Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა დანაშაულში ამხელს ლევან მამალაძეს თუ მის პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი


სამართალდამცავმა ორგანოებმა, ისევე როგორც მთლიანად ახალმა ხელისუფლებამ, ყოველდღიური მუშაობის წესად აქცია საინფორმაციო ბრიფინგების მოწყობა, რომელიც სხვადასხვა ტელეარხებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

როგორც ჩანს, ამ გზით ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ ქვეყნის დაქცევაში დამნაშავე პირებს დაუძინებლად ებრძვის. თუმცა ამ კამპანიას, დადებითთან ერთად, აქვს უარყოფითი მხარეც, კერძოდ კი, ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში უდანაშაულობის პრეზუმპცია ირღვევა.

ქართული ოქროს წარმოებით პროკურატურა ადრეც დაინტერესდა, დამნაშავეებიც დაისაჯნენ, თუმცა მაშინ საჯაროდ გაცხადდა, ქვემო ქართლის - ახლა უკვე ყოფილი - გუბერნატორი, პრეზიდენტ შევარდნაძის ერთ-ერთი აქტიური თანამებრძოლი ლევან მამალაძე ამ საქმეში სუფთააო. ახლა, ხელისუფლების შეცვლისთანავე, იმავე პროკურატურამ, იმავე საქმის გამოძიება კვლავ განაახლა და აცხადებს, რომ ადრე საქმის გამოძიება ხელისუფლების ზეწოლით წარიმართა. მამალაძის თანამებრძოლი პარლამენტარი გელა კვარაცხელია ფიქრობს, რომ ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს პოლიტიკური ნიშნის მიხედვით დევნიან.

[გელა კვარაცხელიას ხმა] "მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. ვიღაცას სჭირდება, რომ დღეს საქართველოში სამართლიანობის იმიჯი შეიქმნას. და მინდა ვთქვა, რომ თუ პოლიტიკური დაკვეთის ნიშნით ამ პროკურატურამ თქვა უარი ერთხელ ამ საქმეების სამართლიანად ბოლომდე მიყვანაზე, მე რატომღაც არ მგონია, რომ პოლიტიკური დაკვეთით სხვა შემთხვევაში ისინი სამართლიანად გადაწყვეტენ ამ საკითხს."(სტილი დაცულია)

გელა კვარაცხელიას ცნობით, ადვოკატი, რომელიც მამალაძის ინტერესებს იცავს, გენერალურმა პროკურატურამ ჯერაც არ დაუშვა საქმის გასაცნობად. არადა, ამ დროს, თითქმის ყოველდღიურად აცხადებენ პროკურატურის წარმომადგენლები, რომ მამალაძეს დაკითხავენ, მამალაძე ოქროს 27 ზოდის უკანონოდ გაყიდვის მონაწილეაო და ასე შემდეგ. მე დავუკავშირდი ირაკლი მელაშვილს, რომელიც ქართული ოქროს წარმოების ლობისტი იყო, სანამ ამ საწარმოდან სხვადასსხვა ძალებმა ავსტრალიელი ინვესტორები არ გააძევეს. მელაშვილის თქმით, ინვესტორების ჩამოშორებაში ლევან მამალაძეს დიდი წვლილი მიუძღვის. სწორედ იმჟამინდელი გუბერნატორი ლობირებდა იმ ხალხს, რომელიც ავსტრალიელთა გაძევების შემდეგ დღემდე მართავდა სპილენძისა და ოქროს საწარმოებს. ეს არც თავად მამალაძეს დაუმალავს არც საჯარო გამოსვლებში და არც მთავრობის სხდომებზე. ამისდა მიუხედავად, მაშინ პროკურატურა დუმდა. ირაკლი მელაშვილის განცხადებით, პროკურატურა სწორედ პოლიტიკურ დაკვეთას ელოდებოდა.

[ირაკლი მელაშვილის ხმა] "მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ქვეყანაში არის პოლიტიკური შეკვეთა იმაზე, ვინც ეწეოდა უკანონო ბიზნესს და უკანონო საქმიანობას, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ ამან არ უნდა მიიღოს პოლიტიკური ოპონენტების დევნის სახე."

არადა, მამალაძისა და სხვების წინააღმდეგ პროკურატურის მიერ წამოწყებული კამპანია, მართლაც, წააგავს პოლიტიკური ოპონენტების დევნას. დამნაშავეთა გამოვლენა, მათი ბრალეულობის დამტკიცება და დაკავება წინასწარი განცხადებებისა და პრესკონფერენციების გარეშე შეიძლება წარიმართოს, მით უმეტეს, ისეთი ორგანოს მიერ, როგორიც პროკურატურაა, რომელიც მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს დაუსაბუთებლად არავის რეპუტაცია არ შელახოს და უდანაშაულობის პრეზუმპცია დაიცვას.
XS
SM
MD
LG