფორმა, რათა ხელისუფლებამ დროულად მოახდინოს თავისი სამოქმედო პროგრამის ფორმულირება. ამ ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, ეკონომიკური ექსპერტის ნიკო ორველაშვილის აზრით:

[ორველაშვილის ხმა] "ერთმანეთისაგან მოწყვეტით ხელისუფლებისა და საზოგადოების აქტივობა მოკლებული იქნება იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდა ვიხილოთ. შესაბამისად, ჩვენი მიმართვა არის მცდელობა იმისა, რომ რამენაირად დაიწყოს მოძრაობა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის არსებული ტრადიციული ხიდჩატეხილობის პრობლემის აღმოსაფხვრელად. "

ექსპერტები ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ხელშეწყობის მიზნით, 2004 წლის იანვრიდან 2005 წლის აპრილამდე განსახორციელებელ პირველი რიგის ღონისძიებებს აქვეყნებენ.
ექსპერტთა აზრით, აუცილებელია ახალი საგადასახადო კოდექსის მეორე და მესამე მოსმენით მიღება და ამოქმედება. ამისთვის აუცილებელია გეგმის შედგენა და განხორციელება, საგადასახადო ადმინისტრაციის რეფორმირება, საკუთრების უფლების დაცვის გარანტიებისა და მექანიზმების განმტკიცება, გადასახადების გადამხდელთა საყოველთაო იდენტიფიცირების ერთიანი პროგრამის განხორციელება.
XS
SM
MD
LG