Accessibility links

logo-print

ახალი ხელისუფლების ტაქტიკა ეროვნული თანხმობის მისაღწევად


საქართველოს გარდამავალი ხელისუფლება 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების შედეგად დამხობილი ეროვნული ხელისუფლების მომხრეთა შემორიგების ახალი ინიციატივით გამოდის:

თუ ედუარდ შევარდნაძის დროს ე.წ. "ზვიადისტების" შერიგება მათი ციხეებიდან გამოყვანით მთავრდებოდა, გარდამავალი ხელისუფლება მზარ არის პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეები ქვეყნის მართვის საქმეებშიც აქტიურად ჩააბას. სწორედ ამ მიზნით, ედუარდ შევარდნაძის ტერაქტში ბრალდებული ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ფინანსთა მინისტრი გურამ აბსანძე სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და მას ეროვნული თანხმობის სპეციალური კომისიის ხელმძღვანელობა დაეკისრა.

ედუარდ შევარდნაძემ ეროვნული თანხმობის იდეა სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ წამოაყენა და იგი თავდაპირველად საპატიმროებიდან ზვიად გამსახურდიას მომხრე გვარდიელების გათავისუფლებას ისახავდა მიზნად. მოგვიანებით შერიგება იმ სისხლის სამართლის დანაშაულზე მსჯავრდებულ პოლიტიკურ მოღვაწეებსაც შეეხოთ. ფინანსთა ექს-მინისტრი გურამ აბსანძე, რომელიც გარდამავალმა ხელისუფლებამ ეროვნული თანხმობის დარგში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დანიშნა, შეწყალებულ პოლიტიკურ მოღვაწეთა რიცხვს ეკუთვნის. ამ დანიშვნის ერთ-ერთი ინიციატორი, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში უნდა დამთავრდეს ადამიანების დაყოფა შევარდნაძისტებად და ზვიადისტებად და ყველა ნიჭიერ პიროვნებას უნდა მიეცეს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის უფლება.

[სააკაშვილის ხმა]

აღსანიშნავია, რომ მთელი 12 წლის მანძილზე, რაც თბილისის ომის დაწყების დროიდან გავიდა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მთავრობის წევრი მაღალ სახელმწიფოებრივ პოსტს იკავებს. თუმცა ეროვნული თანხმობის პროცესისადმი შევარდნაძისა და გარდამავალი ხელისუფლების მიდგომებში თავად გურამ აბსანძე უფრო ძირეულ განსხვავებას ხედავს:

[გურამ აბსანძის ხმა]


ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ეროვნული თანხმობის პროცესმა დატოვა, შეწყალებულ პირთა სოციალურ რეაბილიტაციაში მდგომარეობს. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ელენე თევდორაძის თქმით, ხელისუფლება, რომელიც ხელს აწერდა ამნისტიის აქტებს, შემდეგ აღარასოდეს დაინტერესებულა შეწყალებულთა ბედით.

[ელენე თევდორაძის ხმა]

შესაბამისად, გარდამავალი ხელისუფლების წინაშე კიდევ უფრო რთული პრობლემა დგას - მან სამეგრელოს ტყეებიდან უნდა გამოიყვანოს და შემოირიგოს 50-მდე შეიარაღებული "ზვიადისტი" და ჩააბას ისინი საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში ყველა იმ ადრე შეწყალებულ ადამიანთან ერთად, რომელთა უმრავლესობა კვლავ ბედის ანაბარად არის მიტოვებული.
XS
SM
MD
LG