Accessibility links

logo-print

რუსეთში ჩატარებულმა არჩევნებმა საბოლოოდ დაამსხვრია მითი ორი რუსეთის არსებობის შესახებ


იმას, რასაც დასავლელი ანალიტიკოსები უკან, საშინელი წარსულისკენ, გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ, პუტინი დემოკრატიისკენ წინსვლად აფასებს - ვგულისხმობთ რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს,

რომლის შედეგსაც თავად რუსები უწოდებენ ნაციონალ-სოციალისტების გამარჯვებას. რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში კრემლის ბიუროკრატიამ გაიმარჯვა, კომუნისტებთან ერთად. ამ ფაქტმა საქართველოში საბოლოოდ დაამსხვრია მითი ორი რუსეთის არსებობის შესახებ. საქართველოს ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკოსთა ახალგაზრდა თაობას ერთ რუსეთთან, პუტინის რუსეთთან, მართებს ურთიერთობის აწყობა ისე, როგორც თანასწორობის პრინციპს შეეფერება. როგორ აფასებენ საქართველოში რუსეთის საპარლამენტო არჩევნების, ცოტა არ იყოს, საშიშ შედეგებს?

რუსეთში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ორი - ავი და ნაკლებად ავი - რუსეთის შესახებ მითი ისე დაამსხვრია, რომ რუსული საფრთხის შემაკავებელი მისიით ერთადერთი რუსი, ვლადიმირ პუტინი, აღჭურვა. რუსეთში ნაციონალ-სოციალისტებმა გაიმარჯვეს, რაც, თავისთავად, რუსეთის საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას მოასწავებს. ქართველ ექსპერტებს იმისღა ეიმედებათ, რომ რუსეთში ყველაფერს მაინც პუტინი და პუტინის პარტია წყვეტს და არა დუმა. პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელის თქმით, რუსეთის ახალი დუმა მაინც მედოლედ დარჩება, კრემლი კი -მოცეკვავედ.

[ალექსანდრე რონდელის ხმა] "როცა ბაბურინია დუმაში და რაგოზინისნაირი ავანტიურისტები, ბუნებრივია, კარგი არაფერი იქნება. კიდევ კარგი, რომ დუმა არ წყვეტს ყველაფერს, თუმცა რაღაცას წყვეტს. ამიტომ რუსეთი უფრო საშიში ხდება, ვიდრე იყო. როცა ჩუბაისი ამბობს, ნაციონალ-სოციალისტებმა გაიმარჯვესო, კომენტარი ზედმეტია. მთავარი მაინც ის არის, რომ პუტინი პუტინია და ერთი პარტია მართავს რუსეთს. დუმა მაინც მედოლე იქნება, ცეკვით კი იცეკვებს კრემლი და პუტინის პარტია. "

ალექსანდრე რონდელი რუსეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საშიშად მიიჩნევს, თუმცა, მისი აზრით, ეს საშიშროება სრულიად ბუნებრივად აღმოცენდა. მართლაც, გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს, რომ რუსებმა, რომლებიც ასე განიცდიან დიდი რუსეთის ნგრევას, რომლებსაც "დიდი რუსეთისგან" დარჩენილი რუსეთის კიდევ უფრო შეკვეცის ეშინიათ და რომელთათვისაც ნომერ პირველი პრობლემა ნარკომანიაა, ხმა მისცეს ძალას, რომელიც ძლიერ რუსეთს დაჰპირდა. ეს არჩევანი უკვე შეაფასეს საქართველოს ხელისუფლებაში დაწინაურებულმა ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა - ადამიანებმა, რომლებმაც უნდა დაუმტკიცონ ხალხს, რომ რუსული საფრთხის განეიტრალება შეუძლიათ. ზურაბ ჟვანიამ პუტინის "ედინაია რასიას" ტრიუმფს შთამბეჭდავი უწოდა. ჟვანია ვარაუდობს, რომ ამის შემდეგ პუტინი ხელისუფლებას კიდევ უფრო გაიმყარებს. ასევე ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტობის ერთადერთი რეალური კანდიდატი მიხეილ სააკაშვილიც. მისთვის რუსეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შთამბეჭდავი იმდენადაა, რამდენადაც ამ შედეგებმა ევრაზიულ სივრცეში საქართველო ერთადერ ნათელ წერტილად წარმოაჩინა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] " საქართველო რჩება ერთადერთ ნათელ წერტილად მთელ ევრაზიულ სივრცეში და ეს ჩვენთვის ახალი უპირატესობაა. მეორე მხრივ, პუტინის გაძლიერება ერთი რამით არის კარგი: ჩვენ გვეცოდინება, ვისთან გვაქვს საქმე. გვეცოდინება, რომ არსებობს ერთი რუსეთი და ამ ერთი რუსეთის ხელმძღვანელს უნდა მოველაპარაკოთ, ოღონდ - როგორც სახელმწიფო სახელმწიფოს. ჩვენ მას უნდა დავანახვოთ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და არა უბრალო ტერიტორია, სადაც ყველას შეუძლია შემოვიდეს, გავიდეს, თვითმფრინავით გადაუფრინოს და რაღაც პროვოკაციები მოაწყოს. "

ნათქვამის რეალიზაციისთვის ქმედებების დაწყება სააკაშვილს 4 იანვრის არჩევნების შემდეგ მოუწევს. მას და მის თანამებრძოლებს ალექსანდრე რონდელი, პირველ რიგში, რუსეთთან თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოებას ურჩევს. თანმიმდევრულს იმის გათვალისწინებით, რომ უნდა შეძლონ რუსეთიდან მომავალი საფრთხის მინიმალიზება და, ამავდროულად, არ უნდა დათმონ მთავარი ინტერესები. ამის გაკეთება საკმაოდ რთული იქნება, თუმცა "ვარდების რევოლუციის" გმირებს ხალხმა მხარდაჭერა სწორედ ამ რთული ამოცანის გადაჭრის იმედით გამოუცხადა.
XS
SM
MD
LG