Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარაში მცხოვრებ მოქალაქეებს რუსეთი შეღავათიან სავიზო რეჟიმს უწესებს


დავით პაიჭაძე, თბილისი 9 დეკემბრიდან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შემოიღო რუსეთში შესვლისა და რუსეთიდან გასვლის გამარტივებული წესი აჭარაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის.

სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ეს ნაბიჯი მოტივირებულია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის თანდათანობითი შერბილების ხაზითა და მოცემული პრობლემის ჰუმანიტარული ასპექტის გათვალისწინებით. ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, გამარტივებული წესის შემოღება დროებით საფუძველზე ხდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწვავედ გამოეხმაურა რუსეთის გადაწყვეტილებას და საგანგებო ნოტაში ამ ნაბიჯს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა უწოდა. რას ნიშნავს და რეალურად როგორ შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული სავიზო რეჟიმი აჭარაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის?

საქართველოს რეაქცია რუსეთის ამ ნაბიჯზე ნაირგვარად გამოხატეს ოფიციალურმა პირებმა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ უარი თქვა 10 დეკემბერს აჭარაში გამგზავრებაზე, რასაც იგი საპრეზიდენტო არჩევნების გამო ასლან აბაშიძესთან მოსალაპარაკებლად აპირებდა. მკაცრად გამოეხმაურა გამარტივებულ სავიზო რეჟიმს საქართველოს ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე. სავარაუდოა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტას რუსეთის საგარეო უწყება უპასუხოდ დატოვებს.

საკითხავი მაინც ის არის, როგორ მოხდება რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე აჭარაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირება? აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი თბილისში, ჰამლეტ ჭიპაშვილი, აცხადებს, რომ არ არსებობს არავითარი დოკუმენტი, რომელიც განმარტავდა, რას ნიშნავს გამარტივებული სავიზო რეჟიმი. ოფიციალური საბუთი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების გარდა, არა აქვს არავის, თბილისში რუსეთის საელჩოს საკონსულო სამსახურსაც კი.

[ჭიპაშვილის ხმა] "რას ნიშნავს გამარტივებული სავიზო რეჟიმი? მე როგორც მითხრეს, ვთქვათ, ვაკეთებ განაცხადს მოსკოვში თვითმფრინავით გაფრენაზე 24 საათით ადრე. ვიღებ ბილეთს, ჩავდივარ მოსკოვში და იქ მაძლევენ ვიზას. ეს არის გამარტივებული რეჟიმი."

ჰამლეტ ჭიპაშვილი აღნიშნავს, რომ ასეთი რეჟიმის არსებობისას დეტალურად უნდა იყოს განსაზღვრული სავიზო ტარიფებიც. თუმცა საკითხი უფრო სერიოზულად დგას, მაგრამ აჭარის წარმომადგენელი საუბრისგან თავს იკავებს.

ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეს პასპორტში არ უწერია, რომელ რეგიონშია ის დარეგისტრირებული. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს გზები დადგინდეს, ვინ ცხოვრობს აჭარაში და ვინ - არა. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი ორ ასეთ გზას ხედავს:

[ბერძენიშვილის ხმა] "ვისაც ძველი საბჭოთა პასპორტი აქვს, იქ არის მისამართი და "ჩაწერის" ადგილი ფიქსირებული. ვისაც ქართული პასპორტი აქვს, ალბათ, წარადგენს პირადობის მოწმობის ნოტარიალურად დამოწმებულ ასლსა და რუსულ თარგმანს."

მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რას მოიცავს რუსეთის მიერ 9 დეკემბრიდან შემოღებული გამარტივებული წესები აჭარისათვის. პირად საუბარში საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები რუსეთის ამ ნაბიჯს მოუმზადებელ და არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG